დეფლაცია (ინგლისურად Deflation) არის საქონლისა და მომსახურების ფასების საერთო დონის კლება, მარტივად რომ ვთქვათ – პროდუქციის გაიაფება. როგორც წესი, გარკვეული საქონელი და მომსახურება ყოველთვის ძვირდება, გარკვეული კი იაფდება. დეფლაცია მხოლოდ მაშინ გვაქვს, თუ გაიაფების ეფექტი გაძვირების ეფექტზე მეტია. დეფლაციას ფულის მსყიდველობითი უნარის ზრდასაც უწოდებენ, რადგან ფასების კლების გამო, მაგალითად, 100 ლარით უფრო მეტ საქონელს და მომსახურებას იყიდი, რასაც ერთი თვის ან ერთი წლის წინ ყიდულობდი.
დეფლაციას ქვეყნების სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურები ითვლიან, როგორც წესი, ერთთვიანი პერიოდით, ანუ აკვირდებიან, როგორ შეიცვალა ფასები ბოლო ერთ თვეში. დეფლაციის დასათვლელად სამომხმარებლო ფასების ინდექსს (სფი) იყენებენ. რადგან საინტერესოა არა ერთი ან ორი დასახელების პროდუქციაზე რამდენად შეიცვალა ფასები, არამედ საშუალოდ რამდენად შეიცვალა ფასები იმ მრავალრიცხოვან პროდუქციაზე, რაზეც ფულს ვხარჯავთ. სამომხმარებლო ფასების ინდექსში შეტანილი არის 300-მდე დასახელების საქონელი და მომსახურება.
ზოგადად, დეფლაცია უფრო იშვიათი მოვლენაა, ვიდრე ინფლაცია (ფასების ზრდა). მიჩნეულია, რომ დეფლაცია ბიზნესის განვითარებას აფერხებს, რადგან ფასები თუ კლებულობს, მაგრამ კომპანიის ხარჯები იგივე რჩება, კომპანიის მოგება მცირდება, ან ზარალზე გადის. დეფლაციის დროს ხშირია ინვესტიციების კლება და დასაქმების შემცირება.