უკრაინის საკანონმდებლო ორგანომ მიიღო კანონპროექტი, რომელიც ქვეყანაში რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან დაკავშირებული რელიგიური ჯგუფების საქმიანობას კრძალავს. ამავე გადაწყვეტილებით, რადამ აკრძალა ნებისმიერი სხვა რელიგიური ჯგუფიც, რომელიც მხარს უკრაინაში რუსეთის შეჭრას უჭერს.
კანონპროექტის თანახმად, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის საქმიანობა არის „აგრესორი სახელმწიფოს რეჟიმის იდეოლოგიური გაფართოება“ და „საომარი და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულების თანამონაწილეობა“. უმაღლესმა რადამ კანონპროექტს მხარი სამშაბათს, 265 მომხრით 29-ის წინააღმდეგ დაუჭირა.
2022 წელს, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ რუსეთის ეკლესიისგან გამოყოფის შესახებ განცხადება გააკეთა. თუმცა ოფიციალურად ავტოკეფალია არ გამოუცხადებია. კიევმა ეს განცხადება ეჭვქვეშ დააყენა და ათობით სისხლის სამართლის საქმე აღძრა, მათ შორის სასულიერო პირების წინააღმდეგ ღალატის ბრალდებით.
უკრაინის პრეზიდენტმა უმაღლესი რადას გადაწყვეტილებას ქვეყნის „სულიერი დამოუკიდებლობის” გაძლიერებისკენ გადადგმული ნაბიჯი უწოდა. კანონპროექტს ხელი ახლა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნდა მოაწეროს. გადაწყვეტილება ძალაში გამოქვეყნებიდან 30 დღეში შევა.