მაშინ როდესაც მსოფლიო ელექტრომობილების ეპოქისკენ მიისწრაფვის, ბატარეების წარმოება ბევრი სახელმწიფოსთვის, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, პრიორიტეტული ხდება. თუმცა ბატარეების წარმოებაში ლიდერი კვლავ ჩინეთია, რომელიც პირველობისთვის ბრძოლაში სხვა ქვეყნებზე ბევრად ადრე ჩაერთო.
ლითიუმ-იონური ბატარეების მიწოდების ჯაჭვის რეიტინგი, რომელიც BloombergNEF-ის მონაცემებზე დაყრდნობითაა შედგენილი, ნათლად აჩვენებს და პროგნოზირებს ჩინეთის დომინირებას 2022-2027 წლების პერიოდში, ქვეყნებს შორის ბატარეების წარმოების საერთო სიმძლავრის მიხედვით. აღსანიშნავია, რომ 2022 წელს ჩინეთის მასშტაბით წარმოებული ბატარეების სიმძლავრე, დანარჩენ სამყაროში წარმოებული ბატარეების კოლექტიურ სიმძლავრეს აღემატებოდა.
ჩინეთი დაახლოებით 900-გიგავატსაათიანი წარმოების სიმძლავრით, შესაბამისად ლითიუმ-იონური ბატარეების გლობალური წარმოების 77%-ით რეიტინგის პირველ ადგილზეა. მსოფლიოს ათი უმსხვილესი მწარმოებლიდან ექვსი, მათ შორის CATL-ი, BYD-ი და CALB-ი, ჩინეთში მდებარეობს, რომელთა წილი ბატარეების წარმოების გლობალურ ბაზარზე შესაბამისად 34%, 12% და 4%-ია. გარდა ამისა, ჩინეთი ელექტრომობილების ყველაზე დიდი ბაზარია, 2021 წელს გლობალური გაყიდვების 52%-იანი წილით.
ლითიუმ-იონური ბატარეების წარმოებით მეორე ადგილზე პოლონეთია, თუმცა ჩინეთის სიმძლავრის თითქმის მეათედზე ნაკლებით. პოლონეთში მდებარეობს ევროპაში უდიდესი, LG Energy Solution-ის საწარმოო გიგაქარხანა. მთლიანობაში, ევროპის ქვეყნები (მათ შორის ევროკავშირის არაწევრი სახელმწიფოები) 2022 წელს, ბატარეების გლობალური წარმოების მხოლოდ 14%-ს შეადგენდნენ. მესამე ადგილს, თუმცა ამბიციური გეგმებით, ამერიკის შეერთებული შტატები იკავებს. შტატებს ბატარეის რვა უმსხვილესი ქარხანა აქვს, ძირითადად სამხრეთსა და ცენტრალურ დასავლეთში.
მომდევნო ხუთ წელიწადში წარმოებული ლითიუმ-იონური ბატარეების სიმძლავრე სავარაუდოდ რვაჯერ გაიზრდება. BloombergNEF-ის პროგნოზით, ჩინეთი ფესვგადგმული დომინანტობის შენარჩუნებას 2027 წლისთვისაც შეძლებს, ბატარეების გლობალური წარმოების 69%-ით. თუმცა პარალელურად, მომდევნო ხუთ წელიწადში, ამერიკის შეერთებული შტატების წარმოებაც სავარაუდოდ ათჯერ მეტად გაიზრდება. ბატარეების წარმოების ზრდას ხელს ბაიდენის მიერ გასულ წელს დამტკიცებული „ინფლაციის შემცირების აქტი“ შეუწყობს, რომელიც კომპანიებს, შტატებში წარმოების გადმოსატანად, შეღავათებს სთავაზობს.
ქვეყნების რეიტინგი 2022 წელს წარმოებული ბატარეების სიმძლავრის მიხედვით:
- ჩინეთი – 900 გიგავატსაათი, გლობალური წარმოების 77%
- პოლონეთი – 73 გიგავატსაათი,, გლობალური წარმოების 6%
- ამერიკის შეერთებული შტატები – 70 გიგავატსაათი, გლობალური წარმოების 6%
- უნგრეთი – 38 გიგავატსაათი, გლობალური წარმოების 3%
- გერმანია – 31 გიგავატსაათი, გლობალური წარმოების 3%
- შვედეთი – 16 გიგავატსაათი, გლობალური წარმოების 1%
- სამხრეთი კორეა – 15 გიგავატსაათი, გლობალური წარმოების 1%
- იაპონია – 12 გიგავატსაათი, გლობალური წარმოების 1%
- საფრანგეთი – 6 გიგავატსაათი, გლობალური წარმოების 1%
- ინდოეთი – 3 გიგავატსაათი, გლობალური წარმოების 0.2%
ქვეყნების რეიტინგი, წარმოებული ბატარეების სიმძლავრის მიხედვით 2027 წლისთვის (BloombergNEF-ის პროგნოზი):
- ჩინეთი – 6,197 გიგავატსაათი, გლობალური წარმოების 69%
- ამერიკის შეერთებული შტატები – 908 გიგავატსაათი, გლობალური წარმოების 10%
- გერმანია – 503 გიგავატსაათი, გლობალური წარმოების 6%
- უნგრეთი – 194 გიგავატსაათი, გლობალური წარმოების 2%
- შვედეთი – 135 გიგავატსაათი, გლობალური წარმოების 2%
- პოლონეთი – 112 გიგავატსაათი, გლობალური წარმოების 1%
- კანადა – 106 გიგავატსაათი, გლობალური წარმოების 1%
- ესპანეთი – 98 გიგავატსაათი, გლობალური წარმოების 1%
- საფრანგეთი – 89 გიგავატსაათი, გლობალური წარმოების 1%
- მექსიკა – 80 გიგავატსაათი, გლობალური წარმოების 1%