რუსული სამხედრო ძალების უკრაინაში შეჭრის გამო, საერთაშორისო საზოგადოებამ რუსეთის ფედერაციას და კრემლთან დაკავშირებულ ოლიგარქებს მკაცრი სანქციები დაუწესა. ექსპერტების შეფასებით, სანქციების მასშტაბები უპრეცედენტოა და ზოგიერთი მათგანის აღსრულების საკითხი ჯერაც გაურკვეველია.
საზოგადოების ყურადღება განსაკუთრებით რუსი ოლიგარქების ძვირადღირებულმა სუპერიახტებმა მიიქციეს. სანქციების ამოქმედების შემდეგ, ალიშერ უსმანოვს 600 მილიონ დოლარად შეფასებული სუპერიახტა და სარდინიაში $18-მილიონიანი საკურორტო კომპლექსი ჩამოართვეს. სანქცირებულთა სიაში აღმოჩნდა რუსი მილიარდერი ალექსეი მორდაშოვიც, რომელსაც იტალიის პოლიციამ 30 მილიონ დოლარად შეფასებული, 65-მეტრიანი იახტა ჩამოართვა. ფრანგი სამართალდამცავების სამიზნეში აღმოჩნდა იგორ სეჩინის სუპერიახტაც.
იურისტების შეფასებით, საერთაშორისო სანქციების აღსრულებისას პირველი ეტაპი – აქტივების გაყინვა, ყველაზე მარტივია, გაცილებით რთულია იმის გადაწყვეტა, თუ რა ბედი უნდა ეწიოს ამ აქტივებს, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა საქმე ასეთი მასშტაბის სანქციებს ეხება.
„მსგავსი სიტუაცია, როგორსაც ახლა ვხედავთ, აქამდე არასოდეს ყოფილა“. – ამბობს Keystone Law-ის იურისტი, ბენჯამინ მალტბი.
ზოგადად, საერთაშორისო სანქციები ითვალისწინებს აქტივების გაყინვას, რაც იმას გულისხმობს, რომ მფლობელს აღარ შეუძლია აქტივის გაყიდვა, გადაცვლა ან გამოყენება. მთავარი სადავო საკითხი კი, ძირითადად, ქონების მესაკუთრეობის უფლებაა, რომელსაც სასამართლო წყვეტს და ეს დროში საკმაოდ გაწელილ პროცესთანაა დაკავშირებული.
ექსპერტების შეფასებით, ამჟამად რუს ოლიგარქებზე ჩამორთმეული აქტივების საკითხების სასამართლოში სათითაოდ განხილვა პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან იახტებისა თუ სახლების დიდი რაოდენობა არა პირდაპირ ოლიგარქებზე, არამედ მათ ოფშორულ კომპანიებზე, ფონდებსა და ორგანიზაციებზეა რეგისტრირებულია. ოფშორები კი, ძირითადად ისეთ ადგილებშია დაფუძნებული, სადაც სამართლებრივი სისტემა ინვესტორების უფლებების დაცვაზეა მორგებული, მაგალითად: კაიმანის კუნძულებსა და პანამაში.
ასევე, პოტენციურ გამოწვევას წარმოადგენს გაყინული აქტივების შენახვასთან დაკავშირებული ხარჯები. Keystone Law-ის ინფორმაციით, იახტის შენახვა ყოველწლიურად დაახლოებით მილიონ დოლარს მოითხოვს, ვინ დაფარავს გაყინული აქტივების შენახვის ხარჯებს – ჯერჯერობით უცნობია.
სამართლებრივი გაურკვევლობიდან გამოსავალს ექსპერტთა ნაწილი ევროკავშირისა და აშშ-ს მიერ ერთიანი სისტემის შექმნაში ხედავს, რომელიც მაქსიმალურად გაამარტივებს რუს ოლიგარქებზე ჩამორთმეული აქტივების განკარგვის და აუქციონებზე გაყიდვის საკითხს.