პოლიციამ თსუ-სთან მიმდინარე საპროტესტო აქცია დაშალა - ბოლო ცნობები

პოლიციამ თსუ-სთან მიმდინარე საპროტესტო აქცია დაშალა - ბოლო ცნობები

სამართალდამცველებმა ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქცია ძალის გამოყენებით დაშალეს. მანამდე, შსს-ის წარმომადგენლებმა დემონსტრაციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს ტერიტორიის გასათავისუფლებლად 15 წუთი მისცეს. დაშლის შემდეგ, აქციის ორგანიზატორთა და მონაწილეთა ნაწილმა მელიქიშვილის გამზირზე გადაინაცვლა.

საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნით, ოპოზიციამ 24-საათიანი უწყვეტი აქცია 17 ნოემბერს დაიწყო. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან, აქციის მონაწილეებმა კარვები გაშალეს და დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი სატრანსპორტო ტერიტორიის პარალიზება მოახერხეს. პიკეტირებამდე აქციას მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

სამართალდამცველებმა აქციის დაშლა დღეს, დაახლოებით დილით 9 საათისთვის, უწყვეტი აქციის დაანონსებიდან 24 საათის გასვლის შემდეგ დაიწყეს. აქციის დაშლამდე, შსს-მ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება არ მოიცავს ავტოსაგზაო მოძრაობისა და მოქალაქეთა ცხოვრების ჩვეული რიტმის მიზანმიმართული შეფერხების უფლებას. შსს-მ დემონსტრანტებსა და ორგანიზატორებს პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დამორჩილებისკენ მოუწოდა.

„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქართველოს კანონმდებლობით დაცულია შეკრება-მანიფესტაციისა და გამოხატვის უფლება. ამავდროულად, საქართველოს კანონმდებლობა ადგენს შეკრება-მანიფესტაციის უფლების რეალიზების სამართლებრივ რეგულირებას, რათა დაცული იყოს სხვა პირთა უფლებები, საზოგადოებრივი უსაფრთხოება, უზრუნველყოფილი იყოს სხვადასხვა ორგანიზაციის გამართული ფუნქციონირება და ტრანსპორტის ნორმალური მუშაობა“, – ვკითხულობთ განცხადებაში. შსს-ის წარმომადგენლებმა განცხადება ჭავჭავაძის გამზირზე შეკრებილ მომიტინგეებსაც გააცნეს.

ჭავჭავაძეზე აქციის დაშლის ფაქტს გამოეხმაურა ომბუდსმენიც. სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, „აქცია იყო მშვიდობიანი და ჯდებოდა შეკრების თავისუფლების სტანდარტებში“. ომბუდსმენის შეფასებით, მოქალაქეებზე პოლიციის მხრიდან შესაძლოა ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას თუ ძალის გადამეტების ფაქტებს. ლევან იოსელიანის ოფისმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდა უზრუნველყოს აქციის მონაწილეთა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება და ხელი არ შეუშალონ ჟურნალისტებს საქმიანობის განხორციელებაში.

ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე განაცხადი გაავრცელა მედიაომბუდსმენმაც. მისი ინფორმაციით, ჟურნალისტური საქმიანობის შესრულების პროცესში დააკავეს მთავარი არხის ოპერატორი სერგი ბარამიძე, ასევე სამართალდამცველებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს „პუბლიკას“ ჟურნალისტს მინდია გაბაძეს და საქმიანობაში ხელს უშლიდნენ „ნეტგაზეთის“ კორესპონდენტს გივი ავალიანსა და OC Media-ს ჟურნალისტს მარიამ ნიკურაძეს.

ცნობისთვის, აქციის დაშლის დროს სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი დააკავეს. მათ შორის, მედიის ცნობით, არის „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი მანუჩარ ჩაჩანიძე, ხოლო პარტია „ახალის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ნიკა კვიტატიანი მიღებული დაზიანებების გამო კლინიკაშია გადაყვანილი.

ფოტო: „ახალი“