ქუთაისში კიდევ ერთი ბიუჯეტური ავიაკომპანია შემოდის, Wizz Air-ი კი რეისებს  აახლებს

ქუთაისში კიდევ ერთი ბიუჯეტური ავიაკომპანია შემოდის, Wizz Air-ი კი რეისებს  აახლებს

საქართველოში კიდევ ერთი ბიუჯეტური ავიაკომპანია შემოდის, Wizz Air-ი კი რეისებს აახლებს. ეს ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ გაავრცელა. დავიწყოთ ახალი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიით, რომელიც ფრენებს ქუთაისიდან შეასრულებს. საუბარია ყაზახურ „ფლაიარისტანზე“. აქტაუ, ატირაუ და ნურ-სულთანი – ეს ის სამი ახალი მიმართულებაა, საიდანაც ქუთაისის აეროპორტში რეგულარული ფრენები განხორციელდება. 2 მაისიდან თითოეულ მიმართულებაზე რეისები კვირაში ორჯერ, დაინიშნება. ბილეთების ყიდვა ავიაკომპანიის ვებგვერდზე უკვე შესაძლებელია.

„2020 წელს, რომელიც თავისი გამოწვევებით ერთ-ერთი ურთულესი  იყო, საქართველოს მთავრობამ ორი საერთაშორისო აეროპორტის განახლება-გაფართოება შეძლო, მათ შორის არის ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი, რომლის მგზავრთა გამტარუნარიანობაც გაოთხმაგდა, რაც ქვეყანაში კიდევ ერთი  დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიის ოპერირების დაწყების მნიშვნელოვანი საფუძველია“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა.

ცნობისთვის, ყაზახური ავიაკომპანიის შემოსვლაზე საუბარი ჯერ კიდევ 2019 წელს დაიწყო. დაახლოებით ორი წლის წინ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ყაზახეთში ვიზიტისას ამ საკითხზეც გაამახვილა ყურადღება.

გარდა ახალი ავიაკომპანიისა, ცნობილი გახდა, რომ 18 აპრილს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ პირველ რეისს უნგრული ავიაკომპანია Wizz Air-ი შეასრულებს. აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი დაბალბიუჯეტური გადამზიდავი ქუთაისიდან თავდაპირველად ვარშავისა და ვილნიუსის მიმართულებით რეგულარულ რეისებს განაახლებს, მაისიდან კი  ფრენებს რიგისა და დორტმუნდის მიმართულებითაც დაიწყებს. Wizz Air-ი ივნისიდან ფრენებს ევროპის კიდევ 13 მიმართულებით ეტაპობრივად განაახლებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *