რუსულ სანქციებთან გამკლავება საქართველოს პირველად არ უწევს. 2006 წლის ემბარგოს შემდეგ, საქართველოს ეკონომიკა მეტად დივერსიფიცირებული გახდა. გაფორმდა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ჩინეთთან და ევროკავშირთან. G&T საქართველო ეკონომიკის მიმოხილვაში წერს, რომ მოსალოდნელი რუსული სანქციები კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქვეყნის ეკონომიკის დივერსიფიცირებას, მათ შორის ისეთ მსხვილ ბაზრებზე, როგორიც ჩინეთი და ევროკავშირია.
საინვესტიციო ბანკის გათვლით, დღეს საქართველოს მშპ–ს დაახლოებით 9.3%–ია დამოკიდებული რუსეთზე. კერძოდ კი ექსპორტის, ტურიზმის, FDI-ისა და ფულადი გზავნილების გათვალისწინებით.
“რუსეთთან ექსპორტი განსაკუთრებით 2013 წლიდან გაიზარდა. ამასთან იზრდება რუსი ტურისტების რაოდენობაც. რაც შეეხება ფულად გზავნილებს, ბოლო წლებში ამ კუთხით რუსეთი ევროკავშირმა ჩაანაცვლა, ხოლო ინვესტიციები რუსეთიდან მსხვილი მოცულობის არ არის”.
შედეგად, G&T აღნიშნავს, რომ რუსულ სანქციებს გავლენა ექნება, თუმცა არა იმ მოცულობით, როგორიც ეს 2006 წლის ემბარგოს შემდეგ იყო.
საინვესტიციო ბანკის პროგნოზები შემდეგია:
წლის მეორე ნახევრისთვის რუსეთიდან ვიზიტორების რაოდენობა წლიურად 4.7%–ით შემცირდება. ამასთან, ამავე პერიოდში სხვა ქვეყნებიდან ვიზიტორების ზრდის ფონზე რუსეთიდან დანაკლისი საბოლოო შედეგზე გავლენას ვერ იქონიებს.
2019 წელს რუსეთიდან ტურისტული შემოსავალი 200 მლნ დოლარით შემცირდება. წლის პირველ ნახევარში კი ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 1.9 მლრდ დოლარს მიაღწევს, რაც G&T-ის წინა პროგნოზზე 300 მლნ დოლარით შემცირებული მაჩვენებელია.
რაც შეეხება ღვინის შესაძლო ემბარგოს, G&T აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში წლის პირველი ნახევრის ბოლოს საქართველოდან რუსეთში ღვინის ექსპორტი 58 მლნ დოლარამდე შემცირდება.
რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის პროგნოზს, ის 4.5%–ია.