"რედკოს" მომავალი "კურშაველი"

"რედკოს" მომავალი "კურშაველი"

“რედკო” ქართულ ბაზარზე ოპერირების მეექვსე წლის ათვლას იწყებს. სექტორის ერთ”ერთი ლიდერი საკურორტო ზონებში, თითქმის უკონკურენტოდ, აპარტ-ოტელების მთავარი მშენებელი და მათივე მმართველია. გუდაურში დაწყებული საქმე დღეს უკვე ბათუმსა და ბაკურიანსაც სწვდება. Forbes Georgia სამშენებლო-დეველოპერული კომპანია “რედკოს” დამფუძნებელ მირიან ქათამაძესა და მის ფინანსურ პარტნიორს – “საქართველოს ბანკის” კორპორაციული საბანკო მიმართულების ხელმძღვანელს, ვასილ ხოდელს ესაუბრა. პროფესიით ეკონომისტმა ბიზნესს ხელი ჯერ კიდევ 16 წლის ასაკში მოჰკიდა და მას შემდეგ ამ სფეროში მოღვაწეობს. საქართველოში მისი საქმიანობა ბევრ წელს არ ითვლის, უფრო მეტი ქვეყნის ფარგლებს გარეთ დარჩა. მირიან ქათამაძემ ქართულად შენებას საფუძველი 2008 წლიდან ბათუმში ჩაუყარა და საკმაოდ მყარადაც. ახლა აწმყოც და მომავლის გეგმაც ქართულია – ორი მთავარი იმედი კი ქვეყნის მზარდი ტურისტული პოტენციალი და სწრაფი ეკონომიკური განვითარებაა.

Real Estate Development Company – ახლა ჩვენთვის “რედკო” – როდიდან იწყება მირიან ქათამაძის ქართული დეველოპინგი?

“რედკომდე”, უკვე ვიყავი სამშენებლო ბიზნესით დაკავებული. ძირითადად საზღვარგარეთ, მცირე დოზით – საქართველოში, თუმცა 2011 წელს, როდესაც საქართველოში ახალი ჩამოსულმა, გუდაურის განვითარების ფონდის მოწვევით, გუდაურის სათხილამურო კურორტი ვინახულე, მივხვდი, რომ ეს იყო ის დიდი საქმე, აუცილებლად რომ უნდა წამომეწყო. მოვიხიბლე გუდაურის განვითარების იდეით და უკვე ათ დღეში დაფუძნებული მქონდა უძრავი ქონების განვითარების კომპანია, იგივე Real Estate Development Company, რომლის აკრონიმმა დაუდო საფუძველი დღევანდელი კომპანიის დასახელებას.

როგორია ინვესტიციის წარმომავლობა – ეს იყო პირადი კაპიტალი, თუ ფინანსური მხარდამჭერები გყავდათ?

ჩემი პარტნიორები უცხოელი ინვესტორები იყვნენ, რომელთა დარწმუნება საქართველოში ფულის დაბანდების მიზანშეწონილობაში არ გამჭირვებია. საქართველოს საკმაოდ დიდმა ნახტომმა და წინსვლამ თავისი შედეგი გამოიღო და ბევრისთვის ეს გახდა სიგნალი, რომ ამ ქვეყანას აქვს მომავალი და მის განვითარებაში ღირს ინვესტირება. ჩვენი ეკონომიკის ზრდა ტურიზმის განვითარებასთან არის დაკავშირებული, ხოლო ტურიზმი, თავის მხრივ, შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნის გარეშე შეუძლებელია. ამიტომაც გადავწყვიტეთ, ჩვენი რესურსების ძირითადი ნაწილი გუდაურში საკურორტო-დასასვენებელი ინფრასტრუქტურის შესაქმნელად მიგვემართა.

თავდაპირველი ინვესტიცია $7 მილიონი იყო და შედეგად 2012-2013 წლებში ახალ გუდაურში “რედკოს” თანამედროვე ტიპის აპარტ-ოტელები გაჩნდა. მაშინვე მივხვდით, რომ მოთხოვნა გადააჭარბებდა არსებული პროექტების მოცულობას და შემდგომმა საინვესტიციო თანხამ $40 მილიონი შეადგინა. დღეისათვის უკვე აშენებული გვაქვს ოთხი აპარტ-ოტელი, თანამედროვე რესტორანი, საცურაო აუზი, სპა და სხვა ობიექტები, რომლებიც ფუნქციონირებს და პოპულარულია გუდაურის სტუმრებს შორის. 2017 წლის დეკემბრისთვის გუდაურში გაიხსნება სამორინე “გუდაური” და მაღალი კლასის კიდევ ერთი ახალი რესტორანი, ხოლო 2018 წლის ბოლოსთვის ვგეგმავთ 5-ვარსკვლავიანი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო Radisson Blu-ს გახსნას, რაც მოიზიდავს ფინანსურად უფრო შეძლებულ სეგმენტს და ახალი გუდაურის სტატუსს კიდევ ერთი საფეხურით მაღლა ასწევს.

2016 წელს შევიძინეთ 50 ჰა მიწა გუდაურში და მივიღეთ ახალი გამოწვევა – მომავალი ხუთი წლის განმავლობაში გუდაურში დამატებით 10,000 საწოლი უნდა შევქმნათ. გენერალური გეგმის მიხედვით, ჩვენ ამ ტერიტორიაზე უნდა ავაშენოთ 26 შენობა, რაც მოიცავს აპარტ-ოტელებს, სხვადასხვა გასართობ და რეკრეაციულ ცენტრს, მსოფლიოში ცნობილი ბრენდების რამდენიმე სასტუმროს. ეს დამატებით კიდევ $100 მილიონის ინვესტიციაა, რაც ჩვენი კომპანიის მხრიდან განხორციელდება. ამ საქმეში კი ჩვენი მთავარი პარტნიორი “საქართველოს ბანკია”.

რა სახის თანამშრომლობა გაკავშირებთ “საქართველოს ბანკთან”, რამდენ წელს და ციფრს ითვლის თქვენი პარტნიორობა?

“საქართველოს ბანკი” ჩვენი საიმედო პარტნიორია. მას ესმის ჩვენი ბიზნესის სპეციფიკა და ცდილობს, მოერგოს ჩვენს მოთხოვნებს. ჩემი აზრით “საქართველოს ბანკი” დღეისათვის ყველაზე ძლიერი ფინანსური ინსტიტუტია ჩვენს ქვეყანაში და ჩვენ მასთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. ორი წლის წინ, როდესაც საქმიანობის გაფართოება გადავწყვიტეთ და განვითარების ამბიციური გეგმები დავსახეთ, ჩვენთვის, როგორც ლიდერი კომპანიისთვის, მნიშვნელოვანი იყო საბანკო სფეროში ასევე ლიდერი ფინანსური ინსტიტუტი გვეპოვა. ვფიქრობ, ჩვენმა არჩევანმა გაამართლა და გამოცდილებამ ეს უკვე დაამტკიცა. პრინციპში ყველა ჩვენს პროექტზე ვთანამშრომლობთ როგორც საკრედიტო ნაწილში, ასევე ჩვენი კომერციული საქმიანობისა და გაყიდვების სფეროში.

ბანკი გვეხმარება ჩვენს კლიენტებთან და პარტნიორებთან ექსკლუზიური შეთავაზების პაკეტების შექმნაში. ბანკის მონაწილეობით, გვაქვს განსაკუთრებული სასესხო და იპოთეკური პირობები და ინდივიდუალური შეთავაზებები ჩვენი კლიენტებისთვის უძრავი ქონების შეძენის შემთხვევაში.

გამორჩეულია ბანკის მხრიდან ჩვენთან, როგორც კლიენტთან, ურთიერთობის მიდგომა. ჩვენ ვგრძნობთ, რომ ვართ ექსკლუზიური კლიენტები ბანკისთვის. საჭიროების შემთხვევაში ყოველთვის ვიღებთ კვალიფიციურ რჩევებსა და რეკომენდაციებს.

რა გამოარჩევს ბაზარზე “რედკოს”? აი, მაგალითად, როგორი იქნება ჩემი ოთახი “რედკოში”?

ჩვენ გვაქვს ჩვენი მკაფიო ღირებულებები, რომლებიც მთელი ჩვენი საქმიანობის მიზნებსა და ხედვებზე აისახება. ეს არის, პირველ რიგში, კეთილსინდისიერება მომხმარებლის წინაშე. ჩვენ დანაპირებს ვასრულებთ და ვაფასებთ ნდობას, რომელიც ყველაზე ღირებულია კომპანიასა და კლიენტებს შორის ურთიერთობაში. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია, ვაკეთოთ ჩვენი საქმე ხარისხიანად და უსაფრთხოდ. დღეს კლიენტი კარგად გათვითცნობიერებულია თანამედროვე სტანდარტებში, აქვს არჩევანის გაკეთების საშუალება და იცის, რა უნდა. ჩვენ ვაშენებთ ხალხისთვის, ვისაც უყვარს კომფორტული დასვენება, აქვს გარკვეული ცხოვრების სტილი და უყვარს სიახლეები. შესაბამისად, ვცდილობთ, ისეთი სახლები ავაშენოთ, რომლებიც თანამედროვე დამსვენებლის მოთხოვნებს მოერგება.

რატომ საკურორტო ზონები და არა თუნდაც დედაქალაქი?

ჩვენ ვაშენებთ კურორტებს და, შესაბამისად, ვართ ჩართულები ტურისტულ ბიზნესში. მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც გამოგვარჩევს, არის ის, რომ ახალ გუდაურში, ფაქტობრივად, ჩვენ ვართ ერთადერთი კომპანია, რომელმაც უნდა განავითაროს უზარმაზარი ტერიტორია და შექმნას ევროპული დონის კურორტი. ეს დიდი პასუხისმგებლობაა, რაც ამასთანავე გვაძლევს საშუალებას, განვახორციელოთ ჩვენი ხედვა და უზრუნველვყოთ სათანადო ხარისხი და ერთიანი სტილი.

ჩვენ ვმუშაობთ ქართველი და უცხოელი არქიტექტორებისა და დიზაინერების საკმაოდ დიდ გუნდთან, მსოფლიოში ცნობილი მაღალი კლასის სასტუმრო ქსელების წარმომადგენლებთან და მსოფლიო დონის საპროექტო ფირმებთან, მათ შორის Ecosign-თან, რომელმაც გუდაურის განვითარების 5-წლიანი გენერალური გეგმა შეიმუშავა.

ჩვენ ვქმნით და ვმართავთ ტურისტულ ინფრასტრუქტურას, რომელსაც მოაქვს შემოსავალი არა მხოლოდ ჩვენი კომპანიისთვის, არამედ იმ ადამიანებისთვის, ვინც ჩვენთან ბინებს ყიდულობს.

ტურისტული ბაზარი საქართველოში დღითი დღე იზრდება, რაც ქმნის მყარ გარანტიას იმისა, რომ საკურორტო ზონაში ნაყიდი ბინა ყოველთვის მოუტანს მფლობელს შემოსავალს. აპარტ-ოტელების სისტემა ძალიან გავრცელებულია მთელ მსოფლიოში, თუმცა საქართველოში ის შედარებით ახალია და ჩვენ ვამაყობთ, რომ ვლიდერობთ ამ სფეროში და გვაქვს ჩვენი ნიში.

სწორედ ამიტომაც დავაფუძნეთ უძრავი ქონების მართვის კომპანია Red-co Management Group-ი, რათა უზრუნველვყოთ ჩვენი კლიენტების ქონების სწორი მართვა და გამართული საოპერაციო პროცესი.

ვინ არიან თქვენი ძირითადი “მომხმარებლები” – უცხოელი ტურისტები თუ ისევ ადგილობრივი ინვესტორები?

ჩვენ რამდენიმე სეგმენტზე ვმუშაობთ. ერთი სეგმენტია დამსვენებელი, ქართველი თუ უცხოელი, რომელიც მთაში კომფორტულად დასვენების მიზნით ჩამოდის ჩვენს ქვეყანაში.

მეორე სეგმენტია ინდივიდუალური ინვესტორი – ადამიანი, რომელსაც უნდა ბინა გუდაურში, და ამასთანავე ელოდება სტაბილურ შემოსავალს თავისი ბინის გაქირავებიდან. ასეთი ადამიანები ჩვენს ბიზნესში, ფაქტობრივად, პარტნიორების რანგში შემოდიან.

ჩვენი მომხმარებელი თანამედროვე ადამიანია, ვისაც უყვარს ახალი შეგრძნებები, რომელიც მუდმივად ზრდაზე არის ორიენტირებული, მიჰყვება ახალ ტენდენციებს, არის ამბიციური და მომთხოვნი. ამიტომ, ჩვენ არ გვაქვს უფლება, ჩამოვრჩეთ მას.

ფასების დიაპაზონი როგორია “რედკოში” ?

ჩვენ გვაქვს ფასების ფართო დიაპაზონი – ეკონომიური ბინების შეთავაზებით დაწყებული, ძვირად ღირებული, ექსკლუზიური აპარტამენტებით დამთავრებული. “რედკოს” თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი ბინები ხელმისაწვდომია ფართო მომხმარებლისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ბევრმა მოქალაქემ შეძლოს ბინის ყიდვა ერთ-ერთ საუკეთესო კურორტზე თავის ქვეყანაში. ამ სეგმენტში ფასები 20,000 დოლარიდან იწყება. ჩვენ ასევე ვაშენებთ უფრო ძვირად ღირებულ და ექსკლუზიურ აპარტამენტებს და ვაკმაყოფილებთ ამ სფეროში საკმაოდ განებივრებულ კლიენტებსაც.

აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიზიდავთ როგორც დაბალ, ასევე მაღალბიუჯეტიან მომხმარებელს, რომელსაც ფულის დაბანდება მოგებიან უძრავ ქონებაში სურს. გუდაურის განვითარებასთან ერთად გაიზრდება მოთხოვნაც, რაც, შესაბამისად, ფასწარმოქმნაზე იმოქმედებს. ის, ვინც მშენებლობის დასაწყისში ყიდულობს, ყოველთვის იგებს.

რთულია საქართველოში თქვენს სექტორში თავის დამკვიდრება, განვითარება და წარმატების მიღწევა?

ბიზნესში წარმატება არ მოდის, თუ არ გაქვს შენი ხედვა და პრინციპები, ვერ იღებ დროულად სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს და არასწორად მართავ პროცესებს. ჩვენ ამ მხრივ ვართ კარგად მომზადებულები და ნათლად ვხედავთ, თუ რა გვინდა და საით მივდივართ. ჩვენ თავის დროზე მივიღეთ სტრატეგიული გადაწყვეტილება და აქცენტი გავაკეთეთ კურორტების განვითარებაზე, ტურიზმის სფეროში არსებულ შესაძლებლობებზე და ამ მხრივ კონკურენტი დღემდე არ გვყავს. რა თქმა უნდა, არსებობს გამომწვევები, ჩვენ ხომ ახალგაზრდა სახელმწიფოში ვცხოვრობთ, რომელსაც მუდმივად უწევს ბრძოლა განვითარებისთვის. მიმაჩნია, რომ სახელმწიფომ და ბიზნესმა ერთმანეთი უნდა გააძლიეროს. ჩვენ ხომ არ გვაქვს მდგრადი და ჩამოყალიბებული ეკონომიკური გარემო, რაც თავისთავად რისკებთან არის დაკავშირებული, სამაგიეროდ, ჩვენს ქვეყანაში არ არის კორუფცია, მინიმალურია ბიუროკრატიული ბარიერები და ბიზნესურთიერთობები კანონის ფარგლებში ხორციელდება, რაც დიდი სტიმულია ბიზნესისთვის.

თუ კონკრეტულად ჩვენს სექტორზე ვისაუბრებთ, რა თქმა უნდა, არის კვალიფიციური კადრების დეფიციტი და ამ მხრივ დიდი კონკურენციაა კომპანიებს შორის კადრების გადაბირების თვალსაზრისით. თუმცა ეს შესაძლებლობაა ასევე ჩვენი თანამოქალაქეებისთვის და სასწავლო დაწესებულებებისთვის, იფიქრონ კადრების გადამზადების უფრო ეფექტიან და გრძელვადიან გადაწყვეტილებებზე.

თუნდაც ის, რომ ახლო წარსულში დეველოპერებს რეპუტაციის სერიოზული პრობლემები ჰქონდათ, თქვენ როგორ შეძელით “ღირსების” შენარჩუნება?

ჩვენ ვასრულებთ, რასაც ვპირდებით ჩვენს კლიენტებს და არასდროს ვიღებთ იმაზე მეტ ვალდებულებას, რისი შესრულებაც შეგვიძლია. იმ უარყოფითი მაგალითებიდან ჩვენ გავიზიარეთ სხვა კომპანიების გამოცდილება და ვცდილობთ, ვისწავლოთ სხვის შეცდომებზე.

ის, რაც უკვე შევქმენით გუდაურში, არის მხოლოდ დასაწყისი იმ დიდი საქმის, რაც საქართველოს ევროპის რუკაზე მოგზაურებისთვის ერთ-ერთ მიმზიდველ ქვეყნად წარმოაჩენს. გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტი აუცილებლად გახდება ევროპული დონის და მაქვს იმის ამბიცია, რომ ის შეადარონ ისეთ ცნობილ კურორტებს, როგორიცაა კურშაველი, დავოსი ან კიდევ სხვა რომელიმე პოპულარული დასასვენებელი ადგილი მსოფლიოში. 

–––––

ვასილ ხოდელი, “საქართველოს ბანკის” კორპორაციული საბანკო მიმართულების ხელმძღვანელი

“რედკო” არც პირველია და არც ერთადერთი დეველოპერულ ბაზარზე, ვინც თქვენს ბანკთან თანამშრომლობითა და თქვენი ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს. რა მნიშვნელობისაა თქვენთვის სამშენებლო სექტორი?

სამშენებლო სექტორი, განსაკუთრებით კი დეველოპერული ბაზარი, საქართველოში მუდმივად იზრდება და ვითარდება. ბოლო ათი წლის განმავლობაში ბაზრის მოცულობის გასამმაგებამ ხელი შეუწყო ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. “საქართველოს ბანკისთვის” მნიშვნელოვანია როგორც დაფინანსებით, ასევე პროფესიული რჩევებით მხარი დაუჭიროს ბიზნესს, ხელი შეუწყოს სექტორის განვითარებასა და, შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებას.

რა გამოარჩევს “რედკოს” დეველოპერულ ბაზარზე, თუნდაც თქვენს სხვა კლიენტებს შორის?

კომპანია ზრუნავს საქართველოს კურორტების, სარეკრეაციო ზონების განვითარებაზე, რისი ნათელი მაგალითიცაა პროექტები: “ახალი გუდაური”, “the valley” ბაკურიანში და სხვა. აღსანიშნავია, რომ “რედკო” გამოირჩევა მშენებლობის მაღალი ხარისხითა და მუდმივად ორიენტირებულია განვითარებაზე, ახალი სტანდარტების დანერგვაზე. პარტნიორობის დაწყების დღიდან კლიენტი მაქსიმალური პასუხისმგებლობით ეკიდებოდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, ბანკისთვის კი განსაკუთრებით სასიამოვნოა ასეთ პარტნიორთან თანამშრომლობა.

არის თუ არა ერთგვარი რისკი დეველოპერებთან ფინანსური თანამშრომლობა, თუნდაც ახლო წარსულის არცთუ სახარბიელო გამოცდილებისა და დღეს ბაზარზე საკმაოდ მაღალი კონკურენციის გათვალისწინებით?

დეველოპერულ ბაზარზე არსებული მაღალი კონკურენცია უზრუნველყოფს კომპანიების მუდმივ განვითარებაზე ზრუნვას და ხარისხის სტანდარტების ზრდას. მიუხედავად ამისა, სამშენებლო სექტორი საქართველოში მაღალი რისკის შემცველია. უახლოეს წარსულში არასწორმა მენეჯმენტმა, რისკების შეუფასებლობამ და სხვა ბევრმა ფაქტორმა მრავალი სამშენებლო კომპანიის ბაზარზე მოღვაწეობას საფრთხე შეუქმნა და ისინი სავალალო შედეგებამდე მიიყვანა. ბანკისა და კომპანიის ორმხრივად წარმატებული თანამშრომლობისთვის აუცილებელია თითოეულ პროექტთან დაკავშირებული რისკების სწორად შეფასება და, შესაბამისად, მათი მაქსიმალურად შემცირება, რაც იცავს პროექტის როგორც დამფინანსებელს, ასევე ინვესტორს.

გაქვთ თუ არა გაყიდვების ერთიანი ან განვადების სპეციალური თანამშრომლობის ფორმატი კონკრეტულად “რედკოს” კლიენტებისთვის?

კომპანია “რედკო” ჩართულია ბანკის იპოთეკური სესხების პროგრამაში, რომელიც პოტენციურ მყიდველებს საშუალებას აძლევს, იპოთეკურ სესხზე განსაკუთრებული/პრივილეგირებული პირობებით ისარგებლონ. პროგრამა კომპანიას ეხმარება რეალიზაციის სტიმულირებაში და მათ საბოლოო პროდუქტს უფრო ხელმისაწვდომს ხდის, მომხმარებლებს კი უქმნის კომფორტს, რომ შეუფერხებლად და თამამად შეიძინონ აქტივები მშენებარე ობიექტებში. აღნიშნული პროგრამა მოქმედებს შპს “რედკოს” ამ ეტაპზე არსებულ ყველა მშენებლობაზე და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ახალ პროექტებზეც გავრცელდება, ვცდილობთ, რომ “რედკოს” ჯგუფის სხვადასხვა დაფინანსების გზით საკუთარი მცირე წვლილი შევიტანოთ საქართველოს ტურიზმის განვითარებაში.