მარჟა (ინგლისურად Margin) არის შესყიდვისა და გაყიდვის ფასებს შორის სხვაობა. ტერმინი მარჟა ძირითადად გამოიყენება სავალუტო ბაზართან, საპროცენტო განაკვეთებთან და საწარმოების მოგებასთან მიმართებით. მარჟას უწოდებენ ვალუტის შესყიდვისა და გაყიდვის კურსებს შორის სხვაობას, ასევე სესხისა და დეპოზიტის საპროცენტო განაკვეთებს შორის სხვაობას. მაგალითად, თუ ბანკს დეპოზიტზე განაკვეთი აქვს 10%, ხოლო სესხზე 15%, მარჟა არის 5%.
ფართოდ გამოიყენება მოგების მარჟა, რომელიც კომპანიის მოგებიანობის მაჩვენებელი კოეფიციენტია. ის გამოითვლება კომპანიის შემოსავალში მოგების წილის ჩვენებით. მაგალითად, თუ კომპანიის შემოსავალი 5,000 ლარია და აქედან მოგება 1,000 ლარია, მოგების მარჟა იქნება 20%, რადგან 1,000 ლარი 5,000 ლარის 20%-ია.