ინდოეთის უმდიდრესი ადამიანის მაკეშ ამბანის ქონება იზრდება. გასული თვის მანძილზე მისმა კომპანია Reliance Retail-მა დამატებით $3.4 მილიარდი მოიზიდა.
ცნობისთვის, ამბანის კონგლომერატმა წლის დასაწყისში თავისი ტექნოლოგიური კომპანია Jio Platforms-ის წყალობით მხოლოდ ოთხ თვეში $20 მილიარდი დააგროვა.
მაკეშ ამბანი განაგრძობს კიდევ უფრო მეტი ქონების დაგროვებას და აპირებს გააძლიეროს კონგლომერატის სხვა მიმართულებებიც. შედეგად, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში Reliance Retail-მა ინვესტიციები მოიზიდა ისეთი ინვესტორებისგან, როგორიცაა Silver Lake, KKR, General Atlantic-ი და Mubadala.
“მოხარული ვართ რომ ვაღრმავებთ კავშირებს Reliance Industries-სთან ამ ინვესტიციის წყალობით“, – განაცხადა Mubadala-ს მმართველმა დირექტორმა ხალდონ ალ მუბარაკმა. Mubadala არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაფუძნებული საინვესტიციო კომპანიაა.
შეგახსენებთ, Reliance Retail-ს ინდოეთის მასშტაბით 12 000 მაღაზია აქვს და ყიდის ყველაფერს დაწყებული სმარტფონებიდან და დასრულებული სურსათით. ის ისევე როგორც თავის ბრენდებს ყიდის, ასევე პარტნიორობს სხვა ბრენდებთანაც, მაგალითად Burberry-სთან, Muji-სა და Pottery Barn-თან.
კომპანია საკუთარ თავს ინდოეთში ყველაზე სწრაფად მზარდ და ყველაზე მომგებიან რითეილ ბიზნესს უწოდებს. გასული ფისკალური წლის მანძილზე, რომელიც მარტში დასრულდა, კომპანიამ $726 მილიონის მოგება ნახა.
გარდა რითეილისა, ამბანის კონგლომერატი ტექნოლოგიების სფეროშიც ერთ-ერთი ლიდერია. გასულ წელს, Reliance-მა ახალი კომპანია JioMart-იც აამოქმედა, რომელიც ელექტრონული კომერციის პლატფორმაა და რომელიც მომხმარებლებს სურსათის ონლაინ ყიდვის შესაძლებლობას აძლევს.