როგორ დაკარგა იაპონიამ აზიის უმსხვილესი ეკონომიკის სტატუსი?

როგორ დაკარგა იაპონიამ აზიის უმსხვილესი ეკონომიკის სტატუსი?

ფოტო: Getty Images

აზიის თანამედროვე ეკონომიკური ისტორია ორ ქვეყანას შორის ძალთა ბალანსის ცვლილებით შეიძლება აიხსნას. ათწლეულების განმავლობაში იაპონია რეგიონის უდიდესი ეკონომიკა და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სახელმწიფო იყო, თუმცა აქტივების ბუშტის ჩამოშლის შემდეგ ქვეყნის ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვნად შენელდა. ამავე პერიოდში ჩინეთმა სწრაფი ეკონომიკური აღმავლობა დაიწყო, რომელმაც მსოფლიო ვაჭრობა, წარმოება და საინვესტიციო ნაკადები მნიშვნელოვნად შეცვალა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) World Economic Outlook-ის მონაცემების მიხედვით, 1995 წელს იაპონია ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტით (GDP) მსოფლიოში მეორე უმსხვილესი ეკონომიკა იყო აშშ-ის შემდეგ.

როგორც პირველი არადასავლური ქვეყანა, რომელმაც წარმატებით განახორციელა ინდუსტრიალიზაცია, იაპონია ათწლეულების განმავლობაში აზიის ეკონომიკური ლიდერი იყო. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ქვეყნის სწრაფ აღდგენას ხელი შეუწყო მაღალხარისხიანი და მაღალი დამატებული ღირებულების პროდუქციის ექსპორტმა, რომელმაც იაპონური კომპანიები გლობალურ ლიდერებად აქცია.

1995 წლისთვის იაპონიის ეკონომიკა იმდენად მასშტაბური იყო, რომ მისი ნომინალური GDP აზიის დანარჩენი ქვეყნების, აფრიკისა და აღმოსავლეთ ევროპის ერთობლივ ეკონომიკასაც კი აღემატებოდა.

1980-იან წლებში ბევრი ანალიტიკოსი ვარაუდობდა, რომ იაპონია მომავალში აშშ-ის ეკონომიკურ ლიდერობასაც დაუპირისპირდებოდა. იაპონური კომპანიები დომინირებდნენ ისეთ ინდუსტრიებში, როგორიცაა სამომხმარებლო ელექტრონიკა და ავტომობილების წარმოება, ხოლო ტოკიო ტექნოლოგიური პროგრესისა და კორპორაციული წარმატების სიმბოლოდ იქცა.

ამ ფონზე აშშ-მა იაპონური ავტომობილებისა და ნახევარგამტარების ექსპორტზე გარკვეული შეზღუდვები დააწესა. მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ასევე Plaza Accord, რომლის შედეგად იაპონური იენი დოლართან მიმართებით მკვეთრად გამყარდა. ეკონომისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ სწორედ ამ შეთანხმების შემდეგ გატარებულმა პოლიტიკამ ხელი შეუწყო 1980-იანი წლების ბოლოს აქტივების ფასების მასშტაბური ბუშტის ფორმირებას.

1990 წელს ბუშტის ჩამოშლის შემდეგ იაპონიის ეკონომიკა ხანგრძლივი სტაგნაციის პერიოდში შევიდა, რომელსაც ხშირად „დაკარგულ ათწლეულებს“ უწოდებენ. ამ პერიოდში ნომინალური GDP ნაწილობრივ იენის გაუფასურების გამო შემცირდა, ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვნად შენელდა, ხოლო სახელმწიფო ვალი მკვეთრად გაიზარდა.

სანამ იაპონია ეკონომიკური გამოწვევების წინაშე იდგა, ჩინეთი სწრაფად ვითარდებოდა.

ეკონომიკური რეფორმებისა და ქვეყნის გახსნის პოლიტიკის შედეგად, XXI საუკუნის პირველ ათწლეულებში ჩინეთის ეკონომიკა საშუალოდ წლიურად მინიმუმ 7%-ით იზრდებოდა, რამაც გლობალური მიწოდების ჯაჭვები და საერთაშორისო ვაჭრობის სტრუქტურა შეცვალა.

ქვეყანა, რომელიც XX საუკუნის დიდი ნაწილის განმავლობაში შედარებით ღარიბ და ნაკლებად განვითარებულ ეკონომიკად მიიჩნეოდა, 2010 წელს ნომინალური GDP-ით იაპონიას გადაასწრო და მსოფლიოში მეორე უმსხვილესი ეკონომიკა გახდა.

2025 წლისთვის ჩინეთის ეკონომიკის მოცულობა დაახლოებით 20 ტრილიონ დოლარს აღწევს, რაც თითქმის ხუთჯერ აღემატება იაპონიის ეკონომიკას. მონაცემების მიხედვით, იაპონიის ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი უკვე შანხაისა და ჩინეთის ოთხი პროვინციის: ფუძიანის, გუანდუნისა და ჯეჯიანის ერთობლივ ეკონომიკაზეც კი ნაკლებია.

თუ გასული საუკუნის ბოლოს იაპონია აზიის ეკონომიკურ ცენტრს წარმოადგენდა, დღეს ეს როლი ჩინეთს ეკუთვნის. ქვეყნის სწრაფმა ინდუსტრიულმა და ეკონომიკურმა განვითარებამ იგი რეგიონის და მსოფლიოს ერთ-ერთ მთავარ ეკონომიკურ ძალად აქცია.