Volkswagen-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰერბერტ დისმა დაკავებული თანამდებობა დატოვა. გერმანული ავტომწარმოებლის ამბიციური გეგმების ფონზე, მისი წასვლა მოულოდნელი აღმოჩნდა. მოგეხსენებათ, Volkswagen-ი უახლოესი ათწლეულის განმავლობაში გაყიდვებსა თუ ინოვაციებში კონკურენტების დაჯაბნას აპირებს. თუმცა, როგორც ჩანს, კომპანიას ამ მიზნების განხორციელება ახალ აღმასრულებელ დირექტორთან ერთად მოუწევს.
ჰერბერტ დისის ადგილი ინდუსტრიაში ასევე საკმაოდ გამოცდილმა მენეჯერმა, Porsche-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ოლივერ ბლუმმა დაიკავა. ამიერიდან ოლივერი ორივე ავტომწარმოებელს უხელმძღვანელებს. მის წინაშე უამრავი გამოწვევა დგას.
Porsche-ს წელს დაგეგმილი IPO-დან დაწყებული, პროგრამული უზრუნველყოფის დანაყოფში არსებული პრობლემების გადაწყვეტით გაგრძელებული და Tesla-სთან კონკურენციით დამთავრებული – ყველა გამოწვევის აღმოფხვრა უკვე ოლივერ ბლუმის პასუხისმგებლობა იქნება.
მიუხედავად იმისა, რომ Volkswagen-ის მილიარდერმა მფლობელებმა ჰერბერტ დისი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს, მათ მისი აგრესიული სტრატეგიები მაინც მოსწონდათ. ახლა კი ოლივერ ბლუმმა უნდა გადაწყვიტოს, თუ როგორ განავითაროს მსოფლიოს მეორე ყველაზე მსხვილი ავტომწარმოებელი.
ოლივერ ბლუმის წინაშე არსებული ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა წელს დაგეგმილი Porsche-ს IPO გახლავთ. პოტენციურად ევროპის ყველაზე უმსხვილესი IPO-დან წარუმატებლობამდე სულ რაღაც ერთი ნაბიჯია. ოლივერ ბლუმმა კი უნდა შეაფასოს, რამდენად დიდ გავლენას იქონიებს რეცესიის რისკები, გეოპოლიტიკური ვითარება თუ ენერგოხარჯების ზრდა Porsche-ს IPO-ზე.
კიდევ ერთი უმთავრესი პრობლემა პროგრამული უზრუნველყოფის დანაყოფში არსებული ვითარებაა. ტექნოლოგიური ჩამორჩენა, სტრატეგიული ჩავარდნა თუ დედლაინების გადაწევა იმ პრობლემებს წარმოადგენს, რომელთა აღმოფხვრაც ოლივერ ბლუმს მოუწევს. მოგეხსენებათ, Volkswagen-ის მიზანს დამოუკიდებელი, საკუთარი პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა წარმოადგენს. მიზნის მიღწევის შემთხვევაში, ამან კომპანიას მომდევნო წლების განმავლობაში შესაძლოა, უდიდესი შემოსავალი მოუტანოს.
ამერიკულ ბაზარზე პოზიციების გამყარება ოლივერ ბლუმის კიდევ ერთი გამოწვევა იქნება. გერმანული ავტომწარმოებელი როგორც იქნა ამერიკულ ბაზარზე მოგებაზე გავიდა. თუმცა, Toyota-სთან, General Motors-თან და Ford-თან ჩამორჩენა ჯერჯერობით მაინც დიდია. შესაბამისად, გარკვეული ნაბიჯების გადადგმა ამ ჩამორჩენის აღმოსაფხვრელადაც აუცილებელი იქნება. ამასთანავე, Volkswagen-ი უპირატესობას კარგავს მისთვის ყველაზე დიდ ბაზარზე, ჩინეთშიც. კოვიდრეგულაციების, ჩიპების დეფიციტისა თუ ციფრული ფუნქციების ნაკლებობის გამო ჩინეთის ბაზრის წილი Volkswagen-ის გაყიდვებში ნელ-ნელა მცირდება.
მსოფლიოში არსებული ელექტრომობილების ბუმის ფონზე კი, გერმანული ავტომწარმოებლისათვის ყველაზე დიდი გამოწვევა Tesla-სთვის კონკურენციის გაწევა იქნება. მიწოდების ჯაჭვის პრობლემების მიუხედავად, ამერიკული ელექტრომობილების მწარმოებელი მსოფლიოს ყველა ბაზარზე უპირატესობის მოპოვებას განაგრძობს. შესაბამისად, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახალი აღმასრულებელი დირექტორის წარმატების საზომი სწორედ Tesla-სთან მეტოქეობაში გამოკვეთილი ტენდენციები იქნება.