უკრაინელი ბიზნესმენი სერგეი პანჩენკო საქართველოში ცნობილია, როგორც პრემიუმ ხარისხის ქართული შავი ხიზილალის შემქმნელი. 2008 წლიდან Panchenko Caviar House-მ ქვეყანაში დაახლოებით 10 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. უკრაინელი ბიზნესმენის პროფესიონალიზმი და ამბიცია გახდა ქართული აკვაკულტურის განვითარებისა და ადგილობრივი ზუთხის ხიზილალის საერთაშორისო ბაზარზე გასვლის გასაღები.
ქართული ხიზილალა „Panchenko Caviar House“-სგან ბრენდებით „Admiral“ და „Pancaviar“ უკვე წარმოდგენილია საქართველოს, აშშ-სა და აზერბაიჯანის ბაზრებზე. რიგშია ევროკავშირისა და სპარსეთის ყურის ქვეყნები. მომავალი ათი წლის გეგმაა ქართული ხიზილალის პოპულარობის გათანაბრება ქართულ ღვინის პოპულარობასთან და ექსპორტის იმავე მოცულობაზე გასვლა. რითაც მნიშვნელოვნად გაიზრდება საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა.
„ცოტა ხნის წინ ბარსელონაში ჩატარდა გამოფენა, სადაც წარმოვადგინეთ ჩვენი ხიზილალა. კომპანიებს შორის იყვნენ ირანული ხიზილალის მწარმოებლები, რომლებიც 50 წელზე მეტია დაკავებული არიან ამ ხელობით. ასეთ კომპანიებში ხიზილალის წარმოების საიდუმლოება მამიდან შვილს გადაეცემა, მაგრამ ჩვენი ქართული ხიზილალის გასინჯვის შემდეგ მათ მხოლოდ ერთი კითხვა გაუჩნდათ: „შესაძლებელია თუ არა მთლიანი მოცულობის დაჯავშნა?“. და ეს არც არის გასაკვირი. დღევანდელ სამყაროში რაიმე კარგის აღმოჩენა – დიდი იშვიათობაა, ხოლო ადამიანები, რომლებიც ამაში ერკვევიან, ნადირობენ მხოლოდ მხოლოდ საუკეთესოზე“, – განუცხადა Forbes Infrastructure-ს სერგეი პანჩენკომ, Panchenko Caviar House-ის ავტორმა და დამფუძნებელმა.
ქართული აკვაკულტურა, შიდა და გარე ბაზრები, ბიზნეს გარემო – ამ და სხვა საკითხებზე ისაუბრა Forbes Infrastructure-მა უკრაინელ ინვესტორთან, რომელმაც შეცვალა წარმოდგენა ქართული ზუთხის შავ ხიზილალაზე, როგორც საქართველოში, ისე უცხოურ ბაზარზე.
გვიამბეთ თქვენ შესახებ, რატომ აირჩიეთ საქართველო და როგორი იყო თქვენი ბიზნესის განვითარების გზა აქ?
საქართველოში 2008 წელს ჩამოვედი ოჯახთან: მეუღლესთან და იმ დროისათვის ერთ შვილთან ერთად. მაშინ უბრალოდ მინდოდა მეპოვა ისეთი ქვეყანა, რომელიც საცხოვრებლად შესაფერისი და ბიზნესისთვის პერსპექტიული იქნებოდა, რომელსაც ექნებოდა კარგი კლიმატი, ეკოლოგია და ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა. საქართველო ყველა ამ პარამეტრს აკმაყოფილებდა. საქართველოს ორი სიტყვით აღწერა რომ შემეძლოს, დავეთანხმებოდი ადგილობრივი მცხოვრებლების გამოთქმას – უფლის მიწა. აქ ჩემთვის ყველაფერი ხელსაყრელი იყო: წელიწადში 300-ზე მეტი მზიანი დღე, ჩვენი, უკრაინელების მსგავსი გულღია და სასიამოვნო ადამიანები.
ჩემი აზრით, საქართველო აუცილებლად იქნება წარმატებული ქვეყანა და დაიკავებს ადგილს მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის, რადგან იგი აბრეშუმის გზის დამაკავშირებელ რგოლს წარმოადგენს. ჩვენი დედამიწის იმ ნაწილს, რომელიც აუცილებელია აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ბალანსის შესანარჩუნებლად.
ეს იყო დასაწყისი. რადგან მე ნამდვილი ესთეტი ვარ და ბუნებას ვაღმერთებ, აკვაკულტურისთვის გაშენებისთვის იდეალური ადგილი ვიპოვე. სწორედ მაშინ დავიწყე მასში ინვესტიციის ჩადება. 2008 წლიდან ჩვენ საქართველოში შევქმენით აკვაკულტურის 3 ობიექტი: პირველი კახეთში, საგარეჯოში, სოფელ ხაშმში, მეორე – რიონის ზუთხის ქარხანა ქუთაისთან ახლოს, მდინარე რიონზე და მესამე მდინარე ალგეთზე, ალგეთის წყალსაცავის ქვემოთ, თეთრიწყაროს რაიონში, ქვემო ქართლის მხარეში.
ჩვენ შევქმენით სამი უახლესი აკვაკულტურის კომპლექსი თევზის ყველაზე მრავალფეროვანი სახეობის მოშენებისთვის: კობრი, სქელშუბლა, ლოქო. მაგრამ ჩვენი ქართული აკვაკულტურის ნამდვილ სიამაყეს წარმოადგეს ზუთხისებრი თევზები და ზუთხის შავი ხიზილალა – ქართული ხიზილალა. მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიოში. ეს არის ჩვენი შემოქმედების გვირგვინი, ის, რისთვისაც ეს ყველაფერი დაიწყო.
ჩვენ საქართველოში ჩამოვიყვანეთ საუკეთესო ჰიდრობიონტები – თევზის სახეობები, რომლებმაც ჩამოაყალიბეს სადედე ჯოგი. მთელი ეს წლები განსაკუთრებული რუდუნებით ვზრუნავდით მასზე და ახლა ქართულ სადედე ჯოგს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გენეტიკა აქვს. ეს კი ნიშნავს, რომ იგი იძლევა საუკეთესო ხიზილალას მსოფლიოში. ჩვენმა პროდუქტმა ღირსეული შეფასება დაიმსახურა ხიზილალის წამყვან კომპანიებსა და მომხმარებლებს შორის სხვადასხვა ქვეყანაში. ჩვენ გავაფორმეთ უცხოური კონტრაქტები ქართული შავი ხიზილალის ამერიკულ ბაზარზე მიწოდებასთან დაკავშირებით. გავლილი გვაქვს პროდუქციის ხარისხის კონტროლისთვის საჭირო ყველა საფეხური, განვახორციელეთ მისი სერტიფიცირება.
ჩვენ ერთადერთი კომპანია ვართ საქართველოში, რომელსაც გააჩნია ISO 22000 HACCP აკვაკულტურასთან დაკავშირებით, ე.ი. თევზის მოშენებასა და მის გადამუშავებაზე, ზუთხის შავი ხიზილალის და ორაგულის ხიზილალის წარმოებაზე. და ამან თუ არა, მაშინ რაღამ უნდა მოახდინოს შთაბეჭდილება?
და რატომ მაინცდამაინც აკვაკულტურა?
მართალი გითხრათ, მე ძალიან ცნობისმოყვარე ადამიანი ვარ და სხვადასხვა საქმიანობას ვეწეოდი, მაგრამ აკვაკულტურა ჩემი საყვარელი ჰობი იყო, რომელიც მთელი ჩემი ცხოვრების ნამდვილ საქმედ იქცა. რაც თავი მახსოვს, ყოველთვის მინდოდა შემექმნა რაღაც განსაკუთრებული, საინტერესო, ისეთი, რაც სარგებლის მომტანი იქნებოდა არა მარტო ჩემთვის, არამედ ხალხის და იმ ქვეყნისთვის, სადაც ვიმყოფები. ჩემთვის ეს მართლაც მნიშვნელოვანია და, როგორც ჩანს, ყველაფერს სწორად ვაკეთებ, რადგან თქვენ ახლა ჩემგან ინტერვიუს იღებთ.
რომელ უცხოურ ბაზრებზეა წარმოდგენილი „Panchenko Caviar House“-ის ხიზილალა?
პირველი ბაზარი, სადაც ექსპორტი დავიწყეთ – იყო აშშ, სადაც წარმატებით და მარტივად გავიარეთ სურსათის უვნებლობის ფედერალური სააგენტო. ასევე, უახლოეს მომავალში დავიწყებთ ჩვენი პროდუქციის გაგზავნას არაბულ ქვეყნებში, საამიროებში, ვგეგმავთ მიწოდებას საუდის არაბეთში და სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნებში. ჩვენ ვმუშაობთ რიგ მიმართულებებზე და მიზნად ვისახავთ გრანდიოზული გეგმების განხორციელებას.
საქართველოში დღეს ჩვენ ამ დარგის ფლაგმანები ვართ, გულწრფელად მიხარია, რომ საქართველოს მთავრობასთან ერთობლივად აქტიური თანამშრომლობა შევძელით, რადგან ამ გზით საქართველო შეძლებს თევზის და ზუთხის შავი ხიზილალის მიწოდებას ევროპის ბაზარზე – ყველაზე დიდ ბაზარზე მსოფლიოში.
ჩვემ ვგეგმავთ იქ მიწოდების განხორციელებას და გავდივართ საჭირო რეგულაციებს. ეს საშუალებას მოგვცემს, მივიღოთ მწარმოებლის ევროპული ნომერი ჩვენი პროდუქციის ევროპაში ექსპორტისთვის.
მე მადლობელი ვარ საქართველოს მთავრობის, კონსტრუქციული მუშაობისთვის სავაჭრო ხელშეკრულების ხელმოწერის გზაზე, რომელზედაც დამოკიდებულია ქართული ზუთხის შავი ხიზილალის ექსპორტი ევროპულ ბაზარზე. ახლა გვაქვს დიდი შეკვეთები არაბული ქვეყნებიდან და მალე ვგეგმავთ ექსპორტს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.
რამდენად პოპულარულია თქვენი პროდუქტი შიდა ბაზარზე?
2021 წელს ჩვენ საქართველოში დაახლოებით 1 ტონა ზუთხის ხიზილალის რეალიზაცია მოვახდინეთ. და ეს იმის მიუხედავად, რომ ჩვენ გვაფრთხილებდნენ, თითქოს ადგილობრივი მოსახლეობა არ მოიხმარდა შავ ხიზილალას, და შესაბამისად მისი გაყიდვა ნაკლებად სავარაუდო იქნებოდა. სინამდვილეში ყველაფერი სხვაგვარად აღმოჩნდა. ზოგჯერ ჩნდებიან ფლაგმანები, დარგის ლიდერები, რომლებიც ცვლიან სტერეოტიპებს. და მე ვამაყობ, ფოტო: ჯაბა ჩიტიძე რომ „Panchenko Caviar House“ – ერთ-ერთი ასეთი კომპანიაა. უფრო მეტიც, ჩვენ ხელმისაწვდომი გავხადეთ პროდუქცია ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ჩვენ ხიზილალის დიდი მარაგი გაგვაჩნია. მე ვსაუბრობ ემბრიონებზე, რომლებიც იმყოფებიან მდედრი ზუთხის ცოცხალ სხეულში, რომლებიც ბინადრობენ მდინარე ივრის ყველაზე სუფთა წყლებში. ყველა ეს ფაქტორი საშუალებას აძლევს ჩვენს ტექნოლოგებს, აწარმოონ მსოფლიოში საუკეთესო ხარისხის და უგემრიელესი ხიზილალა. შავი ხიზილალის გრამაჟიც კი მოვახდინეთ, რათა საქართველოს ნებისმიერ მცხოვრებს ადვილად შესძლებოდა მისი გასინჯვა.
გრამაჟის სახეობების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, ჩვენ ავაგეთ საკუთარი დისტრიბუცია და ვთანამშრომლობთ ძირითად ქართულ რითეილ კომპანიებთან: აგროჰაბთან, კარფურთან, ევროპროდუქტთან, ნიკორასთან, HORECA-სთან. გვაქვს ონლაინ მიწოდებაც, რაც საშუალებას გვაძლევს, კიდევ უფრო ახლოს ვიყოთ მომხმარებელთან. ჩვენ ხშირად ვაწყობთ დეგუსტაციებს, რომლებიც შეგიძლიათ იხილოთ კარფურში ან აგროჰაბში. და ძალიან კარგია, რომ არსებობს ადამიანების შავი ხიზილალით გამასპინძლების შესაძლებლობა, რადგან ჩვენ გვყავს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სადედე ჯოგი.
ისევე როგორც დღეს საქართველოში ამაყობენ ნამდვილი ქართული ღვინით და კულტურით, რომელიც ათასწლეულებს ითვლის, სწორედ ასევე, დღეს იბადება ახალი კულტურა – ქართული ზუთხის შავი ხიზილალა. ეს კულტურა სწორედ ახლა იდგამს ფეხს, ჩვენ 14 წელია, რაც ამით ვართ დაკავებული, მაგრამ ტენდენციები იმგვარია, რომ მომდევნო ათი წლის განმავლობაში ვგეგმავთ ექსპორტის იმ მოცულობის მიღწევას, რომელიც არ ჩამოუვარდება ქართული ღვინის ექსპორტს. აქ ძალიან მნიშვნელოვანია, „Panchenko Caviar House“-მა და საქართველოს ხელისუფლებამ იმოქმედონ სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე.
და რამდენად არის შესაძლებელი ამგვარად მოქმედება?
არსებობენ ცალკეული მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც არიან პატიოსნები და მათი საქმე უმაღლეს პროფესიულ დონეზეა აყვანილი.
ჩვენ ჩამოვიყვანეთ ქვეყანაში ბევრი სპეციალისტი, დავნერგეთ თევზის მოშენების, მისი შემდგომი გადამუშავების და ზუთხის შავი ხიზილალის წარმოების თანამედროვე მეთოდები, ამიტომ სიამოვნებით ვუზიარებთ გამოცდილებას აგროკულტურის ბაზრის სხვა მონაწილეებს და სამინისტროს. ჩვენ მზად ვართ შემდგომი თანამშრომლობისთვის. საქართველოს დღეს აქვს ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი – წყალი, ნამდვილი, სასმელი, სუფთა წყალი. ნახშირწყალბადები წარსულში რჩება, დინოზავრებთან. ყველაფერი, რაც ჩვენ გვჭირდება, არის რესურსების რაციონალური და ეფექტური გამოყენება. ეს ქვეყნისთვის დიდი პერსპექტივაა.
ჩვენი სადედე ჯოგი, რომელშიც ემბრიონები არიან, საშუალებას აძლევს „Panchenko Caviar House“-ს გახდეს ერთ-ერთი ძირითადი მოთამაშე მსოფლიო ბაზარზე. ახლა ჩვენ წინაშე დგას წარმოების მნიშვნელოვნად გაფართოების ამოცანა, კერძოდ, მისი სიმძლავრის – ეს არის ამოცანა, რომელსაც რაც შეიძლება მალე უნდა გავუმკლავდეთ. საქართველოში ჩემი ყოფნის 14 წლის მანძილზე არასდროს მიგვიღია მონაწილეობა ტენდერში, არავისგან არაფერი გვითხოვია, არ აგვითვისებია არც ერთი გრანტი, ყველაფერი რაც გვჭირდება – ეს დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღებაა. და მორჩა. ჩვენ თავად ავაშენებთ წარმოებას და მოვიზიდავთ ინვესტიციებს. საქართველოში ყოფნის მთელი დროის განმავლობაში ჩვენ დაახლოებით 10 მილიონი დოლარის ინვესტიცია გვაქვს განხორციელებული. ახლა კი არსებობს არაერთი საინვესტიციო ჯგუფი, რომელიც დაინტერესებულია ამ მიმართულებით.
მე დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს 2-3 წელიწადში, ხელსაყრელი პოლიტიკური ვითარების პირობებში, „Panchenko Caviar House“-ში და საქართველოს ეკონომიკაში ათობით მილიონი დოლარის ინვესტიცია წამოვა.
ეს არის უზარმაზარი ეკონომიკური შესაძლებლობების მქონე ქვეყანა, რომელიც გარკვეული პროცესების საშუალებით შეიძლება ჩადგეს მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების რიგში. ხოლო ეს კი, სწორედ ბიზნესისა და პოლიტიკოსების ამოცანას წარმოადგენს. და მერწმუნეთ, ამისათვის ნამდვილად არსებობს ყველა შანსი.
რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის?
ჩემი აზრით, ისტორია სპირალურად მეორდება. ჩვენ ვიცით საქართველოს ოქროს ხანის შესახებ, რომელიც შეიძლება ახლო მომავალში დადგეს, იმ პირობით, რომ ყველა ამ მშვენიერ ქვეყანაში მცხოვრები მაქსიმალურად იზრუნებს მასზე, როგორც საკუთარ სახლზე. ხოლო საკუთარ ხალხზე, როგორც საკუთარ ოჯახზე, და გააკეთებს იმას, რის გამოც მას არ შერცხვება საკუთარი შვილების წინაშე. როდესაც თითოეული ჩვენგანი უკეთესობისკენ შეიცვლება და ახალ ცოდნას მიიღებს. მიენდე ღმერთს, მაგრამ თავადაც იმოქმედე, დონორების მოლოდინების გარეშე. და ვისურვებდი უფრო კონსტრუქციული დიალოგის გამართვას პოლიტიკურ და ბიზნეს ისტებლიშმენტს შორის.
გვითხარით თქვენი გეგმების შესახებ სამი კომპლექსიდან თითოეულთან დაკავშირებით?
პირველი კომპლექსი კახეთში, საგარეჯოს რაიონის სოფელ ხაშმში აშენდა. ეს ულამაზესი მხარეა, პირველ რიგში, ენერგეტიკული თვალსაზრისით. იქვე მდებარეობს ვახტანგ გორგასლის ციხე, მეფის საზაფხულო რეზიდენცია, ოთხივე მხრიდან ტაძრებით გარშემორტყმული. აქ არის ცნობილი ღვინო – ხაშმის საფერავი, სამკურნალო ღვინო. ახლა კი იქ არის სამკურნალო ხიზილალაც. ხიზილალა მართლაც სამკურნალოა, რადგან წარმოადგენს ბიოლოგიურ მასალას, რომელიც გენეტიკურად ფორმირდებოდა დაახლოებით 200 მილიონი წლის განმავლობაში (რაც პლანეტა დედამიწაზე ცხოვრობენ ზუთხისებრნი).
თუ უფრო ღრმად ჩავწვდებით – ეს ნატუროპათიაა. ჩვენ ვართ ის, რასაც ვჭამთ. ასეთი უნიკალური გენეტიკური მეხსიერების მქონე ემბრიონი – სხვა არაფერია, თუ არა ანტიეიჯინგი, B ჯგუფის ვიტამინების კომპლექსი, ომეგასთან ერთად, ზუსტად იმ რაოდენობით, რისი ათვისებაც შეუძლია ადამიანს. მაგრამ ხიზილალა არა მხოლოდ სასარგებლოა, არამედ ძალიან გემრიელიცაა. და, რა თქმა უნდა, ეს არის მძლავრი აფროდიზიაკი. ჩვენი თევზები საუკეთესო საკვებით იკვებებიან ევროპიდან, და იღებენ იდეალურ სასმელ წყალს მდინარე იორიდან.
ამ ყველაფრის წყალობით გამოდის საუკეთესო ხარისხის ხიზილალა: მარცვლის ზომა და ღირებულება, სუნი, ფერი. ყველაფერი უმაღლეს დონეზეა. ეს 6-ვარსკვლავიან პროფილაქტიკურ სანატორიუმს ჰგავს, რომელშიც ჩვენი ზუთხის დედა-თევზები იმყოფებიან. ჩვენ განვიხილავთ რიგი სასტუმროების ბიზნესის ქსელის ოპერატორების წინადადებებს 5-ვარსკვლავიანი სპა სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით. კომპლექსი მდებარეობს საერთაშორისო აეროპორტთან ახლოს, ქალაქიდან მხოლოდ 20 კილომეტრის დაშორებით, მიმდებარედ არის უამრავი ღირსშესანიშნაობა, არის ძალიან მოსახერხებელი, კომპაქტური, წარმოუდგენლად ლამაზი და სასარგებლო: ბუნება, ჰაერი და წყალი იქ უნიკალურია. მაგრამ ახლა ჩვენ გულდასმით ვსწავლობთ, როგორ არ შევუშალოთ ხელი ზუთხის დედა-თევზებს. ადგილი, სადაც ისინი ბინადრობენ, უნდა იყოს დაშორებული და მაქსიმალურად მშვიდი.
მეორე კომპლექსი თეთრიწყაროს ტერიტორიაზე მდებარეობს. იგი მრავალფუნქციურ კომპლექსს წარმოადგენს. პირველ რიგში, ეს არის უნიკალური ადგილი ზუთხისებრთა ოჯახის თევზების კონსერვაციისთვის, საჭიროების შემთხვევაში, მთელი კალენდარული წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს უახლესი შავი ხიზილალის მისაღებად. ასევე, ორაგულის ოჯახის თევზის მოსაშენებლად და მათგან ხიზილალის მოსაპოვებლად. კომპანია ორიენტირებულია ადგილობრივ წარმოებაზე და შედეგად, იმპორტის ჩანაცვლებაზე. ჩვენ პირველები ვართ ბაზარზე, ვინც მსხვილი კალმახის მოშენება დავიწყეთ. აღმოჩნდა, რომ ის შეიძლება იყოს არა მხოლოდ 200-300 გრამი, არამედ შეიძლება გაიზარდოს 5-7 კილოგრამამდე. და რაც მთავარია, ადგილობრივი მომხმარებელი სიამოვნებით ყიდულობს მას.
ახლა ჩვენ ვზრდით სიმძლავრეს, რათა კიდევ უფრო გავაფართოოთ წარმოება. მიწოდების ჯაჭვი არ უნდა შეწყდეს. ჩვენ ასევე ვაწარმოებთ კალმახის ხიზილალასაც. მისი ბუნებრივი ფერი – ოქროსფერია. ჩვენი ხარისხის სტანდარტებიდან გამომდინარე, უბრალოდ დაუშვებელია რაიმე სახის საღებავის ან პიგმენტის გამოყენება. ჩვენ არ ვართ მღებავები, ჩვენ არ ვღებავთ. მყიდველები სულ უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ ხარისხს და ეს ძალიან სასიხარულოა. ბევრი ადამიანი სწავლობს შემადგენლობას, მე ხშირად ვაქცევ ამას ყურადღებას რითეილში. ადამიანები აკვირდებიან ეტიკეტს, ეცნობიან მწარმოებელს, ითვალისწინებენ ვარგისობის ვადას. მადლობა ღმერთს, ყველაფერი უკეთესობისკენ იცვლება. ვინც გასინჯა ჩვენი ხიზილალა – გოლდი, ამბობენ, რომ უკვე აღარ უნდათ საღებავი. და მე გახარებული ვარ, რომ აკვაკულტურის ბაზრის სხვა მონაწილეებიც ორიგინალების სტანდარტებზე გადადიან. ისედაც იმდენი ფალსიფიკაცია და სიცრუეა მსოფლიოში. იმარჯვებს ის, ვინც ნამდვილს აკეთებს. მხოლოდ ის მიაღწევს ფინიშამდე.
თევზის მოშენების გარდა, „ადმირალის“ კომპლექსის კიდევ ერთი მიმართულებაა – ტურიზმი. ვამჩნევ, რომ ტურიზმი ახლა სიახლეს მოითხოვს და ეს მიმართულება უბრალოდ ძალიან პერსპექტიულია. ვგულისხმობ გზას, რომელიც გადის თეთრიწყაროს რაიონზე და შემდეგ ნინოწმინდისკენ. აქ ძალიან ლამაზი ბუნება გვაქვს: ალგეთის ეროვნული პარკი და ალგეთის ტბა.
როგორც ხაშმი, სადაც ჩვენი პირველი კომპლექსია განთავსებული, ასევე მეორე კომპლექსი უნიკალური სილამაზით გამოირჩევა. მხოლოდ მდინარეებია იქ განსხვავებული: ალგეთი და იორი, რომლებიც სათავეს იღებენ თრიალეთის ქედიდან, დიდი კავკასიონის ქედიდან. იქ ნადნობი, ძალიან სუფთა წყალია. ეს არის ის, რაც საჭიროა ტურისტების მოსაზიდად, რათა მათ სიამოვნებით აღმოაჩინონ მათთვის ახალი მიმართულება. ჩვენთან ახლოს არის ბირთვისის კანიონი ჩანჩქერებით, ულამაზესი ჩიტებით, რომლებიც უბრალოდ მოფრინდებიან და სტუმარს მხრებზე ასხდებიან. იქვე ახლოს მდებარეობს ქეთევან დედოფლის ციხე და უამრავი სხვა ღირსშესანიშნაობა. იქვეა ქართული დამწერლობის უნიკალური ძეგლი, რომელიც ალგეთის ტბის კაშხალზე მდებარეობს. ჩვენ ვგეგმავთ ტურისტებისთვის გადმოსახედი მოედნის მშენებლობას საკუთარი ინვესტიციების გამოყენებით. გვინდა, ბუნებასთან და ქვეყანასთან ერთად ფეხშეწყობილად ვიაროთ და რაღაც ნამდვილად კარგი გავაკეთოთ.
სასტუმრო-რესტორნის კომპლექსი „ადმირალის“ ტერიტორიაზე, რომელიც მდებარეობს ტბისში, ფუნქციონირებს რესპექტაბელური და ძალიან გემრიელი რესტორანი, ასევე მაღაზია, სადაც შესაძლებელია შავი ხიზილალის და თევზის შეძენა. კომპლექსის ტერიტორიაზე შესაძლებელია თევზაობა. „ადმირალი“ Kid-friendly-ია და ჩვენ ბავშვებსაც კი ვაძლევთ საშუალებას, გამოკვებონ თევზი, ვატარებთ ექსკურსიებს აკვაკულტურებში: ვიზიტორებს შეუძლიათ ნახონ, როგორ იბადება და როგორ იზრდება თევზი.
მესამე კომპლექსი: რიონის ზუთხის ქარხანა მდინარე რიონზე, ქუთაისთან ახლოს. აშენებულია 80-იან წლებში. ქარხანას სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა, შარშან ჩვენ დაახლოებით 200 ათასი ზუთხის ლიფსიტა გავზარდეთ.
საქართველო ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც შავი ზღვიდან მდინარეებში ზუთხისებრთა ოჯახის თევზის ექვსი სახეობა შემოდის. მსგავსი პრაქტიკის მქონე არცერთი ქვეყანა არ არსებობს. ჩვენი ქარხნის ხვალინდელ დღეს, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვუკავშირებთ ქართული ფასეული ზუთხისებრთა ოჯახის თევზის წარმოებას, რაც კიდევ ერთი მძლავრი ნაბიჯი იქნება საქართველოს პოპულარიზაციისა და სიამაყისთვის.
იმპორტის რა წილი შეცვალეთ?
12-წლიანი მუშაობის მანძილზე ჩვენ მოვაშენეთ დაახლოებით 3 ათასი ტონა თევზი, რომლის იმპორტსაც აქამდე ქვეყანა ახორციელებდა. ყოველწლიურად ვზრდით წარმოებას და რაც მთავარია, ვამცირებთ საბოლოო პროდუქტის ღირებულებას. ისევე როგორც ხიზილალას შემთვევაში, რაც უფრო მეტ თევზს ვაწარმოებთ, მით უფრო იკლებს ფასი. ჩვენ გულდასმით ვსწავლობთ, თუ რა სახეობის თევზის იმპორტი ხორციელდება ქვეყანაში, რომელიც, სამწუხაროდ, არცთუ ისე კარგი ხარისხისაა, და ამიტომ უაღრესად მნიშვნელოვანია მისი ჩანაცვლება ხარისხიანი ეროვნული პროდუქტით.
მსოფლიო ოკეანეებიდან თევზაობის ინდუსტრიული მოცულობის გამო, თევზი მალე გაქრება და არსებობს სხვადასხვა კვლევა, მათ შორის მსოფლიო ბანკის, რომ თუ კაცობრიობა არ დაფიქრდება, 2050 წლისთვის თევზი საერთოდ აღარ იქნება. და ეს ნიშა, ზრდის დინამიკის თვალსაზრისით, აკვაკულტურას უჭირავს. მაგრამ რას ზრდის ადამიანი და როგორ წყლებში – ეს უკვე დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
ზოგადად მიღებული, და ადრე ტრადიციული იყო, რომ ზუთხის და შავი ხიზილალის მიწოდება კასპიის რეგიონის ქვეყნებიდან ხდებოდა, მაგრამ დღეს სიტუაცია შეიცვალა. კასპიის რეგიონის ამ ქვეყნებში საქართველო ახორციელებს ზუთხისა და შავი ხიზილალის ექსპორტს. საქართველო ცვლის სტერეოტიპებს.
როგორ წყვეტთ კვალიფიციური კადრების პრობლემას?
მთელ მსოფლიოში ჩვენ აქტიურად ვეძებთ და ვპოულობთ პროფესიონალ, მსოფლიო დონის ტექნოლოგებს, ხიზილალის მაღალი დონის სპეციალისტებს, რომლებიც მსოფლიოში მხოლოდ ათამდეა.
იქთიოლოგებს, იქთიოპათოლოგებს და მთელ რიგ ვიწრო წრის სპეციალისტებს, რომლებსაც ჩვენ აქ ვიწვევთ. გარდა ამისა, ჩვენ ვქმნით სამუშაო ადგილებს ადგილობრივი მოსახლეობისათვის, შევასწავლით, ვაქცევთ პროფესიონალებად. ჯგუფის გეგმებში შედის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების გახსნა, ყველა ამ სპეციალობასთან მიმართებით, რათა ქვეყანაში განვითარდეს აკვაკულტურა.
დაბოლოს, ჩვენი მკითხველისთვის, სად არის შესაძლებელი „Panchenko Caviar House“-ს ხიზილალის და თევზის შეკვეთა?
პირველ რიგში, გირჩევთ გაეცნოთ ხიზილალის კატალოგს, რადგან ის ყველაზე დახვეწილი შემფასებლის მოთხოვნილებებსაც კი დააკმაყოფილებს. განსაკუთრეული ადამიანებისთვის „Panchenko Caviar House“-მ შექმნა განსაკუთრებული ხიზილალა: „Imperial“.
ტელეფონი შეკვეთებისთვის: (+995) 599 537 100.
ასევე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ფოსტით: caviarpanchenko@gmail.com
სასტუმრო-რესტორნის კომპლექსი „ადმირალის“ ტერიტორიაზე განთავსებულია საფირმო მარკეტი, სადაც შესაძლებელია ხიზილალისა და თევზის შეძენა. მუშაობს 08:00-21:00 (დასვენების დღეების გარეშე). მათთვის, ვისაც სურს დაისვენოს და გემრიელად მიირთვას, ფუნქციონირებს რესტორანი. შესაძლებელია ასევე თევზაობაც.
სასტუმრო-რესტორნის კომპლექსი „ადმირალი“ მდებარეობს მისამართზე: თეთრიწყარო, სოფელი ტბისი.