როგორ აპირებს “მანნა“, გახდეს ეროვნული ბრენდი

როგორ აპირებს “მანნა“, გახდეს ეროვნული ბრენდი

მანნა“ ჩაის ბაზარზე 2017 წელს გამოჩნდა. საწარმო მდებარეობს საგურამოში. კომპანია 100%-ით ქართული ნედლეულით აწარმოებს დაახლოებით 12 სახეობის ჩაის,რომელიც როგორც ადგილობრივ, ასევე უკვე ევროპულ ბაზრებზე იყიდება.მანნას“ ჩაი უნიკალური გემოებით გამოირჩევა. ტექნოლოგები ჩაის დასამზადებლად ინგრედიენტებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში აგროვებენ და ქმნიან გამორჩეულ რეცეპტებს, რომლებიც ერთდროულად გემრიელიცაა და სასარგებლოც. პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ქსელურ მარკეტებში, მცირე მაღაზიებსა და ტურისტულ ზონებში. წარმოება HACPP-ის სტანდარტებით ხორციელდება, კომპანია ასევე ფლობს ISO 22000:2005 სერტიფიკატს და 2020 წლისთვის გეგმავს FSSC სერტიფიკატის აღებას. 1 წელია, რაც “სინერჯი კაპიტალმა“ კომპანიის 24% შეიძინა. “სინერჯი კაპიტალში“ მიაჩნიათ, რომ “მანნას“ აქვს პერსპექტივა, გახდეს საქართველოს ეროვნული ბრენდი, რის შესაძლებლობებსაც იძლევა ჩაის მზარდი ბაზარი და ამ ბაზარზე “მანნას“ სტრატეგიული უპირატესობა – შექმნას და აწარმოოს მხოლოდ ქართული, ნატურალური და ჯანსაღი ინგრედიენტებისგან დამზადებული, უნიკალური გემოების მქონე სასიამოვნო და სასარგებლო ჩაის ნაირსახეობა. ამ საკითხებთან დაკავშირებით Forbes ესაუბრა “სინერჯი კაპიტალის“ ხელმძღვანელს, პაპუნა ტოლიაშვილს.  

განვითარების რა სტრატეგიას ხედავთ, რის გამოც “მანნას“ “სინერჯი კაპიტალის“ პორტფელისთვის საინტერესო კომპანიად მიიჩნევთ და გჯერათ, რომ ჩაის ბაზარზე მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს?

“მანნას“ ზრდის სტრატეგია ეფუძნება ექსპორტის პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებას – სწორად შერჩეულ ქვეყნებში სწორად შერჩეული პარტნიორების მეშვეობით ქართული ჩაისა და მისი განსაკუთრებული თვისებების წარმოჩენას, რაც კომპანიას უკვე დაწყებული აქვს. 2019 წელს რეალიზაციის 25% სწორედ ექსპორტზე მოდიოდა, 2020-ში კი ამ მაჩვენებლის მნიშვნელოვანი მატებაა დაგეგმილი, რის მოსამზადებელ სამუშაოებზეც მმართველი გუნდი აქტიურად მუშაობდა გასულ წელს. კომპანია უფრო მეტად ორიენტირებულია ექსპორტის გაფართოებაზე, ვიდრე ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვების გაზრდაზე. თუმცა გუნდს ამ ნაწილშიც კარგად აქვს შემუშავებული სტრატეგია, რომ ადგილობრივ მოსახლეობას კიდევ უფრო კარგად გააცნოს უმაღლესი ხარისხის ნამდვილი ქართული ჩაი. საბოლოო ჯამში კი ჩვენი მიზანია, რომ მსოფლიოში “მანნა“ ასოცირდებოდეს საქართველოსთან და საქართველო ასოცირდებოდეს „მანნასთან“. როგორც არის ეს რამდენიმე ბრენდის შემთხვევაში, მათ შორის, მაგალითად, რამდენიმე ღვინო და მინერალური წყალი “ბორჯომი“. ბევრი მუშაობის შემდეგ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ “მანნაც“ ეროვნული ბრენდი გახდება, როგორც ადგილობრივი მოხმარების დონეზე, ისე საზღვრებს გარეთ, და იქნება ცნობილი, როგორც 100%-ით ქართული პროდუქცია, დამზადებული იმპორტირებული ინგრედიენტების გარეშე. ამასთან, “მანნას“ განვითარების სტრატეგია მნიშვნელოვნად უკავშირდება ასორტიმენტის გაფართოებას. კერძოდ, უფრო გამდიდრებული შენარევების, უნიკალური გემოების მქონე თაიგულების შექმნას, რის პოტენციალიც საქართველოს აქვს და ამის მაგალითები „მანნას“ ასორტიმენტში უკვე არსებობს – ჩაი ბეგქონდარით, ასკილით, მოცვის ფოთლით, ლიმონით. ყველა ეს არომატი ჩაის საოცარ გემურ თვისებებს სძენს. კომპანია არ წყვეტს მუშაობას როგორც ახალი გემოების პოვნაზე, ისე ძველი უნიკალური გემოების აღდგენაზე. “მანნას“ ტექნოლოგები სხვადასხვა რეგიონში შეგროვებული ინგრედიენტებისგან ახალ რეცეპტებს ქმნიან. კომპანიის მმართველ გუნდს კარგად ესმის, რომ გამორჩეული, უნიკალური გემოების მქონე ჩაის ნაირსახეობა არის სწორედ ის, რაც შეიძლება გახდეს “მანნას“ უპირატესობა როგორც ქართულ, ასევე ადგილობრივ ბაზრებზე. ასორტიმენტის განვითარება მიმდინარეობს იმ პირობებში, რომ კომპანიისთვის პრიორიტეტად რჩება ხარისხის ყველაზე მაღალი სტანდარტების დაცვა, რაც ევროპის და სხვა განვითარებული ქვეყნების ბაზრებისთვის მნიშვნელოვანია. არაერთმა ევროპელმა ექსპერტმა უკვე შეაფასა “მანნას“ ჩაი, როგორც საუკეთესო ქართული საექსპორტო ჩაი ევროპის ბაზრებისთვის. ამ ყველაფრის მიღწევის საფუძველს ასევე გვაძლევს “მანნაში“ მომუშავე გუნდი, მათი მოტივაცია, კვალიფიკაცია და სურვილი, რომ საუკეთესო ხარისხის, გემური თვისებებით გამორჩეული ქართული ჩაი აწარმოონ და მიაწოდონ ადამიანებს მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენ გვჯერა, რომ ისინი ამას აუცილებლად მიაღწევენ. 

რა არის “სინერჯი კაპიტალის“ როლი და გეგმები “მანნასთან“ მიმართებაში?

ჩვენი, “სინერჯი კაპიტალის“ როლი “მანნაში“ არის კორპორატიული მმართველობის ყველაზე თანამედროვე მეთოდების დანერგვაში დახმარება. ის, რომ მკაფიო იყოს ორგანიზაციის სტრატეგია, მართვის სისტემები მაქსიმალურად შეესაბამებოდეს ამ სტრატეგიას და ფინანსურად იყოს უზრუნველყოფილი მათი ყველა მნიშვნელოვანი წამოწყება, რომელშიც ვხედავთ პოტენციალს. ვფიქრობთ, ამ მიმართულებით საჭიროა მუშაობის ინტენსიურად გაგრძელება. გვინდა, რომ ყოველთვის წინ ვიყოთ, ყველა სხვა დარგში მოქმედ ორგანიზაციასთან შედარებით, სწორედ მართვის თანამედროვე სისტემის გამოყენებით, რამაც ყველაზე მეტად უნდა მოგვცეს პოტენციალის სწრაფად გამოყენების შესაძლებლობა. ამიტომაც ვფიქრობთ, რომ ამ ნაწილში ჩვენი როლი ძალიან დიდია.             

                                                  slide37

არის თუ არა “მანნა“ ინვესტორებისათვის ხელსაყრელი კომპანია ამ ეტაპზე?

დღეს ყველაზე მეტად არის ეს კომპანია მზად ინვესტორებისთვის. ვფიქრობ, რომ ის ინვესტორები, რომლებიც დღეს დაიწყებენ თანამშრომლობას “მანნასთან“, ყველაზე მეტ სარგებელს მიიღებენ შემდგომ ზრდის პროცესიდან. დღეს იმაზე ბევრად მცირე წილი უჭირავს კომპანიას, ვიდრე შეუძლია რომ ჰქონდეს. ეს ნიშნავს, რომ როგორც კი ამ პოტენციალს აითვისებს, შემდეგ ზრდა ისეთი სწრაფი ტემპით შეიძლება აღარ გაგრძელდეს. ესე იგი, დღეიდან მომდევნო ორი წლის განმავლობაში კომპანია რამდენჯერმე გაიზრდება. 2-3 წელიწადში კი რა დონესაც მიაღწევს, ზრდას კვლავ გააგრძელებს, მაგრამ ისე აღარ, როგორც ახლა. ჩვენი დამოკიდებულება ასეთია, რომ ეს წელი ყველაზე კარგი დრო იქნება იმისათვის, რომ ინვესტორებმა კომპანიისგან ყველაზე მეტი მოგება მიიღონ.  

ზოგადად ჩაის ინდუსტრიაზეც რომ ვისაუბროთ… რა პერსპექტივები აქვს საქართველოს?

ვფიქრობ, რომ ჩაის, როგორც პროდუქტს, დღეს არ უჭირავს იმდენად მნიშვნელოვანი ადგილი ქართულ წარმოებაში, როგორც უნდა იყოს. ზოგადად მსოფლიოში ჩაის მოხმარებას ზრდის მაღალი ტემპი აქვს, განსაკუთრებით ევროპაში, რაც გვაფიქრებინებს, რომ ამ კულტურას საქართველოშიც დიდი პერსპექტივა აქვს. რომ შევადაროთ, ჩაის მოხმარება საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე, დაახლოებით, 10-ჯერ ჩამორჩება, მაგალითად, თურქეთის და 5-ჯერ – ევროპის მაჩვენებელს. ეს ნიშნავს, რომ ექსპორტის გარდა, სწორი მეთოდების გამოყენებით, ადგილობრივ ბაზარსაც აქვს ზრდის დიდი პოტენციალი. გვინდა, ჩვენი საქმიანობით მეტი ინვესტორის ყურადღება მივაპყროთ ამ ინდუსტრიისკენ. გვჯერა, რომ “მანნა“ თავისი უნიკალურობით, გამორჩეული გემოებითა და ნატურალურობით ამაში დიდ წვლილს შეიტანს.

 slide36

slide36

slide40

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *