პრეზიდენტი სებ-ის საბჭოს წევრებად ხომერიკისა და ყეინიშვილის წარდგენაზე უარს აცხადებს

პრეზიდენტი სებ-ის საბჭოს წევრებად ხომერიკისა და ყეინიშვილის წარდგენაზე უარს აცხადებს

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივან გიორგი მსხილაძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი ეროვნული ბანკის გარშემო შექმნილი ვითარების გარკვევამდე, საბჭოს წევრებს არ წარადგენს. გადაწყვეტილება მსხილაძემ დარგობრივი ეკონომიკისა და საფინანსო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გაჟღერა.

“ბოლო 2 დღის განმავლობაში ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენების შემდეგ, პრეზიდენტს არ მიაჩნია, რომ არსებულ ვითარებაში, როცა არ არის ნათელი, ეროვნული ბანკი ქართველ ხალხს თუ კონკრეტულ პირებს ემსახურება, ამ ვითარებაში წარმოადგინოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის კანდიდატები, შესაბამისად, კანდიდატებიც არ არიან კომიტეტზე წარმოდგენილი. აღნიშნულ ვითარებაში, სანამ არ გაირკვევა ეროვნული ბანკის გარშემო სიტუაცია, ჩვენ უარს ვაცხადებთ კანდიდატურების წარმოდგენაზე“, – აცხადებს მსხილაძე.

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის 2 ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად ნანა ყეინიშვილისა და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურები 14 სექტემბერს წარუდგინა. დღევანდელ სხდომაზე არცერთი მათგანი არ გამოცხადებულა. სხდომაზე მსხილაძის მიერ გაკეთებული განცხადებითვე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის 2023 წლის 19 სექტემბრის ბრძანებულების გაუქმებამდე, კანდიდატების წარდგენა მიზანშეუწონლად მიაჩნიათ.

შეგახსენებთ, რომ ეროვნულმა ბანკმა ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების შემდეგ გამონაკლისი ბრძანება გამოსცა და სანქციათა რეჟიმის შესრულების წესში ცვლილება შეიტანა. სებ-ის ბრძანებით, საქართველოს მოქალაქეზე საერთაშორისო სანქციები მხოლოდ საქართველოს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში აღსრულდება.

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების შემდეგ, სებ-ი სამივე ვიცე-პრეზიდენტმა დატოვა. პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობიდან გადადგა გიორგი ბაქრაძეც.