PSP-ის 30 წელი | ფარმაცევტული დარგის ლიდერი

PSP-ის 30 წელი | ფარმაცევტული დარგის ლიდერი

წელს საქართველოში განსაკუთრებით ბევრი კომპანია აღნიშნავს 15, 20, 30 წლის იუბილეს. ყველა ამ კომპანიას თავისი ისტორია და განვლილი გზა აქვს, მაგრამ ყველა მათგანს ერთი რამ აერთიანებს – ტურბულენტურ დროს თავი გაართვეს და გამოწვევებით სავსე გამოცდილება შესაძლებლობად და წარმატების მაგალითად აქციეს.

დღეს PSP-ის მაგალითს შეგახსენებთ – კომპანიის, რომელმაც 30 წლის წინ გადაწყვიტა, ქვეყნის მთავარ გამოწვევას – ბაზარზე არსებულ მედიკამენტების დეფიციტს ისე გამკლავებოდა, რომ ჯერ ერთი – ფარმაცევტულ ბაზარზე ევროპული წარმოების და, შესაბამისად, ხარისხის მედიკამენტები შემოეტანა და მეორე – ამ მედიკამენტების მიწოდება ქვეყნის ნებისმიერ წერტილში უზრუნველეყო.

როგორც PSP-ის CEO ვაჟა ოქრიაშვილი Forbes-თან იხსენებს, ახალი ქართული ბიზნესისთვის დამახასიათებელი ყველა ეტაპი და სირთულე გამოიარეს, კომპანიის განვითარების კვალდაკვალ, სწავლობდნენ და ასე ავითარებდნენ ბიზნესს. შედეგად, საქმე, რომელსაც ვაჟა ოქრიაშვილი დღემდე ერთგულად მისდევს, პრაქტიკულად 30 წლის წინ დაიწყო, კომპანია PSP–მ კი ჩვენს ქვეყანაში ფარმაცევტული ინდუსტრიის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეძლო – ჯერ როგორც დისტრიბუტორმა კომპანიამ, შემდეგ კი როგორც საცალო ქსელმა.

Forbes-ი აგრძელებს მარტივი ბიზნესინტერვიუების სერიას და ამჯერად ვაჟა ოქრიაშვილთან ინტერვიუს გთავაზობთ.

„PSP ჩემთვის არის ის ერთი ფარმაცევტი, რომელიც დღის მანძილზე ასობით მომხმარებელს უადვილებს ჯანმრთელობაზე ზრუნვას“

ჯანდაცვა ბიზნესია?

კომპანია PSP საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიან კომპანიას შორის მე-5 ადგილზეა. დიახ, ჯანდაცვა მაღალი სტანდარტებისა და პასუხისმგებლობის მქონე ბიზნესია, რომლის განვითარების დონე ქვეყნის განვითარების კურსს განსაზღვრავს.

კომპანიის ისტორიას რიცხვებში რომ ყვებოდეთ, რომელი რიცხვები იქნებოდა გარდამტეხი და წყალგამყოფი PSP-ის განვითარების გზაზე?

30-წლიანი ისტორიის მანძილზე იყო უამრავი შესაძლებლობა, რაც ციფრებში გამოხატულ წარმატებად ვაქციეთ და მოვედით იქ, სადაც დღეს იმყოფება კომპანია – 5000 თანამშრომელი, ბაზრის 35%–იანი წილი და PSP ჯგუფი, რომელიც საქართველოს უმსხვილეს კერძო კომპანიებს შორის მოწინავე პოზიციებს იკავებს.

განვითარების რა ეტაპები გამოიარა PSP-მ?

წლების მიხედვით მნიშვნელოვანი თარიღები ასე განაწილდება:

  • 1994 – 1996 წლები – კომპანია გახდა ევროპული მედიკამენტების პირველი ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოს ბაზარზე.
  • 1998 წელს კომპანიის მიერ წარმოდგენილმა ევროპული მწარმოებლების რიცხვმა საქართველოს ბაზარზე 100-ს გადააჭარბა.
  • 2000 წელს ჩვენი ჯგუფის პროექტი – ქართული ფარმაცევტული საწარმო GMP ამოქმედდა და თებერვალში პირველი ქართული საერთაშორისო სტანდარტის მედიკამენტი გამოუშვა. 2007 წლიდან ქართული წარმოების GMP-ის პროდუქცია ექსპორტზე გადის მსოფლიოს 10-მდე ქვეყანაში და აღიარებულია როგორც ხარისხიანი და ეფექტიანი მედიკამენტები.
  • 2002 წელი – კომპანიამ მნიშვნელოვნად განავითარა საცალო ქსელი, რათა გაეზარდა გარანტირებული ხარისხის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, ქვეყნის ნებისმიერ კუთხეში.
  • 2005 წელი – კომპანია PSP-მ მოიპოვა მოწინავე პოზიცია და გახდა N1 კომპანია საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე, წარმოების, სადისტრიბუციო და საცალო გაყიდვებში.
  • 2007 წელი – ჩემი ოჯახის აფთიაქი წარმოადგენდა 100-ზე მეტი აფთიაქისგან შემდგარ ქსელს, რომელიც მომხმარებელს სთავაზობდა პროდუქციის ფართო ასორტიმენტს როგორც ფარმაცევტულ, ისე თავის მოვლისა და ოჯახზე ზრუნვის კატეგორიებში.
  • 2008 წელი – PSP-ის სააფთიაქო ქსელმა მოიპოვა ISO 9001:2000 სერტიფიკატი და იმ დროისთვის იყო ერთადერთი სააფთიაქო ქსელი, რომელიც ფლობდა ხარისხის მართვის სერტიფიკატს. ამ დროიდან მოყოლებული, გავლილი აქვს შესაბამისობის არაერთი წარმატებული საკონტროლო აუდიტი.
  • 2016 – 2017 წლები – მოხდა სააფთიაქო ქსელის სრული რებრენდინგი, ძირითადი მიზნით – შეგვექმნა მომხმარებლისთვის საუკეთესო გარემო & ყიდვის საუკეთესო გამოცდილება.
  • 2017 წელი – კომპანიამ მოიპოვა საერთაშორისო აღიარება – STEVIE AWARDS-ი. „სტივი ევორდსი“ ბიზნესსივრცეში მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი, პრესტიჟული და საპატიო დაჯილდოებაა. 200-ზე მეტი აღმასრულებელი დირექტორი ხმას აძლევს მათთვის რჩეულ კომპანიას. 2017 წელს მასში 60-ზე მეტი ქვეყნის სხვადასხვა დარგის კომპანია იღებდა მონაწილეობას; ჟიურის 3900 ნომინანტი კომპანიიდან მოუხდა საუკეთესოების არჩევა სხვადასხვა ნომინაციაში. PSP პირველი და დღესაც ერთადერთი ქართული კომპანიაა, რომელმაც „სტივი ევორდსზე“ გაიმარჯვა.

ამ გადმოსახედიდან რა შექმენით ყველაზე ღირებული მთელი ამ წლების განმავლობაში?

კომპანია PSP-ის შექმნის იდეა მიზნად ისახავდა, გამხდარიყო საუკეთესო კომპანია დარგში და ქვეყანაში, ანუ ის კომპანია, რასაც იგი დღეს წარმოადგენს: ასობით საერთაშორისო კომპანიის ძლიერ პარტნიორს საქართველოს ბაზარზე და კომპანიას, რომელიც ყველაზე უკეთ ამოიცნობს და აკმაყოფილებს თანამედროვე მომხმარებლის მოთხოვნილებებს, უქმნის მას საუკეთესო გარემოს ჯანმრთელობაზე ზრუნვის მიმართულებით, ზრდის მედიკამენტზე ხელმისაწვდომობას მთელი ქვეყნის მასშტაბით, გეოგრაფიული დაფარვისა და მაღალი ხარისხის მედიკამენტების მიწოდების გზით.

როგორი ბრენდია PSP?

ჩვენი დამოკიდებულება პარტნიორებისა და მომხმარებლის მიმართ შემდეგია: მუდმივად ვიზრუნოთ ურთიერთკეთილდღეობაზე, დავიცვათ საკუთარი სიტყვა და დანაპირები, მუდმივად შევთავაზოთ ბაზარს სიახლე როგორც პროდუქტის, ისე სერვისების კუთხით. ჩვენი ეს მიდგომა განაპირობებს იმ დამოკიდებულებას, რაც მომხმარებელს და პარტნიორს აქვს ბრენდის მიმართ; ბრენდი PSP არის ძლიერი ბრენდი, ორიენტირებული ბიზნესის გამჭვირვალობაზე, მუდმივ განვითარებასა და ინოვაციებზე.

რამდენად ადვილია მართო PSP დღეს – რა შეიცვალა მართვის მიდგომებში მთელი ამ წლების მანძილზე?

არ შეცვლილა ერთი რამ – შევქმნათ ახალი, განვითარების კურსი მივმართოთ იქ, სადაც მომხმარებელი გველოდება. სწორედ მისწრაფება, არა უბრალოდ გვეწარმოებინა ბიზნესი, არამედ მუდმივი „შემოქმედებით“ ვყოფილიყავით დაკავებული, გახდა იმ წარმატების საწინდარი, რასაც დღემდე მივაღწიეთ; ეს არ შეცვლილა კომპანიის დაარსებიდან – დღემდე.

შეიცვალა ალბათ მხოლოდ რიცხვები, დღეს 5000 ვართ.

რა არის ის მთავარი პასუხისმგებლობები, რაც თან ახლავს თქვენი ტიპის ბიზნესს?

კორპორაციული პასუხისმგებლობა მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ჩვენს ბიზნესში. ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი კომპანიისთვის – ადამიანის ჯანმრთელობაა. შესაბამისად, მედიკამენტის ხარისხი, კვალიფიციური მომსახურება – რასაც კადრების მუდმივი განვითარებითა და უწყვეტი საგანმანათლებლო პროცესით უზრუნველვყოფთ. პროდუქციის რეალიზაციისას ყველა წესისა და რეგულაციის თანამიმდევრული დაცვა მაღალი სიმკაცრით – ეს ის საკითხებია, რაც ყოველდღიურ რეჟიმში, დღის წესრიგშია შეყვანილი.

რას ნიშნავს სლოგანი – ჩემი ოჯახის აფთიაქი?

თითოეული ჩვენგანი ზრუნავს – საკუთარ თავზე, ოჯახის წევრებზე, ჯანმრთელობაზე.

ჩემი ოჯახის აფთიაქი ის ადგილია, რომელიც მიადვილებს ამ ზრუნვას, მიადვილებს იმიტომ, რომ არის იქ, სადაც მჭირდება, ამოიცნო ჩემი მოთხოვნილებები და დამახვედრა ის, რაც ყველაზე მეტად მჭირდება. ჩემი ოჯახის აფთიაქი არის PSP.

ვისზე დგას PSP?

PSP ჩემთვის არის ის ერთი ფარმაცევტი, რომელიც დღის მანძილზე ასობით მომხმარებელს უადვილებს ჯანმრთელობაზე ზრუნვას.

გუნდი, რომელიც წლიდან წლამდე იზრდება როგორც რაოდენობრივად, ასევე პროფესიულად და კარიერულად.

მედიკამენტებზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გამოწვევას უპასუხეთ. რომელი გამოწვევები რჩება?

მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა არ იყო მხოლოდ გამოწვევა, ეს იყო და არის კომპანიის მისია. დღევანდელ დღეს გამოწვევებს რაც შეეხება – ეს არის სააფთიაქო ქსელის ტრანსფორმაცია, ქსელის რეფორმა მულტიპროფილური კატეგორიების განვითარების მიმართულებით და მომხმარებლის მუდმივი კმაყოფილება, მისი მსყიდველობითი ქცევის წინასწარი ამოცნობის გზით და ამ გზით ახალი ტრენდების შექმნა საცალო ბიზნესში.

კონკურენცია კარგია?

ჯანდაცვის სექტორი მრავალკომპონენტიანი ბიზნესია, გამოწვევებს, როგორც სხვა ნებისმიერ ბიზნესში, დარგში არსებული კონკურენცია ქმნის – ეს პოზიტიური გამოწვევაა, გაიძულებს, არ მოდუნდე და მუდმივად განვითარებაზე იყო ორიენტირებული.

მედიკამენტების მიმოქცევა მსოფლიო პრაქტიკაში რეგულირებული სფეროა. შესაბამისად, ჩვენ იმ დარგში ვართ, სადაც მუდმივად ხორციელდება რეფორმები. რეფორმები ხშირად ჩვენი შიდა ინფრასტრუქტურის სრულად გადაწყობას მოითხოვს. 30 წლის მანძილზე ამ რეჟიმში ოპერირება ჩვენთვის თითქმის ყოველდღიურობად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად საოპერაციო პროცესების გადაწყობა გვიწევს, ნებისმიერ დამდგარ რეალობას მყისიერ რეაგირებას ვახვედრებთ, არ ვუხვევთ ჩვენი მთავარი ორიენტირიდან – შევქმნათ წამლით უზრუნველყოფის ყველაზე გამართული გარემო ქვეყანაში.

ამართლებს ეს მიდგომა?

გრძელვადიანი ხედვა იყო და არის კომპანია PSP-ის წარმატების ქვაკუთხედი.

რა სჭირდება დღეს თქვენს სექტორს ყველაზე მეტად განვითარებისათვის?

ფარმაცევტულ ინდუსტრიაში ხარისხიანი მედიკამენტების ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა იქნებოდა ის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რაც დარგს ძირეული მიზნების მიღწევაში დაეხმარებოდა და ამავდროულად მნიშვნელოვნად გააძლიერებდა ქვეყნის ეკონომიკას.

ბაზრების გახსნა – მაგალითად, თურქეთის მიმართულებით – და ამით მედიკამენტების ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა სწორი ნაბიჯია?

ამ პროექტის განხორციელებამ ხელი შეუწყო არჩევანის გაფართოებას და მოსახლეობას მედიკამენტზე მეტი ხელმისაწვდომობა შეუქმნა – რა თქმა უნდა, სწორი ნაბიჯია.

PSP ფსონს ევროპულ ხარისხზე დებს – ასეა?

PSP-ის სააფთიაქო ქსელი, რომელიც 2 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება თვის მანძილზე, ევროპული სტანდარტებით არის შექმნილი; PSP-მ, რომელიც 30 წელია, წამლით უზრუნველყოფს საქართველოს ბაზარს, ევროპული მედიკამენტების წარმოჩენით მოიპოვა ის ნდობა, რომელიც დღეს ჩვენი ბრენდის ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა. ჩვენ ვირჩევთ იმას, რასაც მომხმარებელი ანიჭებს უპირატესობას. შესაბამისად, ევროპული სტანდარტი ქართველი მომხმარებლის არჩევანია.

რა გავლენა ჰქონდა PSP-ზე პანდემიას?

კოვიდმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ფარმაცევტი – ეს არის პროფესია უდიდესი პასუხისმგებლობით, ფარმაცევტი – არის პროფესიონალი, რომელსაც შეუძლია, საკუთარი ჯანმრთელობა დააყენოს რისკის ქვეშ იმისათვის, რომ იზრუნოს მომხმარებლის კეთილდღეობაზე.

კოვიდი ჩვენთვის იყო დიდი გამოწვევა, რომლისთვისაც ღირსეულად უნდა გვეპასუხა. უდიდესი პრიორიტეტი ჩვენთვის გუნდის წევრებზე ზრუნვა იყო, რადგან მუშაობის სტილი არ შეგვიცვლია, გამომდინარე იქიდან, რომ გუნდის თითოეული წევრი განაგრძობდა ოპერირებას ფორსმაჟორულ რეჟიმში.

რა გავლენა აქვს თქვენს ბიზნესზე რუსეთ–უკრაინის ომს?

ისეთივე, როგორიც სხვა ნებისმიერ ბიზნესზე, ჩვენ იმპორტზე დამოკიდებული ბიზნესი ვართ. ჩვენი უცხოელი პარტნიორები კი დიდწილად დამოკიდებულნი არიან იმ გეოპოლიტიკაზე, რომელსაც მიმდინარე ომი განსაზღვრავს. შესაბამისად, რიგ შემთხვევებში პროდუქციის დეფიციტთან, რიგ შემთხვევებში კი კომპონენტებზე ფასის გადახედვამ, დღის წესრიგში დამატებითი გამოწვევები შეგვიქმნა.

სად იქნება განვითარების თვალსაზრისით PSP მომავალში – თუ გაქვთ კონკრეტული გეგმები, სიახლეები, რის გაზიარებაც ახლა შეგიძლიათ?

2023 – 2025 წლებში კომპანია PSP გეგმავს ბიზნესის განვითარებას ახალი სერვისებისა და კატეგორიების განვითარების გზით. გეოგრაფიული დაფარვის გაძლიერებას და საცალო ქსელში განახლებული ფორმატით წარდგენას.

90-იან წლებში PSP-ს ჰქონდა მიზანი, საქართველოს მოსახლეობას მყისიერი წვდომა ჰქონოდა მსოფლიოში შექმნილ და სამედიცინო პრაქტიკაში დანერგილ ყველა ახალ მედიკამენტზე, რასაც თანამიმდევრულად სულ ვახორციელებთ. მომავალშიც განვაგრძობთ საქმიანობას, რომელიც ყველა თანამედროვე სამედიცინო და ფარმაცევტულ ინოვაციაზე საქართველოს მოსახლეობისთვის მარტივად ხელმისაწვდომობისკენ იქნება მიმართული.

რა არის თქვენი მთავარი სათქმელი დღეს?

Never Give Up ! Growth is the result of consistent moving forward.

არასოდეს დანებდე! ზრდა თანამიმდევრული წინსვლის შედეგია.