ბენჩმარკინგი (ინგლისურად Benchmarking) არის კომპანიის მაჩვენებლების სხვა უფრო წარმატებულ კომპანიის მაჩვენებლებთან შედარება, რის შედეგადაც მიღწევები უნდა გაუმჯობესდეს. შედარება ძირითადად დარგის საუკეთესო კომპანიასთან ხდება. ბენჩმარკინგი კომპანიის საქმიანობის სხვადასხვა სფეროში გამოიყენება, მაგალითად: პერსონალის მართვაში, მარკეტინგში, ფუნქციების გადანაწილებაში, ლოგისტიკაში, ფასწარმოქმნაში, ხარისხის კონტროლში და ა.შ.
ბენჩმარკინგის მთავარი უპირატესობა – დარგში საუკეთესო გამოცდილების შესწავლა და გამოყენებაა, თუმცა ზოგჯერ კონკურენტების საქმიანობის შესასწავლადაც გამოიყენება. ბენჩმარკინგის შეზღუდვა ინფორმაციის მოპოვების სირთულეა – კომპანიებს არ სურთ, თავისი წარმატების საიდუმლოება სხვა კომპანიებს გაუზიარონ. შესაბამისად, ბენჩმარკინგის განხორციელება რთული პროცესია და აქედან გამომდინარე, არსებობენ კომპანიები, რომლებიც ამ საქმიანობაზე სპეციალიზდებიან და სხვა კომპანიებს ბენჩმარკინგის ჩატარების მომსახურებას სთავაზობენ.