პროკურატურა გიორგი ბაჩიაშვილს $39 მილიონის ღირებულების ბიტკოინის მითვისებას ედავება

პროკურატურა გიორგი ბაჩიაშვილს $39 მილიონის ღირებულების ბიტკოინის მითვისებას ედავება

საქართველოს გენერალური პროკურატურა თანაინვესტირების ფონდის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს, გიორგი ბაჩიაშვილს $39 მილიონზე მეტი ღირებულების ბიტკოინის მითვისებაში ადანაშაულებს. ბრალდებულის მიმართ სამართლებრივი დევნა დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაიწყო.

„პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა გ.ბ.-მ 2015 წლის ზაფხულში, მის მიერ პირადად მობილიზებული და ინვესტორის მიერ გადაცემული თანხებით კრიპტოვალუტა – ბიტკოინის გამომუშავება/მაინინგში ინვესტიცია განახორციელა.

ბიტკოინის მაინინგის მომსახურების უზრუნველყოფას ახდენდა უცხოური კომპანია, ბრალდებულის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ საწარმოსთან 2015 წლის ივლისში დადებული 1-წლიანი ხელშეკრულების საფუძველზე. ხელშეკრულების ღირებულებად 6 305 000 აშშ დოლარი განისაზღვრა, საიდანაც ინვესტორის კუთვნილი თანხა შეადგენდა 5 000 000 აშშ დოლარს, ხოლო ბრალდებულის – 1 305 000 აშშ დოლარს.

შეთანხმებისამებრ, გ.ბ.-ს დაევალა თანხების ინვესტირების ტექნიკური განხორციელების უზრუნველყოფა, ხოლო სავარაუდოდ მისაღები მოგება, მხარეთა შორის ინვესტირებული თანხების პროპორციულად უნდა განაწილებულიყო. ასევე შეთანხმებისამებრ, ინვესტიციის შედეგად გამომუშავებული კრიპტოვალუტის აკუმულირება უნდა მომხდარიყო ბრალდებულის გამგებლობაში არსებული საწარმოს კუთვნილ კრიპტო საფულეზე.

ინვესტიციის შედეგად გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, 1-წლიან პერიოდში გამომუშავებული იქნა 24 661.85 ბიტკოინი, საიდანაც ჩადებული თანხების პროპორციულად და გაწეული ხარჯების გათვალისწინებით, ინვესტორის მიერ სუფთა მოგების სახით მისაღები კრიპტოვალუტა 8 253.13 ბიტკოინს შეადგენდა.

ბრალდებულმა, რომლის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაშიც იმყოფებოდა მაინინგის შედეგად გამომუშავებული სრული კრიპტოვალუტა, 2017 წლის ოქტომბერში, ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 39 215 820 აშშ დოლარს შეადგენდა“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, გიორგი ბაჩიაშვილს 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. უწყების ცნობით, ბრალდებულის მიმართ შესაბამის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ჯერჯერობით უცნობია ინვესტორის ვინაობა, რომელიც გიორგი ბაჩიაშვილს არასამართლებრივი ქმედების შედეგად დაზარალდა.