შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიამ ქიმიის დარგში მიმდინარე წლის ნობელის პრემიის ლაურეატები გამოავლინა. ესენი არიან: მანგი ბავენდი, ლუი ბრიუსი და ალექსეი ეკიმოვი.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მეცნიერებს პრესტიჟული ჯილდო კვანტური წერტილების აღმოჩენისა და სინთეზისთვის გადაეცათ. ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, ეკიმოვმა და ბრიუსმა მოახერხეს კვანტური წერტილების შექმნა, ბავენდიმ კი ქიმიურ წარმოებაში რევოლუცია მოახდინა.
კვანტური წერტილები ახლა კომპიუტერის მონიტორებსა და ტელევიზიის ეკრანებს ანათებს. ისინი ასევე გამოყენებულია ზოგიერთ LED-ნათურაში. გარდა ამისა, კვანტურ წერტილებს ბიოქიმიკოსები და ექიმები ბიოლოგიური ქსოვილის რუკაზე იყენებენ.
შეგახსენებთ, ქიმიის დარგში 2022 წლის ნობელის პრემიის ლაურეატები კაროლინ ბერტოზი, ბარი შარპლესი და დანიელი მორტენ მელდალი გახდნენ. მეცნიერებს ჯილდო „„კლიკ-ქიმიისა“ და ბიოორთოგონალური ქიმიის განვითარებისთვის“ გადაეცათ. უფრო კონკრეტულად კი, შარპლესმა და მელდალმა საფუძველი ჩაუყარეს ქიმიის ფუნქციურ ფორმას – „კლიკ-ქიმიას“ – რომელშიც მოლეკულური ბლოკები სწრაფად და ეფექტიანად ერწყმის ერთმანეთს. ბერტოზიმ კი „კლიკ-ქიმია“ ახალ განზომილებაში გადაიყვანა და მისი ცოცხალ ორგანიზმებში გამოყენება დაიწყო.
ცნობისთვის, 1901-დან 2023 წლამდე პერიოდში ქიმიის დარგში ნობელის პრემია 115-ჯერ გაიცა. აქედან 27-ჯერ ჯილდო სამ მეცნიერზე გაიყო, ისევე როგორც წელს და შარშან. აქვე გეტყვით, რომ ქიმიის დარგში ნობელის პრემია დღემდე რვა ქალს აქვს მიღებული.