რა გავლენას მოახდენს ელექტროტრანსპორტის რაოდენობის ზრდა საწვავის მოხმარებაზე?

რა გავლენას მოახდენს ელექტროტრანსპორტის რაოდენობის ზრდა საწვავის მოხმარებაზე?

მსოფლიო დღითიდღე განაგრძობს სატრანსპორტო ინდუსტრიის ელექტრიფიკაციას, რაც გრძელვადიან პერიოდში საწვავზე მოთხოვნას ელექტროენერგიაზე მოთხოვნით ჩაანაცვლებს. თუმცა ყველას გვესმის, რომ ეს პროცესი ნელი და დროში გაწელილია. ამ სტატიაში განვიხილავთ, თუ რა გავლენა მოახდინა და მომავალშიც მოახდენს ელექტრომობილების რაოდენობის ზრდა და ზოგადად ინდუსტრიის ელექტრიფიკაცია საწვავის მოხმარებაზე 2015 – 2025 წლებში. სტატიაში მოყვანილი მონაცემები BloombergNEF-ის მაჩვენებლებს ეფუძნება.

შეერთებულ შტატებში საშუალო სტატისტიკური სამგზავრო ავტომობილი ყოველწლიურად დაახლოებით 10 ბარელ საწვავს მოიხმარს, მოტოციკლეტისთვის ეს რიცხვი 1 ბარელს შეადგენს, ავტობუსისთვის კი – 276-ს. შესაბამისად, როდესაც გარკვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების ელექტრიფიკაცია ხდება, საწვავის ის რაოდენობა, რაც მისი ფუნქციონირებისათვის იყო საჭირო, ელექტროენერგიით ჩანაცვლდება.

2015 წლიდან მოყოლებული ელექტრომობილებზე დაზოგილი საწვავის უმეტესობა 2- და 3-ბორბლიან ელექტროტრანსპორტზე – მოპედებზე, სკუტერებსა და მოტოციკლეტებზე მოდის. ეს ტენდენცია კი განსაკუთრებით შესამჩნევი აზიაში გახდა, სადაც მსოფლიოში ყველაზე მზარდად აითვისეს ელექტრომოტოციკლეტები თუ ელექტრომოპედები. შედეგად, ჯერ კიდევ 2015 წელს ზემოთ აღნიშნული ელექტროტრანსპორტით ყოველდღიურად მსოფლიოში 674,300 ბარელი ნავთობი იზოგებოდა. შედარებისათვის, 2015 წელს ელექტრომობილების მიერ ყოველდღიურად დაზოგილი ნავთობის მოცულობა მხოლოდ 8,600 ბარელს შეადგენდა. დღეის მდგომარეობით კი, როდესაც ელექტრიფიკაციის პროცესი თითქმის ყველა სახეობის ავტოსატრანსპორტო საშუალებას შეეხო, მათ შორის განსხვავება ამგვარად დრამატული აღარ არის. მეტიც, ელექტრომობილებმა ამ მხრივ განვითარების ყველაზე მაღალი ტემპი აჩვენეს.

მხოლოდ 2022 წელს გლობალურად ჯამში 10 მილიონზე მეტი ელექტრომობილი გაიყიდა. შესაბამისად, BloombergNEF-ის პროგნოზზე დაყრდნობით, 2025 წლისთვის ელექტრომობილები დღიურად 886,000 ბარელი ნავთობის დაზოგვას მოახერხებენ. ჯამში, ნავარაუდებია, რომ 2025 წლისთვის ელექტრომობილები, კომერციული ელექტროტრანსპორტი, ელექტროავტობუსები, ელექტრომოპედები და ელექტრომოტოციკლეტები დღიურად 2,465,500 ბარელ საწვავს დაზოგავენ.

თუმცა უნდა გვესმოდეს ისიც, რომ ამით საგრძნობლად გაიზრდება ელექტროენერგიის მოხმარების მაჩვენებელიც. გარდა ამისა, BloombergNEF-ის პროგნოზით, საწვავის მოხმარების დრამატული შემცირება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ საწვავზე ფასებიც შემცირდება. ელექტროენერგიის გაზრდილი მოხმარება, თავის მხრივ, მწვანე და განახლებადი ენერგიის წყაროების ინდუსტრიას გაზრდის.

გარდა ამისა, ელექტრიფიკაციის პროცესის შეუფერხებლად განვითარებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა, დამტენი პუნქტები, ელემენტების საწყობები თუ გამტარუნარიანობის გაზრდაც საჭიროა. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მომდევნო წლების განმავლობაში ამ ინდუსტრიაში განხორციელებული ინვესტიციების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.