პოლიტიკურმა პარტიებმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს უკვე წარუდგინეს ფინანსური ხარჯთაღრიცხვა იმის შესახებ, თუ რა თანხები დახარჯეს საკუთარი კამპანიების დაფინანსებისთვის. მთლიანობაში პარტიებმა, რომლებმაც 1%-ზე მეტი მხარდაჭერა მიიღეს, საარჩევნო პერიოდის განმავლობაში 39.9 მილიონი ლარის ხარჯები გასწიეს.
ამ მხრივ პირველ ადგილზეა “ქართული ოცნება“, რომელმაც 18.8 მილიონი ლარის ხარჯები გასწია. ეს მთლიანად საარჩევნო კამპანიების დაფინანსების 47%-ია. მეორე ადგილზეა “ლელო საქართველოსთვის“, რომლის დეკლარირებული ხარჯებიც 5.7 მილიონი ლარი იყო. მესამეზე კი 5.45 მილიონი ლარით “ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“.
როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშიდან ირკვევა, “გირჩმა“ პროტესტის ნიშნად აუდიტის სამსახურს როგორც შემოსავლების, ასევე ხარჯების მიმართულებით 0 ლარის ბრუნვა წარუდგინა. Forbes-ს აუდიტის სამსახურში განუცხადეს, რომ ისინი პარტიის კამპანიის ფაქტობრივი ხარჯებისა და შემოსავლების შესწავლას გეგმავენ.
ამ ანგარიშში არ შედის ისეთი ხარჯები, რომლებიც პარტიებმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს არ წარუდგინეს. მათ შორის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება და სხვა ფარული ხასიათის ხარჯები, რომლებიც როგორც სახელისუფლებო, ასევე ოპოზიციური პარტიების მიერ იქნა გაწეული.