რას „გუგლავდნენ“ 2023 წელს ყველაზე ხშირად?

რას „გუგლავდნენ“ 2023 წელს ყველაზე ხშირად?

ტექნოლოგიურმა გიგანტმა Google-მა ის სიტყვები და ტერმინები გამოავლინა, რომელთაც მომხმარებლები 2023 წელს ყველაზე ხშირად „გუგლავდნენ“. Google-ის საძიებო სისტემაში ყველაზე პოპულარულ თემებს შორის ვხვდებით როგორც მიმდინარე წლის პოპკულტურის მთავარ მოვლენებს – მათ შორის „ბარბენჰაიმერს“ – ასევე წლის მთავარ პოლიტიკურ და ტრაგიკულ სიახლეებს.

საინფორმაციო კატეგორიაში ყველაზე ხშირად გლობალურად მოსახლეობა ისრაელ-„ჰამასის“ მიმდინარე ომის შესახებ ეძებდა ინფორმაციას. მას მოჰყვება ივნისში, „ტიტანიკის“ დასათვალიერებლად ჩასული აფეთქებული წყალქვეშა ნავის შესახებ კითხვები, ასევე თებერვლის დამანგრეველი მიწისძვრები თურქეთსა და სირიაში. საინფორმაციო კატეგორიის ხუთეულს კვლავ ბუნებრივი კატასტროფები ასრულებს, ესენია ქარიშხლები „ჰილარი“ და „იდალია“ ამერიკის შეერთებულ შტატებში. ‘

ტოპ-ფიგურა კი, რომელსაც 2023 წელს საძიებო ქსელის მომხმარებლები ყველაზე ხშირად „გუგლავდნენ“ დამარ ჰამლინი აღმოჩნდა. NFL-ის „ბუფალო ბილსის“ მოთამაშე, რომელსაც იანვარში, თამაშის მსვლელობისას გულის შეტევა დაემართა, თუმცა კრიტიკული მდგომარეობიდან გამოსვლა მოახერხა და სიკვდილს გადაურჩა. რეიტინგის მეორეადგილოსანი ჯერემი რენერია, რომელიც 2023 წლის დასაწყისში თოვლის საწმენდ მანქანას გადაურჩა. მათ მოჰყვებიან ენდრიუ ტეიტი, კილიან მბაპე და ტრევის კელსი.

რაც შეეხება მიმდინარე წელს გარდაცვლილ ცნობილ ადამიანებს, მათ შორის ყველაზე ხშირად გლობალურად მომხმარებელი შემდეგ ხუთეულს „გუგლავდა“: Friends-ის ვარსკვლავი მეთიუ პერი, მომღერლები ტინა ტერნერი და შინეიდ ო’კონორი, დრიფტის ლეგენდა კენ ბლოკი და ამერიკელი ტელეწამყვანი და პოლიტიკოსი ჯერი სპრინგერი.

გართობის სფეროში Google-ის საძიებო სისტემის ყველაზე პოპულარულ ფილმებს შორის მოხვდა „ბარბი“, „ოპენჰაიმერი“ და ინდური ტრილერი „Jawan“-ი. ხოლო ტელეშოუებს შორის 2023 წელს ყველაზე პოპულარული იყო „უკანასკნელი ჩვენგანი“, „ოთხშაბათი“ და „ჯინი და ჯორჯია“. სპორტული მიმართულებით ლიდერი კი არგენტინელი ვარსკვლავის, ლიონელ მესის ახალი კლუბი ამერიკული Inter Miami გახლდათ.

ამ ყველაფრის გარდა კი, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატების მომხმარებელი, Google-ის საძიებო ქსელში ხშირად სვამდა ისეთ კითხვებს, როგორიცაა, მაგალითად: „რატომ არის ტეილორ სვიფტის კონცერტის ბილეთები ასეთი ძვირი?“.

Google-ის 25-ე დაბადების დღესთან დაკავშირებით, საძიებო ქსელმა სხვადასხვა კატეგორიისთვის ყველა დროის ყველაზე ხშირად „დაგუგვლადი“ ადამიანები გამოავლინა. 2004 წლის შემდეგ (პირველად აღნიშნული მონაცემების გამოქვეყნებიდან) ყველაზე ხშირად „დაგუგვლადი“ გრემის გამარჯვებული იყო ბიონსე, ათლეტებს შორის ტიტული კრიშტიანუ რონალდუს ხვდა წილად, ხოლო ყველაზე მოთხოვნადი ფილმი და მათ შორის მსახიობთა ჯგუფიც „ჰარი პოტერი“ გახლდათ, ყველაზე ხშირად მოძიებული სათამაშო იყო ბარბი, ხოლო სუპერგმირი – ადამიანი ობობა.