Credit Suisse-ის დახმარების შემდეგ UBS-მა შესაძლოა მილიარდები დაკარგოს

Credit Suisse-ის დახმარების შემდეგ UBS-მა შესაძლოა მილიარდები დაკარგოს

საბანკო სექტორის შვეიცარიული გიგანტი UBS-ი იმ ზეწოლაზე ალაპარაკდა, რომლის გამოვლაც კრიზისში მყოფი კონკურენტის, Credit Suisse-ის გადასარჩენად მოუწია. UBS-ის ინვესტორებისადმი გაფრთხილებით, იურიდიულ და მარეგულირებელ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების გამო, რაც დაჩქარებული გარიგებისა და კულუარული მუშაობის შედეგია, ბანკმა შესაძლოა მილიარდობით დოლარი დაკარგოს.

UBS-ის შეფასებით, ლიმიტირებული დროისა და ზეწოლის გამო, Credit Suisse-ის შესყიდვის შესახებ შემდგარი შეთანხმება შვეიცარიულ ბანკს იმაზე მეტი დაუჯდა, ვიდრე თავდაპირველად გეგმავდა. აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიაში შეტანილი დოკუმენტის თანახმად, „გადაუდებელი გარემოებებიდან“ გამომდინარე, მარტში, გადაწყვეტილების მისაღებად ბანკს მხოლოდ ოთხი დღე ჰქონდა. დროის სიმცირე განპირობებული იყო ბაზრების სტაბილიზაციის სურვილით, გლობალურ ფინანსურ ბაზარზე გავრცელებული ნდობის კრიზისის შესაკავებლად.

UBS-ის აღიარებით, ზეწოლა, რომელიც გარიგებას ახლდა თან, ზღუდავდა ბანკის შესაძლებლობას, „გონივრულად შეეფასებინა“ მისი ეროვნული კონკურენტი და სრულყოფილად დაეგეგმა პოტენციური შესყიდვა. ბოლო ათწლეულის განმავლობაში საბანკო სამყაროსთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გარიგება შვეიცარიის მთავრობის შუამავლობით შედგა და მისი ფასი, მოლაპარაკებების მსვლელობისას საწყისი $1.1 მილიარდიდან, დაახლოებით $3.3 მილიარდამდე გაიზარდა .

შეგახსენებთ, რომ შვეიცარიაში დაფუძნებული საინვესტიციო ბანკი UBS Group-ი თავისივე ეროვნული კონკურენტის, Credit Suisse-ის შესყიდვას მარტში დათანხმდა. შვეიცარიულმა გიგანტმა Credit Suisse-მა აქციების დიდი ნაწილი გაყიდა, ხოლო მისმა უმსხვილესმა ინვესტორმა, საუდის არაბეთის ეროვნულმა ბანკმა, Credit Suisse-ის დამატებითი აქციების შესყიდვაზე უარი განაცხადა. იმ დროს, Credit Suisse-ის პრობლემებმა, აშშ-ის ორი უმსხვილესი ბანკის, Silicon Valley Bank-ისა და Signature Bank-ის კოლაფსის შემდეგ, გლობალურ საბანკო სექტორში შესაძლო კრიზისის შესახებ არსებული შეშფოთება კიდევ უფრო გაამძაფრა.