როიტერსის ცნობით, იტალიური ბანკის, მსოფლიოში უძველესი მონტე დეი პასკის გადასარჩენად 4 წლიანი მცდელობისა და 5.4 მილიარდი ევროს გადახდის შემდეგ, რომი ბანკის UniCredit-სათვის მიყიდვის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს. გარდა ამისა, მონტე დეი პასკი ტოსკანას ბანკის 64%-იან წილსაც დაემშვიდობება.
მსოფლიოს უძველესი ბანკის ფინანსური პრობლემები 2007 წლიდან იღებს სათავეს, როდესაც მონტე დეი პასკი Santander-საგან Antonveneta-ს ყიდვას 9 მილიარდ ევროდ გადაწყვეტს. ამის შემდეგ, 2009 წელს, მონტე დეი პასკის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბანკი 1.9 მილიარდი ევროს ღირებულების სპეციალურ ობლიგაციებს მიყიდის იტალიის ფინანსთა სამინისტროს საკუთარი ფინანსების გასაძლიერებლად.
უკვე 2011 წელს ევროპული საბანკო ორგანო მონტე დეი პასკის კაპიტალის დეფიციტს ადგენს და ის 3.2 მილიარდ ევროს შეადგენს. ეს ყველაფერი ზოგადი რეკომენდაციების ხასიათს ატარებს ბანკის 71 კრედიტორისათვის კაპიტალ რეზერვების გაზრდის მიზნით.
2013 წელს ბანკის დანაკარგებმა 1.44 მილიარდი ევრო შეადგინა. შემდეგ წელს კი მონტე დეი პასკის აღმასრულებელ დირექტორსა და ფინანსურ ხელმძღვანელს მარეგულირებელი ორგანოების შეცდომაში შეყვანის ბრალდებით დაახლოებით ოთხ წლიან პატიმრობას უსჯიან.
2019 წელს ბანკმა განაცხადა, რომ 2018 წელს მან დამატებით 1 მილიარდი ევრო იზარალა. 2020 წელს კი ამ რიცხვმა 1.69 მილიონი ევრო შეადგინა, რაც გარდა ზემოთ აღნიშნული პრობლემებისა, პანდემიის შეზღუდვებითაც იყო გამოწვეული.
ამჟამად, როგორც ზემოთ აღინიშნა, ბანკის შესყიდვით UniCredit არის დაინტერესებული.