პოლონეთი $24 მილიარდის ღირებულების სამხედრო ტექნიკასა და აღჭურვილობას შეიძენს

პოლონეთი $24 მილიარდის ღირებულების სამხედრო ტექნიკასა და აღჭურვილობას შეიძენს

უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და რეგიონში არსებული დაძაბულობის ფონზე პოლონეთმა საკუთარი სამხედრო-თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანამ დამატებით $24 მილიარდის ღირებულების სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა შეუკვეთა.

საინფორმაციო სააგენტო PAP-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღების შეკვეთის ახალ პაკეტს ხელი თავდაცვის ინდუსტრიის საერთაშორისო გამოფენაზე პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა მოაწერა. პოლონეთი პარტნიორებისაგან დამატებით ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს, ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემებსა და დრონებს შეიძენს.

უფრო კონკრეტულად, საუბარია ამერიკული Patriot-ის ტიპის საშუალო მანძილზე მოქმედი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემის 48 ახალ ბატარეაზე, Narew-ს ტიპის მოკლე მანძილზე მოქმედი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის კომპონენტებსა და 1,700 ერთეულ პოლონური წარმოების FlyEye დრონების შეძენაზე.

თავდაცვის ახალი პაკეტის ხელმოწერის ცერემონიაზე ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ პოლონეთი წარმატებით აშენებს მრავალი შრის მქონე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემას, რომელიც გათვლილი იქნება როგორც გამანადგურებლებისა და მოიერიშეებისაგან, ასევე სარაკეტო თავდასხმებისგან თავდასაცავად.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამაც და აღნიშნა, რომ შეიარაღების მიღების შემდეგ პოლონეთს ევროპაში საუკეთესო ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის შესაძლებლობები ექნება.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ აშშ-მა პოლონეთისთვის 96 ერთეული AH-64E Apache-ის ტიპის დამრტყმელი შვეულმფრენების $12 მილიარდად მიყიდვასაც მწვანე შუქი აუნთო, რაც ქვეყნის სამხედრო-საჰაერო ძალების შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.