Bloomberg News-ის ინფორმაციით, კატარის ფონდი ინგლისის პრემიერლიგის კლუბების შეძენითაა დაინტერესებული. ფონდი, პოტენციურ სამიზნედ, „მანჩესტერ იუნაიტედს“, „ლივერპულს“ ან „ტოტენჰემს“ განიხილავს. მოხსენების თანახმად, Qatar Sports Investments-ი „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „ლივერპულის“ წილის, ან სრულად შესყიდვას განიხილავს.
როგორც გამოცემა იტყობინება, Qatar Sports Investments-ისა და „ტოტენჰემის“ ხელმძღვანელობას შორის შეხვედრა უკვე გაიმართა. თუმცა, „ტოტენჰემ ჰოთსპურის“ ცნობით, კლუბის გაყიდვასთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
როგორც ნოემბერში გახდა ცნობილი, „მანჩესტერ იუნაიტედის“ მფლობელი გლეიზერების ოჯახი ინგლისური კლუბის გაყიდვას გეგმავს. თუმცა, სრულად გაყიდვის გარდა, პრემიერლიგის კლუბისთვის გარე ინვესტიციას განიხილავს. ნოემბერსვე, Fenway Sports Group-ის მიერ კლუბის შესაძლო გაყიდვაზე განცხადება „ლივერპულის“ თავმჯდომარემ, ტომ ვერნერმა გააკეთა.
ცნობისთვის, Forbes-ი „მანჩესტერ იუნაიტედს“ $4.6 მილიარდად აფასებს, რაც მას მსოფლიოს რიგით მესამე ყველაზე ძვირად ღირებულ საფეხბურთო კლუბად აქცევს. ამერიკული გამოცემის მონაცემებით, „ლივერპულის“ ღირებულება $4.45 მილიარდია (რეიტინგში მეოთხე), ხოლო „ტოტენჰემი“ 2022 წლის ყველაზე ძვირად ღირებული კლუბების ათეულს ასრულებს და $2.35 მილიარდად არის შეფასებული.
შეგახსენებთ, რომ Qatar Sports Investments-ის საკუთრებაშია ფრანგული საფეხბურთო კლუბი „პარი სენ-ჟერმენი“. გარდა ამისა, კატარის ფონდი პორტუგალიურ საფეხბურთო კლუბ „ბრაგას“ მეწილეცაა.