საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) საქართველოში საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევა გამოაქვეყნა. კვლევა ეკონომიკის, შიდა და საგარეო პოლიტიკის, მედიისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ საზოგადოების განწყობებს ასახავს. კვლევის მონაწილეებს ევროკავშირისა და NATO-ს შესახებ რამდენიმე კითხვა დაუსვეს.
გამოკითხულთა 44% მიიჩნევს, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი მხოლოდ ევროკავშირისა და დასავლეთის მიმართულებით უნდა წარიმართოს. 33% კი ფიქრობს, საგარეო პოლიტიკური კურსი პროდასავლური უნდა იყოს, თუმცა რუსეთთან ურთიერთობები ქვეყანამ უნდა შეინარჩუნოს.
კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 73% საქართველოს ევროკავშირში გაწევრებას მხარს სრულად უჭერს. საინტერესოა, რომ აღნიშნული მაჩვენებელი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის წინა, 2023 წლის მარტის კვლევასთან შედარებით 2%-ითაა შემცირებული. საქართველოს ევროკავშირში გაწევრების კატეგორიულად წინააღმდეგი გამოკითხულთა 6%-ია.
ერთ-ერთი საკვლევი საკითხის თანახმად, რესპონდენტთა 55% საქართველოს ევროკავშირში გაწევრებას მხარს სრულად იმ შემთხვევაშიც დაუჭერს, თუკი ეს რუსეთთან ყოველგვარი სავაჭრო ურთიერთობის გაწყვეტას ითვალისწინებს. გამოკითხულთა 45% მიიჩნევს, რომ ევროკავშირში გაწევრების მთავარი ბენეფიტი საქართველოს ეკონომიკის გაძლიერება იქნება. 27% კი მიიჩნევს, რომ ამ პროცესისთვის მთავარი ხელშემშლელი ფაქტორი ქვეყანაში არსებული პოლიტიკური არასტაბილურობაა.
IRI-ს უახლესი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 65% საქართველოს NATO-ში გაწევრებას მხარს სრულად უჭერს, ამ პროცესის კატეგორიული მოწინააღმდეგე კი 11%-ია. რესპოდენტთა 47% მიიჩნეს, რომ NATO-ში გაწევრების მთავარი ბენეფიტი უსაფრთხოების განმტკიცება იქნება. NATO-ში გაწევრებისთვის მთავარ ხელშემშლელ ფაქტორად გამოკითხულთა 27% რუსეთის წინააღმდეგობას მიიჩნევს.
კვლევა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის დაკვეთით და USAID-ის დაფინანსებით ჩატარდა. საველე სამუშაოები გამოკითხვისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა ჩაატარა. კვლევაში საქართველოს 18 წელზე უფროსი 1200 მუდმივი რეზიდენტი მონაწილეობდა. კვლევაში მონაწილეობა არ მიუღიათ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მკვიდრებს. ცდომილების ზღვარი შეადგენს -+2,5%-ს.