რუსეთში დღეიდან ძალაში შედის კანონი, რომელიც ელექტრონული მოწყობილობების მწარმოებლებს ავალდებულებს, ტელეფონებში, კომპიუტერებსა და ტელევიზორებში რუსული აპლიკაციები წინასწარ იყოს ინსტალირებული.
მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს, გააძლიეროს ადგილობრივი ტექნოლოგიური კომპანიები და შეამციროს ხალხის დამოკიდებულება ამერიკულ აპლიკაციებსა და მოწყობილობებზე. ამ მიმართულებით გამოწვევად რჩებოდა Apple-ის პროდუქციაში რუსული აპლიკაციების პრეინსტალირება. ახალი კანონი სწორედ ამ სახელით არის ცნობილი – „კანონი Apple-ის წინააღმდეგ“.
დღეისთვის ცნობილია, რომ Apple-ი რუს მომხმარებლებს უკვე აძლევს საშუალებას, ახალი მოწყობილობის გამართვისას აარჩიოს, რუსული აპლიკაციებით ისარგებლებს თუ მისი სხვა ალტერნატივებით.
ქვეყნის ვიცე-პრემიერ-მინისტრი დმიტრი ჩერნიშენკო აცხადებს, რომ აღნიშნული კანონი რუსულ კომპანიებს საშუალებას მისცემს, საკუთარი შესაძლებლობა და პოტენციალი სრულად გამოიყენონ. შეგახსენებთ, რომ მთავრობა ასევე განიხილავს სამართლებრივი ცვლილებების ე.წ. მეორე პაკეტს, რომელიც ტექნოლოგიების ინდუსტრიისთვის 60-ზე მეტ სიახლეს მოიცავს.
ამ „ტექნოლოგიური შეჯიბრის“ პირობებში, რუსული ტექ-კომპანიები საგადასახადო შეღავათებითაც სარგებლობენ. სავარაუდოდ, რუსული დომინანტი ტექნოლოგიური კომპანიებისთვის, Yandex-ისა და Mail.Ru-სთვის, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები დიდი სარგებლის მომტანი იქნება.