სამი წლის წინ, მაისში, როცა მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მედიის წარმომადგენლებს ხვდებოდა, ჟურნალისტებს მთავრობის ანგარიში დაურიგდათ. ამ დოკუმენტში “ოცნების” ხელისუფლებას წინამორბედის არამიზნობრივი ხარჯები ჰქონდა დათვლილი. მაშინ მთავრობა ამბობდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ არამიზნობრივად 923,7 მლნ ლარი დახარჯა, ასეთივე დანახარჯად იყო მოხსენიებული ქუთაისის აეროპორტისთვის დახარჯული 53 მლნ ლარი.
სამი წლის შემდეგ საქართველოს მთავრობა გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით ავიაციას ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად აცხადებს, მეტიც – ქვეყნის მასშტაბით ახალი რეგიონული აეროპორტების მშენებლობა მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმის ყველაზე მოცულობითი – სივრცითი მოწყობის მიმართულების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ხდება. კითხვაზე, რა არის ავიაციის პრიორიტეტად ქცევის მიზეზი? Forbes Georgia-ს რესპონდენტები ამბობენ, რომ დარგი მთავრობისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, თუმცა ამ განცხადებების მიუხედავად აშკარაა, რომ ქართული ავიაცია განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში სწორედ ბოლო თვეებია, რაც მოექცა.
“ჩვენი მიზანია, საქართველოში იყოს რაც შეიძლება მეტი მცირე აეროდრომი იმისთვის, რომ უპირველეს ყოვლისა, ჩვენმა მოსახლეობამ და ასევე ტურისტებმა ისარგებლონ. ეს იქნება უფრო მეტი დასაქმებული ადამიანი, უფრო მეტი კეთილდღეობა თითოეული ჩვენგანის ოჯახში. ეს, პირველ რიგში, გულისხმობს თუშეთს, რომელიც არის მარგალიტი საქართველოსი თავისი განსაკუთრებული კულტურული მემკვიდრეობით, ასევე ამას დიდი მნიშვნელობა აქვს ტურიზმის განვითარებისა და ქვეყნის უსაფრთხოებისთვის”, – აცხადებს მთავრობის მეთაური.
ამბიციური გეგმის ერთი ნაწილი რეალიზაციის ეტაპზეა – ეს ამბროლაურის აეროპორტია. რაჭაში უკვე დასრულდა 1,100-მეტრიანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა, რომლის სიგანეც 30 მეტრია. ამ ინფრასტრუქტურას შეუძლია, შეზღუდვის გარეშე მიიღოს L 410 (19-ადგილიანი) ტიპის საჰაერო ხომალდები. რეგიონის ტურისტული პოტენციალის გათვალისწინებით, შესწავლის ეტაპზეა ასაფრენი ზოლის დაგრძელების პერსპექტივა, რათა აეროპორტმა 50-ადგილიანი საჰაერო ხომალდების მიღება შეძლოს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 10 მლნ ლარს აჭარბებს.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი ქეთი ალექსიძე ამბობს, რომ ამბროლაურის აეროპორტის ტერიტორიაზე დასრულების ეტაპზეა სამიმოსვლო ბილიკის, ბაქნის, აეროპორტამდე მისასვლელი გზის მშენებლობა. მიმდინარეობს პერიმეტრის შემოღობვის სამუშაოები. გეგმა მშენებლობის სწრაფი ტემპია, შესაბამისად, რაჭაში აეროპორტის აშენება წლის ბოლომდე იგეგმება.
ქეთი ალექსიძე ამბობს, რომ პარალელურად მიმდინარეობს აეროპორტისათვის კადრების შერჩევა, შემდეგი ეტაპი კი შერჩეულთა გადამზადება იქნება. ამბროლაურის აეროპორტი თანამედროვე სისტემებითა და საჭირო სპეცტექნიკით აღიჭურვება, დაგეგმილია 30-ზე მეტი ადამიანის დასაქმება.
აეროპორტების გაერთიანება ამუშავებს ფოთის აეროპორტის საკითხსაც. ამ მიმართულებით მთავრობას კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არა აქვს, თუმცა ქეთი ალექსიძე ამბობს, რომ გარკვეული ინტერესი არსებობს. მისივე თქმით, ფოთის აეროპორტის ტერიტორიაზე რთული მდგომარეობაა, ყოფილი საფრენი ბილიკი, გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, სრულად თავიდან იქნება ასაშენებელი.
„ტურიზმის განვითარებისთვის პარალელური ეტაპი არის საჰაერო მიმოსვლა. გარდა ამისა, როცა უცხოური ბიზნესი ვითარდება, საჰაერო მიმოსვლა მათთვისაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია. დღეს რეალურად ავიაცია აღარ არის ფუფუნება, ის – საჭიროებაა“, – ამბობს ქეთი ალექსიძე.
უცხოელ ტურისტებს შორის განსაკუთრებული პოპულარობით ბათუმი სარგებლობს, რეგიონში განვითარების ეტაპზეა სამთო-სათხილამურო კურორტი გოდერძიც. ადგილობრივი მთავრობის მიზანი აჭარის რეგიონის ოთხი სეზონის კურორტად ქცევაა, თუმცა ბათუმში ავიარეისები ზამთრის სეზონზე მნიშვნელოვნად მცირდება. აჭარის ტურიზმის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ რეგიონის ოთხი სეზონის კურორტად ქცევის გზაზე აეროპორტში რეგულარული რეისების არსებობა აუცილებელია.
„იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ჯერჯერობით არ გვაქვს შესაძლებლობა, გვიან შემოდგომაზე, ზამთარში და ადრე გაზაფხულზე ტურისტები ისე აქტიურად მოვიზიდოთ, როგორც ეს ზაფხულში ხდება, ავიაბიზნესში ჩართული ადამიანების დაინტერესება რთულია, ამიტომაც ზამთარში ფრენების რაოდენობა იკლებს“, – ამბობს მამუკა ბერძენიშვილი, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ, გურამ ჯალაღონიას ხელმძღვანელობით, ქვეყანაში არსებული ყველა ყოფილი აეროდრომის მდგომარეობა შეისწავლა. უწყებამ უკვე დადო დასკვნა, რომ ომალოში შესაძლებელია თვითმფრინავებისთვის საჭირო აეროდრომის მშენებლობა.
„ახლა მოლოდინის რეჟიმში ვართ, როდის გახდება ცნობილი, რომელი აეროდრომის აღდგენას გადაწყვეტს ხელისუფლება“, – ამბობს გურამ ჯალაღონია, პროფესიით მფრინავი, რომელიც დარგს უკვე წლებია, ემსახურება.
ჯალაღონია ამბობს, რომ ახალი აეროდრომის მშენებლობის დაგეგმვის შემთხვევაში, სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მზად არის, საჭირო კონსულტაციები გაუწიოს კერძო ინვესტორებსაც, კერძოდ, გაუმართლებელი ხარჯების თავიდან ასაცილებლად, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, განცხადებით მიმართოს სააგენტოს, რომ სპეციალისტებმა წინასწარ, აეროდრომის დაპროექტებამდე შეაფასონ მშენებლობისათვის განსაზღვრულ ტერიტორიაზე ფრენების უსაფრთხოდ შესრულების შესაძლებლობა, იგულისხმება მისადგომები, დაბრკოლებები, არსებული რელიეფი, ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სავარაუდო განთავსების კურსები, გასაკონტროლებელი საჰაერო სივრცე და ა.შ.
„ზოგადად, თუ ქვეყანაში არ არის მცირე ავიაცია, ნუ ვიფიქრებთ დიდ ავიაციაზე, რადგან სწორედ მცირე ავიაციაა დიდი ავიაციისთვის კადრების სამჭედლო“, – ამბობს ჯალაღონია.
ქვეყნის აეროპორტების უსაფრთხოება/უშიშროების საკითხებიც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს კომპეტენციაში შედის. მისი ხელმძღვანელი აცხადებს, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენი ზოლი დღეს უკვე იდეალურ მდგომარეობაშია. აღდგენა-განახლების სამუშაოები ისე ჩატარდა, რომ აეროპორტის მუშაობა არ შეჩერებულა, ასეთი შემთხვევა კი, მისი შეფასებით, უპრეცედენტოა.
„თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის საფარი უსაფრთხოების ნორმებს მანამდეც აკმაყოფილებდა, ფრენებისათვის საფრთხის შემცველი ფაქტორები მინიმუმამდე იყო დაყვანილი და მის სტანდარტებთან შესაბამისობაზე ზედამხედველობას სააგენტო მუდმივად ახორციელებდა, მაგრამ საქართველოს მთავარი კარიბჭე ღირსია იმის, რომ გაცილებით უკეთესი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი ჰქონოდა. ახლა რომ ნახოთ, გაგიხარდებათ – ზოლი იდეალურ მდგომარეობაშია“, – ამბობს გურამ ჯალაღონია.
გარდა ასაფრენი ზოლისა, თბილისის აეროპორტში განახლდა სანავიგაციო მოწყობილობები, განათების სისტემა, აეროპორტი ახალი სტანდარტების დაცვით შემოიღობა. ეს სამუშაოები აეროპორტის ოპერატორმა კომპანია „TAV ჯორჯიამ“, საჰაერნაოსნო მომსახურების საწარმო „საქაერონავიგაციამ“ და „აეროპორტების გაერთიანებამ“ განახორციელეს, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის მონიტორინგს კი ყოველდღიურ რეჟიმში უწევდა სამოქალაქო ავიაციის სააგენტო. შესრულებული სამუშაოები ჯამში 70 მილიონ ლარზე მეტი დაჯდა.
რაც შეეხება სხვა აეროპორტების ასაფრენი ზოლების მდგომარეობას, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული ყველა აეროპორტი (ქუთაისი, ბათუმი, მესტია, ნატახტარი, თელავი) პასუხობს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მათი გეგმური და არაგეგმური ინსპექტირებები სისტემატიურად ტარდება.
2016 წელს ჩატარებული ICAO-ს ყოვლისმომცველი აუდიტის მიერ გამოვლენილი შედეგებით, საქართველოს საერთო მაჩვენებელმა ICAO-ს გლობალური უსაფრთხოების გეგმით დადგენილ 60%-ს გადააჭარბა და 64.52% შეადგინა, რაც პირველი პრეცედენტია ქვეყნისთვის. 2015 წელს ჩატარებული ICAO-ს საავიაციო უშიშროების აუდიტის შედეგების მიხედვით, საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ზედამხედველობის თვალსაზრისით, საქართველოს მაჩვენებელმა 87.8% შეადგინა, რაც 2008 წლის აუდიტის შედეგებთან (58%) შედარებით თითქმის 30%-იანი გაუმჯობესებაა. ამ შედეგებით საქართველო ევროპის მოწინავე ქვეყნების მაჩვენებლებს გაუტოლდა. ეს კი ნიშნავს, რომ ქვეყანა მაღალი სტანდარტებით უზრუნველყოფს მგზავრების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას, მართლსაწინააღმდეგო ქმედებების წინააღმდეგ მიმართულ პრევენციულ და საპასუხო ღონისძიებებს. 2013 წელს სააგენტომ წარმატებით გაიარა ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) აუდიტი – უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდების უსაფრთხოების შეფასების (SAFA) პროგრამის განხრით, რომლის ფარგლებშიც სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორები უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდებს ამოწმებენ. აუდიტის შედეგად არ გამოვლენილა არც ერთი ნაკლოვანება, რაც, გურამ ჯალაღონიას თქმით, დღემდე რჩება ევროპაში ერთადერთ პრეცედენტად.
რაც შეეხება უცხოური ავიაკომპანიების საქართველოს საავიაციო ბაზარზე დაშვების საკითხს, სააგენტოს ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ფრენების განხორციელების ნებართვა ამჟამად ოცდაათზე მეტ ოპერატორს აქვს მინიჭებული. გარდა ოპერირების ნებართვის მინიჭებისა და ფრენის განრიგების დამტკიცებისა, სააგენტო აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს როგორც კოლეგა საავიაციო ხელისუფლებებთან, ისე ავიაკომპანიებთან, რათა საქართველოს მიმართულებით საავიაციო მიმოსვლა რაც შეიძლება მეტმა ავიაგადამყვანმა დაიწყოს.
„საქართველოსა და თურქმენეთის საავიაციო უწყებების ერთობლივი ძალისხმევით, 2 ნოემბრიდან, აშხაბადსა და თბილისს შორის რეგულარული ფრენები დაწყო. ავიაკომპანია „ჩინეთის სამხრეთის ავიახაზებთან“ რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად, 23 სექტემბრიდან ფრენები პეკინსა და თბილისს შორის ხორციელდება (ურუმჩი-პეკინი-თბილისი). ასევე, საავიაციო ხელისუფლებებს შორის გამართული ტექნიკური კუნსულტაციების შედეგად მნიშვნელოვნად გაფართოვდა საქართველოსა და რუსეთს შორის საავიაციო მიმოსვლის გეოგრაფიული არეალი. შედეგად, მოსკოვის გარდა, ქართულ ავიაკომპანიებს მგზავრთა გადაყვანის უფლება მიეცათ სანქტ-პეტერბურგის, სამარის, ეკატერინბურგის, სოჭის, როსტოვისა და მინვოდის, ხოლო რუსულ ავიაკომპანიებს თბილისის გარდა ბათუმისა და ქუთაისის მიმართულებით, რამაც მნიშვნელოვნად გაამარტივა ჩვენი მოქალაქეებისა და ტურისტების გადაადგილება ქვეყნებს შორის“, – განმარტავს გურამ ჯალაღონია.
საქართველოში ავიაკომპანიად დარეგისტირებისა და ფრენების უფლების მოპოვების გზაც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოზე გადის. სააგენტოს მიერ ავიაკომპანიის სერტიფიცირება ოთხ ეტაპად ხორციელდება. პირველ – წინა სასერტიფიკაციო ეტაპზე განმცხადებელმა უნდა წარადგინოს დოკუმენტაცია, რომლითაც მტკიცდება, რომ ის ფრენების უსაფრთხოებისა და უშიშროების ნორმებს აკმაყოფილებს. ამას გარდა წარდგენილი უნდა იყოს საექსპლუატაციოდ გამოსაყენებელი საჰაერო ხომალდების მონაცემები, ფრენების უშიშროების პროგრამა, საფრენოსნო და ტექნიკური პერსონალის შემადგენლობა და სხვა. სერტიფიცირების მეორე ეტაპი განმცხადებლის სამუშაო ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმებას ითვალისწინებს, მესამე ეტაპზე სააგენტო განმცხადებლის საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტად დარეგისტრირების გადაწყვეტილებას იღებს. აღნიშნული ეტაპებისთვის უწყებას კანონმდებლობით 6-თვიანი ვადა აქვს განსაზღვრული. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში მეოთხე – ავიაკომპანიის მუდმივი ზედამხედველობის ეტაპი იწყება.
გურამ ჯალაღონიას უწყებიდან, საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის (ოპერატორის) ქართულ სერტიფიკატს ახლა სამი კომპანია ელოდება: „ავიატორ პლუსმა“, რომელიც ქვეყანაში საჰაერო ტაქსით ოპერირებას გეგმავს, უწყების მიერ დადგენილი რამდენიმე ხარვეზი უნდა გამოასწოროს. სერტიფიცირების პროცესშია კომპანია MY WAY AIRLINES-ი, რომელიც ჩინური („ჰუალინგ ჯგუფი“) ინვესტიციებით იქმნება და რომელზეც სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ სერტიფიკატის მაძიებელს საავიაციო ბაზარზე სერიოზული გეგმები აქვს. საქართველოში ამ კომპანიის ოპერირების დაწყებას ჯალაღონია წლის ბოლოს ელოდება.
MY WAY AIRLINES
საჰაერო ხომალდების დარეგისტრირება და შემდგომი ექსპლუატაცია სურს ბიზნესმენ გიორგი კოდუას. ბიზნესმენი უკვე წლებია, წინა და მოქმედ ხელისუფლებასაც ადგილობრივი კომპანიების მიმართ უყურადღებობის გამო საყვედურობს. მისი თქმით, ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური სიძლიერისთვის სწორედ ადგილობრივი ბაზრის განვითარებაა აუცილებელი, რადგან იმ უცხოური კომპანიების მოგების უდიდესი ნაწილი, რომელებიც საქართველოში ოპერირებენ, ქვეყნის ფარგლებს გარეთ გადის.
მთავრობის თხოვნის საფუძველზე, ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა Hub Georgia სწორედ ახლა დარგის განვითარების კონცეფციაზე მუშაობს. გიორგი კოდუა ამბობს, რომ სტრატეგია დაახლოებით 700-გვერდიანი იქნება, დოკუმენტი მოიცავს ექსპერტთა ხედვებს, როგორ უნდა იქცეს საქართველო ავიაციის რეგიონულ ჰაბად. მას შემდეგ, რაც საქართველოში პოლიტიკური ტემპერატურა დაიწევს და არჩევნები დასრულდება, ექსპერტების მიერ მომზადებულ ტრანსპორტის განვითარების სტრატეგიაზე მსჯელობის დაწყება იგეგმება.
სტატისტიკა
4 აეროპორტი; 33 ავიაკომპანია; 20 ქვეყანა და 46 მიმართულება:
რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტი: ქართული აეროპორტების ბაზრის – 79,1%-იანი წილი; იანვარ-სექტემბერში – 1 725 403 მგზავრი (20%-იანი ზრდა 2015 წლის 9 თვესთან შედარებით) და 12 094 544 კგ – ტვირთი; ოპერირებს 31 ავიაკომპანია, რეისები 36 მიმართულებით სრულდება; ახალი მიმართულებებია ისპაჰანი, დამამი, პეკინი და ბაჰრეინი. მგზავრთნაკადის კუთხით ყველაზე მოთხოვნადია სტამბულის, მოსკოვის, კიევის, დუბაის, ტელ-ავივის მიმართულებები.
ალექსანდრე ქართველის სახელობის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი: ქართული აეროპორტების ბაზრის – 12,4%-იანი წილი; იანვარ-სექტემბერში – 270 588 მგზავრი (45%-იანი ზრდა 2015 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით); ოპერირებს 16 ავიაკომპანია, რეისები 15 მიმართულებით სრულდება; ახალი მიმართულებებია აქტაუ, შარჟა, სანქტ-პეტერბურგი და თეირანი. გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით, ყველაზე პოპულარული სტამბულის, ტელ-ავივის, მოსკოვის, კიევისა და მინსკის რეისებია.
დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი: ქართული აეროპორტების ბაზრის -8,4%-იანი წილი; იანვარ-სექტემბერში – 182 588 მგზავრი (25%-იანი ზრდა 2015 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით); ოპერირებს 4 ავიაკომპანია; რეისები 15 მიმართულებით სრულდება; მიმართულებებია: ბერლინი, მიუნხენი, დორტმუნდი, მილანი, ლარნაკა, სალონიკი და სოფია. ყველაზე მეტი მგზავრი კიევის, ბუდაპეშტის, ვარშავის, ხარკოვისა და ვილნიუსის რეისებზე მოდის.
თამარ მეფის სახელობის მესტიის ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტი: ქართული აეროპორტების ბაზრის – 0.1%-იანი წილი; იანვარ-სექტემბერში – 3 105 მგზავრი; 2016 წლის 9 თვეში – 129 რეისი.