Blackstone-მა „საერთაშორისო გემოლოგიური ინსტიტუტი“ შეისყიდა

Blackstone-მა „საერთაშორისო გემოლოგიური ინსტიტუტი“ შეისყიდა

კერძო საინვესტიციო კომპანია Blackstone-ის განცხადებით, კომპანიამ ჩინური ფირმა Fosun-ისაგან „საერთაშორისო გემოლოგიური ინსტიტუტი“ (IGI) შეიძინა. საკითხთან დაახლოებული პირის ინფორმაციით, Blackstone-მა IGI 530 მილიონ აშშ დოლარად შეისყიდა. კომპანიის წილის 80% კერძო საინვესტიციო კომპანიამ ჩინური Fosun-საგან მიიღო, 20% კი – ოჯახისაგან, რომელიც აქციების დარჩენილ ნაწილს ფლობდა.

ფინანსური დეტალების შესახებ ინფორმაცია Fosun-მა გაავრცელა. კომპანიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ გარიგება Fosun-ის ფინანსურ მაჩვენებლებზე დადებით  გავლენას მოახდენს და კორპორაცია განვითარების სტრატეგიებზე ფოკუსირებას შეძლებს.

ცნობისთვის, „საერთაშორისო გემოლოგიური ინსტიტუტის“ შემოსავლებისა და მოგების უმეტესობა ინდოეთის ბაზარზე მოდის. 50 წლის წინ მარსელ ლორის მიერ დაარსებული კომპანია 10 ქვეყანაში 29 ლაბორატორიასა და გემოლოგიის 18 სკოლას ფლობს. თუმცა, სკოლებისაგან განსხვავებით, ლაბორატორიების უმეტესობა ინდოეთში მდებარეობს.

ინდოეთის საიუველირო ბაზრის მოცულობამ 2021 წელს 78.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ეს ინდუსტრია კი ქვეყნის ექსპორტის ერთ-ერთ მსხვილ მიმართულებას წარმოადგენს.