Rheinmetall-ი ჯავშანტექნიკის წარმოების თაობაზე უკრაინასთან შეთანხმებას გააფორმებს

Rheinmetall-ი ჯავშანტექნიკის წარმოების თაობაზე უკრაინასთან შეთანხმებას გააფორმებს

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Rheinmetall-სა და უკრაინას შორის ჯავშანტექნიკის ერთობლივად წარმოების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს და მხარეები უახლოეს პერიოდში შეთანხმებას ხელს მოაწერენ. იარაღის მწარმოებელი კომპანია Rheinmetall-ის აღმასრულებელი დირექტორის, არმინ პაპერგერის განმარტებით, კომპანიას ჯავშანტექნიკის წარმოების დაწყება უკრაინაში სურს და საწყის ეტაპზე ჯავშანტრანსპორტიორ Fuchs-ის წარმოებას განიხილავს.

გარდა ამისა, სამხედრო კონტრაქტორის განმარტებით, კომპანიის მიერ უკრაინაში გახსნილ საწარმოს ჯავშანტექნიკის შეკეთებისა და სერვისის ფუნქციაც ექნება. ასევე, გრძელვადიან პერიოდში უკრაინა აღნიშნულ საწარმოში Panther-ის ტიპის მთავარი საბრძოლო ტანკისა და Lynx-ის ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანის წარმოებითაა დაინტერესებული.

აღსანიშნავია, რომ Rheinmetall-მა უკრაინულ სამხედრო კომპანია UkrOboronProm-თან საბრძოლო მანქანების შემკეთებელი და საწარმოო ერთობლივი კომპანია ჩამოაყალიბა. ერთობლივ საწარმოში 51%-იანი წილის მფლობელი სწორედ Rheinmetall-ი იქნება. გერმანული მხარე საკუთარ თავზე ქარხნის მენეჯმენტსაც აიღებს.