ძლიერი შიშებისა და ფობიებისაგან მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანებიც არ არიან დაზღვეულნი. როგორც ჩანს, მიუხედავად მდიდრული ცხოვრებისა და უსაზღვრო მატერიალური შესაძლებლობებისა, მყარი ფსიქოლოგიით ვერც პლანეტის ყველაზე შეძლებული ადამიანები დაიკვეხნიან.
მაგალითად, მსოფლიო ისტორიაში ყველაზე მდიდარ ადამიანს, ამერიკელ მილიარდერ ილონ მასკს მარსის კოლონიზაცია აქვს დასახული მიზნად, თუმცა გარკვეული შიშები მასაც აწუხებს. Tesla-ს დამფუძნებელს ყველაზე მეტად ხელოვნური ინტელექტის ეშინია. ხელოვნური ინტელექტი, როგორც პოტენციური განუსაზღვრელი ბოროტება, წლიდან წლამდე ვითარდება. 2018 წელს ილონ მასკმა განაცხადა, რომ ხელოვნურ ინტელექტს ადამიანთა მოდგმის განადგურებაც შეუძლია.
საინტერესოა, რომ კიდევ ერთ ცნობილ ამერიკელ მილიარდერს, ბილ გეიტსს, ყველაზე მეტად ეპიდემიების ეშინია. აღნიშნულის შესახებ მან პირველად 2015 წელს განაცხადა. მან აღნიშნა, რომ ძალიან წუხს პანდემიებს შეწირული მილიონობით სიცოცხლის გამო. გარდა ამისა, დასძინა, რომ ომებისაგან განსხვავებით სერიოზულ ეპიდემიას ადამიანთა მოდგმის 50%-ის განადგურება შეუძლია.
მეტად უცნაურია, თუმცა ამერიკელ მილიარდერებს, Virgin Group-ის დამფუძნებელს, რიჩარდ ბრენსონსა და უორენ ბაფეტს ყველაზე მეტად საჯარო გამოსვლები აშინებთ. რიჩარდ ბრენსონი 100-მდე კომპანიის დამფუძნებელია, რომლებშიც 60 000-მდე ადამიანია დასაქმებული. გარდა ამისა, მას მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ სატელევიზიო გადაცემაში და ჰქონდა საკუთარი რეალიტი შოუც. თუმცა, ასეთი საჯაროობის მიუხედავად, თურმე ის საჯარო გამოსვლებისას მეტად ღელავს. უორენ ბაფეტი კი აღნიშნულ ფობიას დიდი ხნის განმავლობაში ებრძოდა.
საკმაოდ საინტერესო შიში აქვს Mars Inc.-ის დამფუძნებელ, 81 წლის მილიარდერ ჟაკლინ მარსსაც. ის კამერების წინაშე იშვიათად ჩნდება რისი მიზეზიც, როგორც ჩანს, ოჯახის საიდუმლოების გათქმის შიშია.