Puma-მ რიანასთან ახალი კოლაბორაცია დააანონსა

Puma-მ რიანასთან ახალი კოლაბორაცია დააანონსა

სპორტული სამოსის ბრენდმა Puma-მ მილიარდერ მომღერალ და მეწარმე რიანასთან ახალი კოლაბორაცია დააანონსა. სპორტულ ბრენდთან თანამშრომლობა რიანას საშუალებას მისცემს, მისი სილამაზისა და თეთრეულის წარმატებული იმპერია ახალი მიმართულებებითაც გააფართოოს.

ბარბადოსელ მომღერალთან თანამშრომლობა, Puma-ს ვებგვერდისა და სოციალური მედიის ანგარიშების საშუალებით, მცირე პოსტით – „ის დაბრუნდა“ – დაანონსდა. წარწერას კი თან სპორტული ბრენდისა და რიანას Fenty-ის ლოგოები ერთოდა. Fenty x Puma-ს გამოშვების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მომხმარებლებს შეუძლიათ, Puma-ს ვებგვერდზე დარეგისტრირდნენ.

რიანასა და Puma-ს თანამშრომლობის შესახებ დეტალები ამ ეტაპისთვის არ გასაჯაროებულა. მომღერალმა Puma-სთან თანამშრომლობა ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყო, როდესაც ბრენდს კრეატიული დირექტორის თანამდებობაზე შეუერთდა. მისი მუშაობის პერიოდში, რიანამ ექსკლუზიური სპორტული ფეხსაცმელი და ready-to-wear სტილის ტანსაცმლის ხაზი გამოუშვა და რამდენიმე ჩვენებაც მოაწყო.

Puma-სა და რიანას შორის ბოლო თანამშრომლობა 2017 წელს შედგა, ამავე წელს მომღერალმა კოსმეტიკის ბრენდი Fenty Beauty ფრანგულ კომპანია LVMH-ის მფლობელ ბერნარ არნოსთან ერთად დააარსა.

კოსმეტიკურ ბრენდ Fenty Beauty-ის გარდა, მილიარდერ მომღერალს თეთრეულის ხაზი Savage X Fenty-ც ეკუთვნის. სწორედ კოსმეტიკის ბრენდ Fenty Beauty-ის წყალობით, 2021 წელს მომღერალი მილიარდერი გახდა. Forbes-ის შეფასებით, ამ დროისთვის რიანას ქონება $1.4 მილიარდს უტოლდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *