რამ განაპირობა საქართველოს ეკონომიკის 7.5 პროცენტით ზრდა 2023 წელს?

რამ განაპირობა საქართველოს ეკონომიკის 7.5 პროცენტით ზრდა 2023 წელს?

2023 წელს საქართველოს ეკონომიკა 7.5%-ით გაიზარდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, ამ მაჩვენებლით საქართვე­ლო მსოფლიოში მე-8 იყო, ანუ 7.5%-ზე მაღალი ზრდა მხოლოდ 7 ქვეყანაში დაფიქსირდა. გასულ წელს, როდესაც 2022 წელს დაფიქსირებული 11%-იანი ზრდა შევაფასე, ვწერდი, რომ პანდემიის დასრულე­ბასთან ერთად, მაღალი ზრდის განმაპირობებელი მნიშვნელოვანი მეორე ფაქტორი რუსეთ-უკრაინის ომი იყო. რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის საქართ­­ველომ, ამ ომისგან ეკონომიკის მხრივ დანაკარგზე მეტი სარგებელი მიიღო. 2023 წელს რუსეთ-უკრაინის ომის ეფექტი შედარებით შესუსტდა, მაგრამ დაფიქ­­სირებულ 7.5%-იან ზრდაში თვისი წვლილი მაინც შეიტანა.

საქართველოზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა: გაიანას, რომელიც ნავთობით მდიდრდე­ბა; ლიბიას, რომელსაც 2022 წელს დიდი ვარდნა ჰქონდა და 2023-ში ეკონომიკამ აღდგენა დაიწყო; სამოასა და ფიჯის, რომლებიც ტურიზმზე დამოკი­დებული პატარა ქვეყნებია – ინდოეთს, რომელსაც ბოლო წლებში სტაბილურად მაღალი ზრდა აქვს და სომხეთს (მე-3 ადგილი მსოფლიოში) და ტაჯიკეთს (მე-4 ადგილი მსოფლიოში) – რომლებმაც, საქართ­­ველოს მსგავსად, რუსეთ-უკრაინის ომის გამო რუ­სეთთან გაზრდილი ეკონომიკური ურთიერთობებით ისარგებლეს.

როდესაც ეკონომიკის ზრდაზე ვსაუბრობთ, ამა­ში ქვეყნის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდა იგულისხმება. რეალური მშპ-ის ზრდა უჩ­­ვენებს ერთი წლის განმავლობაში რამდენი პროცენ­­ტით გაიზარდა საქართველოს ტერიტორიაზე წარ­­მოებული საქონლისა და მომსახურების მოცულობა. რეალური მშპ-ის ზრდა არ მოიცავს ფასების ზრდის, ანუ ინფლაციის ეფექტით გაზრდილ ბრუნვას.

უკვე ცნობილია საქართველოს 2023 წლის ეკონო­მიკის, იმავე მშპ-ის სხვადასხვა მეთოდით ჩაშლილი მაჩვენებლები, რაც გვეხმარება, ეკონომიკის ზრდის მიზეზებს ჩავწვდეთ. დავიწყოთ იმის გარკვევით, ეკონომიკის რომელი სექტორები გაიზარდა ყველა­ზე მეტად 2023 წელს.

­საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი
მონაცემთა წყარო: საქსტატი

2023 წელს ყველაზე მეტად შემდეგი სექტორები გაიზარდა: ინფორმაცია (IT) და კომუნიკაცია – 27%, ადმინისტრაციული საქმიანობები – 26%, პროფესი­ული და ტექნიკური საქმიანობები – 19%, განათლება – 19% და მშენებლობა – 17%.

ზრდის ტემპთან ერთად მნიშვნელოვანია, რამ­­დენად დიდია სეტორი, რადგან რაც უფრო დიდ სექ­­ტორშია მაღალი ზრდა, მით უფრო სწრაფად იზრდე­ბა ქვეყნის ეკონომიკა. აქედან გამომდინარე, 2023 წელს საქართველოს ეკონომიკის 7.5%-იან ზრდაში ყველაზე დიდი წვლილი ვაჭრობამ და ავტომობილე­ბის რემონტმა შეიტანა – 1.8% პუნქტი. ეს სექტორი 2023 წელს 14%-ით გაიზარდა. მასზე მოდის ეკონო­მიკის 16%, რამაც ჯამურ ზრდაში სექტორის მაღალი წილი განაპირობა. ვაჭრობა მნიშვნელოვნად გაზარ­­და საქართველოში დასახლებულმა 100 ათასამდე რუსმა ემიგრანტმა. ასევე, ომის გამო საქართველოს გავლით ავტომობილების რეექსპორტის ზრდამ, ავტომობილების რემონტზე მოთხოვნა მნიშვნელოვ­­ნად გაზარდა.

ეკონომიკის ზრდაში შეტანილი წვლილით მეორე ადგილზე ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტო­რია 1.5% პუნქტით. ეს სექტორი 2022 წელს – 50%-ით, ხოლო 2023 წელს 27%-ით გაიზარდა. ასეთი მაღალი ზრდა საქართველოში ჩამოსულმა რუსმა, ბელა­რუსმა და უკრაინელმა ემიგრანტებმა განაპირო­ბეს. საქსტატის ბიზნესრეგისტრის მონაცემებით, საქართველოში 8,000-მდე კომპანია საქმიანობს საინფორმაციო ტექნოლოგი­ებისა და კომპიუტერული მომსახურების სფეროში (ინდმეწარმეების ჩათვლით). აქედან 6,000-ზე მეტი 2022 წელს უკრაინა­ში ომის დაწყების შემდეგ არის რეგის­­ტრირებული საქართველოში და მათი 90% რუსეთის მოქალაქეებს ეკუთვნის. საბოლოოდ გამოდის, რომ საქართველო­ში, საინფორმაციო ტექნოლოგიების სფე­როში მომუშავე კომპანიების 70%-მდე რუსეთის მოქალაქეების საკუთრებაა და ეს კომპანიები 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ დარეგისტრირდნენ. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოში რეგისტრირებული კომპანიების მიერ სხვა ქვეყნის რეზიდენტებისთვის კომპი­უტერული და საინფორმაციო მომსახურე­ბის გაწევის ჯამურმა ღირებულებამ 2021 წელს – 153 მლნ აშშ დოლარი, 2022 წელს – 512 მლნ დოლარი, ხოლო 2023 წელს 784 მლნ დოლარი შეადგინა. ძირითადად ამან განაპირობა ამ სექტორის 27%-იანი ზრდა 2023 წელს.

ტრანსპორტისა და დასაწყობების სექ­­ტორმა ზრდაში 1.3% პუნქტი შეიტანა. 2022 წელს ტრანსპორტის სექტორი 13%-ით გაიზარდა. ბოლო წლების მაღალი ზრდის მიზეზი ომის გამო რუსეთიდან და შუა აზი­იდან მომავალი ტვირთების ნაწილის სა­ქართველოს სატრანსპორტო დერეფანში გადმონაცვლებაა. ეროვნული ბანკის ინ­­ფორმაციით, 2023 წელს საერთაშორისო სატრანსპორტო მომსახურებიდან საქარ­­თველოს შემოსავალი 274 მლნ დოლარით (23%-ით) გაიზარდა. საქსტატის ინფორმა­ციით, 2023 წელს რკინიგზით შემოტანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 47.4% რუსეთზე მოდიოდა.

საქართველოს ეკონომიკა საქმიანობის სახეების მიხედვით, 2023 წელი

ეკონომიკური საქმიანობის სახეები

მლნ ლარი

ზრდის ტემპი

წილი ეკონომიკურ ზრდაში

ვაჭრობა და ავტომობილების რემონტი

10,847

14%

1.8%

ინფორმაცია და კომუნიკაცია

4,116

27%

1.5%

ტრანსპორტი და დასაწყობება

4,319

13%

1.3%

მშენებლობა

5,524

17%

1.0%

განათლება

3,513

19%

0.9%

სახელმწიფო მმართველობა

4,815

14%

0.8%

საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები

3,628

7%

0.4%

პროფესიული და ტექნიკური საქმიანობები

1,547

19%

0.3%

ხელოვნება, გართობა და დასვენება

2,840

8%

0.3%

დამმუშავებელი მრეწველობა

6,625

3%

0.3%

ადმინისტრაციული საქმიანობები

862

26%

0.2%

სასტუმროები და რესტორნები სხვა

2,694

5%

0.2%

სახის მომსახურება

725

11%

0.1%

სამთომოპოვებითი მრეწველობა

724

-4%

-0.1%

წყალმომარაგება და ნარჩენების მართვა

457

-11%

-0.1%

ელექტროენერგიისა და აირის მიწოდება

1,919

-3%

-0.1%

სოფლის მეურნეობა

4,820

-3%

-0.3%

უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები

7,125

-2%

-0.3%

ჯანდაცვა

2,389

-15%

-0.7%

მონაცემთა წყარო: საქსტატი

რომ შევაჯამოთ, 7.5%-იანი ზრდიდან 4.6% პუნქტი ისეთ სექტორებზე მოდის, რომელთა ზრდას რუსეთ-უკრაინის ფაქ­­ტორმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. რომ არა რუსეთ-უკრაინის ომის გავლე­ნა, ეს სექტორები მაინც გაიზრდებოდა, მაგრამ დაფიქსირებული ბუმი აშკარად ომიდან გამომდინარე გარემოებებმა გა­ნაპირობა.

მთლიან შიდა პროდუქტს თუ დანა­ხარჯების მიხედვით ჩაშლილს ვნახავთ, ჩანს, რომ ეკონომიკის ზრდა საქონლი­სა და მომსახურების ექსპორტის ზრდამ და მთლიანი კაპიტალის ფორმირებამ (ინვესტიციებმა) განაპირობა. საქონლის ექსპორტი (რეალურ ფასებში) 11%-ით გაიზარდა, მომსახურების კი 4%-ით. მომ­­სახურების ექსპორტის ზრდა ძირითა­დად მოდის ტურიზმსა და საინფორმაციო ტექნოლოგიებზე. კაპიტალის ფორმირება 23%-ით გაიზარდა. ეკონომიკა არ გაზრ­­დილა შიდა მოხმარების ზრდის ხარჯზე, რადგან შიდა მოხმარების ზრდას (3.6%) საქონლისა და მომსახურების იმპორტის ზრდამ (8.6%) გადააჭარბა.

საინტერესოა, რა იყო ის ფაქტორები, რომლებიც უშუალოდ მშპ-ის სტრუქტურა­ში არ ჩანს, მაგრამ მნიშვნელოვანი გავ­­ლენა ჰქონდა ეკონომიკაზე. ამ მხრივ ორი მნიშვნელოვანი გარემოება გამოიკვეთა 2023 წელს: ერთი – ეკონომიკის ზრდის და მეორე – კლების მიმართულებით:

  1. ქვეყანაში შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 30%-ით გაიზარდა 2022 წელთან შედარებით, ტურისტების რაოდენობა კი 76%-ით გაიზარდა. ვიზიტორების მიერ საქართველოში დახარჯული თანხა 17%-ით გაიზარდა და 4.1 მლრდ დოლარი შეადგინა. ტურიზმის ზრდა ძირითადად თურქეთიდან და რუსეთიდან ვიზიტორების მატებამ განაპირობა.
  2. საზღვარგარეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობა (ფულადი გზავნილები) 2022 წელთან შედარებით 6%-ით (249 მლნ დოლარით) შემცირდა. ფულადი გზავნილები ქვეყნის შიგნით საქონელსა და მომსახურებაზე ზრდის მოთხოვნას, რაც ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას აჩქარებს. შესაბამისად, გზავნილების შემცირება საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპის კლების (11%-დან 7.5%-მდე) ერთ­­­-ერთი მიზეზია.
ფულადი გზავნილების ზრდის ტემპი
მონაცემთა წყარო: საქსტატი

რუსეთ-უკრაინის ომს საქართველოს ეკონომიკისთვის მხოლოდ სარგებელი არ მოუტანია. მნიშვნელოვნად შემცირდა ექსპორტი უკრაინაში, შემცირდა უკრაინი­დან ტურისტების შემოსვლა და ფულადი გზავნილების მიღება. ჯამში საქართვე­ლოს ეკონომიკამ უკრაინიდან, სულ მცი­რე, ნახევარ მილიარდ დოლარს კარგავს წლიურად. ასევე, უკრაინის ომის გარეშე მსოფლიოში და საქართველოს ზოგიერთ სავაჭრო-პარტნიორ ქვეყანაში უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა იქნებოდა, რაც საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე დადებითად იმოქმედებდა. თუმცა ზემოთ აღწერილი გარემოებები ადასტურებს, რომ, საბოლოო ჯამში, ომით გამოწ­­ვეულმა ცვლილებებმა საქართველოს ეკონომიკური ზრდა დააჩქარა. ამას ისიც მოწმობს, რომ 2021 წლის ბოლოს საქარ­­თველოს მთავრობა, საბაზისო სცენარით, 2022 წელს ეკონომიკის 6%-ით, ხოლო 2023 წელს 5.5%-ით ზრდას პროგნოზი­რებდა. ოპტიმისტური სცენარით კი 2022 წელს ეკონომიკის ზრდას 6.3%-ით, ხოლო 2023 წელს 5.9%-ით ზრდას მოელოდა, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება რეალურად დაფიქსირებულ ეკონომიკურ ზრდას.

მოსახლეობას ეკონომიკის ზრდის მიზეზებზე არანაკლებ აინტერესებს, თუ როგორ აისახება მათზე გაზრდილი ეკო­ნომიკა. საქსტატის ინფორმაციით, 7.5%- იანი ეკონომიკური ზრდით მოტანილი დამატებითი შემოსავალი შემდეგნაირად გადანაწილდა: 2023 წელს ქვეყანაში გაცე­მული ხელფასების ჯამური თანხა 18%-ით გაიზარდა, 12%-ით გაიზარდა მთავრობის მიერ აკრეფილი გადასახადები, კომპანი­ების წმინდა მოგება კი 5%-ით გაიზარდა.