ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია Microsoft-ის კვარტალურმა შემოსავალმა ანალიტიკოსთა მოლოდინს გადააჭარბა და $64.7 მილიარდს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. მიუხედავად ამისა, კომპანიის აქციების ფასი დაეცა, რაც უმეტესწილად ხელოვნური ინტელექტის ბიზნესის მოსალოდნელზე დაბალი შედეგების დამსახურებაა.
30 ივნისს დასრულებული კვარტალის მონაცემებით, ერთ აქციაზე კომპანიის მოგებამ $2.95-ს, ხოლო შემოსავალმა $64.7 მილიარდს მიაღწია. ცნობისთვის, ანალიტიკოსები Microsoft-ის მიერ აქციაზე $2.94-ის მოგების, შემოსავლის სახით კი $64.4 მილიარდის მიღებას ვარაუდობდნენ. ამის მიუხედავად, Microsoft-ის აქციების ფასი შემოსავლების გამოცხადების შემდეგ დაახლოებით 7%-ით დაეცა.
აქციების ღირებულების ვარდნა, ძირითადად, Microsoft-ის ხელოვნური ინტელექტის ბიზნესის მოსალოდნელზე დაბალ შედეგებს უკავშირდება. კერძოდ, Azure Cloud Computing-ის ზრდამ მხოლოდ 29% შეადგინა, რაც ჩამოუვარდება ანალიტიკოსთა პროგნოზებს განყოფილების 31%-იან ზრდასთან დაკავშირებით. ანალიტიკოსები Azure Cloud Computing-ისგან $28.7-მილიარდიანი შემოსავლის მიღებას ვარაუდობდნენ, თუმცა ამ მაჩვენებელმა მხოლოდ $28.5 მილიარდი შეადგინა.
გასული კვარტალი Microsoft-ისთვის ყველაზე შემოსავლიანი აღმოჩნდა – კომპანიამ 2023 წლის მეოთხე კვარტლის ბოლოს დაფიქსირებული, რეკორდული $62.02-მილიარდიანი შემოსავალი გააუმჯობესა. ფისკალური წლის დასრულებისას, Microsoft-ის მოგებამ $88.1 მილიარდი, შესაბამისად, თითო აქციაზე $11.80 შეადგინა.