რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკრაინაში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების ერთთვიანი შეწყვეტის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინადადებას დათანხმდა. აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე კიევმა განაცხადა, რომ მზად არის ეს საკითხი განიხილოს.
აღსანიშნავია, რომ მოსკოვმა უარყო შეერთებულ შტატების წინადადება საომარი მოქმედებების სრული 30-დღიანი შეწყვეტის შესახებ, რის მიღწევასაც ტრამპი ცდილობდა. ექსპერტების განცხადებით, ამის მიზეზი შეიძლება ბოლო პერიოდში რუსეთის მიერ ომში მოპოვებული უპირატესობა იყოს – რადგან რუსული ჯარები აღმოსავლეთ უკრაინაში წინ მიიწევენ.
პრეზიდენტების სატელეფონო საუბრის შემდეგ თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები, რომლებიც უფრო ფართო სამშვიდობო გეგმისკენ წინსვლას ისახავს მიზნად, დაუყოვნებლივ დაიწყება. თუმცა გაურკვეველია, იქნება თუ არა უკრაინა ამ პროცესებში ჩართული.
როგორც კრემლის განცხადებაშია ნათქვამი, ტრამპთან საუბრის შემდეგ პუტინმა რუს სამხედროებს უბრძანა, ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხები შეწყვიტონ. ამასთან, მან გამოხატა შეშფოთება, რომ დროებით ცეცხლის შეწყვეტამ შესაძლოა უკრაინას მეტი ჯარისკაცის მობილიზებისა და ხელახლა შეიარაღების საშუალება მისცეს.
პუტინმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონფლიქტის ნებისმიერი გადაწყვეტის წინაპირობა უკრაინისთვის ყველა სახის სამხედრო და სადაზვერვო დახმარების შეწყვეტაა.