ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს აზარტული თამაშების სექტორი განსაკუთრებული ტემპით გაიზარდა. საქსტატის ინფორმაციით, 2019 წელს სექტორის ზომამ (დადებული ფსონების ოდენობამ) 25.86 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 2019 წელთან შედარებით 87%-ით მეტია. მართალია ეს სტატისტიკა არა უშუალოდ სექტორის შემოსავალს, არამედ დადებულ ფსონებს აჩვენებს, მაგრამ რეალურად სექტორის ზრდის ტენდენცია საკმაოდ მაღალია. 2019 წელსვე აზრატული თამაშების მიერ შექმნილი დამატებული ღირებულების მოცულობა 901 მილიონი ლარი იყო, რაც 2018 წელს არსებულ მაჩვენებელთან შედარებით 156 მილიონი ლარით მეტი იყო.
საქართველოში ყველაზე მეტი მომხმარებელი აზარტული თამაშების მსხვილ ბრენდებს ჰყავთ, რომლებიც საკუთარ თავში აერთიანებენ, როგორც ფიზიკურ კაზინოებს; სლოტ კლუბებსა და ტოტალიზატორებს, ასევე ონლაინ-კაზინოებსა და ონლაინ-ტოტალიზატორებს. ამ კომპანიების ფინანსური ანგარიშებიდან ირკვევა ისიც, რომ ზოგიერთ მათგანს საკუთარი ბრენდი სხვა სლოტ კლუბებისა და კაზინოებისთვის ფრენჩაიზის ხელშეკრულებითაც აქვთ გადაცემული. რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ბაზრის ყველა მთავარ მოთამაშეს საკუთარი ფინანსური ანგარიშები საჯაროდ აქვს გამოქვეყნებული. ამ დოკუმენტების თანახმად, კომპანიების აქტივებისა და მფლობელების შესახებ ინფორმაცია ასეთია:
აზარტული თამაშების კომპანიების ფინანსური შედეგები:
ჯგუფი Adjarabet-ი
● შემოსავალი 2019 წელს – 284 მილიონი ლარი;
● წმინდა მოგება 2019 წელს – 75 მილიონი ლარი;
● კომპანიის აქტივები 2019 წელს – 114.5 მილიონი ლარი.
მფლობელები:
ჯგუფი Adjarabet-ი საქართველოსა და სომხეთის ბაზარზე საქმიანობს. 2019 წელს კომპანიის 51%-იანი წილი Adjarabet ჯგუფის დამფუძნებელმა თემურ უგულავამ ირლანდიურ კომპანია Flutter Enterntainment PLC-ის (მაშინ Paddy Power Betfair-ს) 115.4 მილიონ ევროდ მიყიდა. შესაბამისად, დღეისთვის ჯგუფის მაჟორიტარული წილის მფლობელი სწორედ Flutter-ია. ჯგუფის მაკონტროლებელ კომპანიას შპს “ატლასი” ეწოდება, საქართველოში ის აერთიანებს კომპანიებს “ავიატორსა” და “კოსმოსს”. სომხეთში კი კომპანიას შპს “საბარკო” და “კაბარკო” წარმოადგენენ.
Betlive-ი ორი ძირითადი კომპანიისგან შედგება, ესენია:
1) შპს “დეიდრიმ უნივერსალ საქართველო”
● შემოსავალი 2019 წელს (ძირითადად სათამაშო აპარატებიდან) – 294 მილიონი ლარი;
● წმინდა მოგება 2019 წელს – 3.9 მილიონი ლარი;
● კომპანიის აქტივები 2019 წელს – 11.1 მილიონი ლარი.
2) შპს “ბეთლაივი”
● შემოსავალი 2019 წელს (ძირითადად ონლაინ-კაზინოდან და ონლაინ-ტოტალიზატორიდან) – 81 მილიონი ლარი;
● წმინდა მოგება 2019 წელს -13 მილიონი ლარი;
● კომპანიის აქტივები 2019 წელს – 12 მილიონი ლარი.
მფლობელები:
შპს ბეთლაივი, მფლობელები – “2019 წლის 31 დეკემბრისა მდგომარეობით, კომპანიის წილის მფლობელები არიან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „აიტი ვენჩარი“ – 40%, სულიკო ვარსემაშვილი – 38%, დავით ველიჯანაშვილი – 19% და თამაზ ხარაიძე – 3%”- ნათქვამია ფინანსურ ანგარიშში. კომპანია ქართულ ბაზარზე 2013 წლიდან საქმიანობს.
შპს “დეიდრიმ უნივერსალ საქართველო”, მფლობელები – “სულიკო ვარსემაშვილი, საქართველო, – 50% ირინა ზაიკოვა, უკრაინა, 23.25% ლარისა მისოტსკა, უკრაინა, – 23.25% ლილიტ არუთიუნიანი, უკრაინა, – 3.5%,”- ნათქვამია კომპანიის აუდიტორულ ანგარიშში.
დოკუმენტის თანახმად, 2019 წელს კომპანიამ მოთამაშეებზე მოგების სახით 268 მილიონი ლარი გასცა.
კრისტალბეთი
● შემოსავალი 2019 წელს (ძირითადად ონლაინ-კაზინოდან და ონლაინ-ტოტალიზატორიდან) – 260.2 მილიონი ლარი;
● წმინდა მოგება 2019 წელს – 94.3 მილიონი ლარი;
● კომპანიის აქტივები 2019 წელს – 89.6 მილიონი ლარი.
მფლობელები:
ჯგუფი კრისტალბეთი ბაზარზე შპს “მარსის” სახელით ოპერირებს. აუდიტორული ანგარიშის თანახმად, კომპანია 2015 წლის 5 მაისს არის რეგისტრირებული და მისი მაჟორიტარული წილის მფლობელი Bwin Holdings-ია. კომპანიის მესაკუთრეთა სია ასეთია:
“Bwin Holdings (Malta) Limited 51%; ლევან ახვლედიანი 24%; კნიაზ დასენი 10%; გიორგი ჩხეიძე 5%; კობა გიგლემიანი 5%; ვანო გიგლემიანი 5%,”- ნათქვამია კომპანიის აუდიტორულ ანგარიშში.
კროკობეთი
● შემოსავალი 2019 წელს – 36.8 მილიონი ლარი;
● წმინდა ზარალი 2019 წელს – 2.6 მილიონი ლარი;
● კომპანიის აქტივები 2019 წელს -5.5 მილიონი ლარი.
მფლობელები:
კროკობეთი ბაზარზე შპს “ფულ ჰაუსის” სახელით ფუნქციონირებს და ის 2016 წლის 31 მარტს არის დაფუძნებული. კომპანიის 2019 წლის აუდიტორული ანგარიშის თანახმად, მისი მესაკუთრეების ჩამონათვალი ასეთია:
“თემურ მიქელაძე – 40%; გურამ დოლიძე – 2.5%; ზურაბ ერქომაიშვილი – 2.5%; ბაკურ ხარჩილავა, – 2.5%; გიორგი ბარნაბიშვილი – 2.5 %; ნორბერტ ფრანც ტეუფელბერგერ, – 16.67%; გიგი ლევაი-ვეის, – 16.67 % მანფრედ ბოდნერი, – 16.66%,”- ნათქვამია დოკუმენტში.
საქსტატის ინფორმაციით, აზარტული თამაშების სექტორი 2019 წლის მდგომარეობით 11 ათას ადამიანს ასაქმებდა.