პენსილვანიაში დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის მიმდინარეობისას მისი მკვლელობის მცდელობის ფაქტს მთელი მსოფლიო ეხმაურება. აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს მიერ ლიკვიდაციის მცდელობად შეფასებულ თავდასხმას ამერიკელი ინვესტორებიც აფასებენ და ბაზრებზე მომხდარის სავარაუდო გავლენაზე საუბრობენ.
LPL Financial-ის მთავარი გლობალური სტრატეგოსის შეფასებით, როგორც სხვა გეოპოლიტიკურ მოვლენებს, აღნიშნულ თავდასხმასაც ეკონომიკაზე გარკვეული გავლენა ექნება. ქვინსი კროსბი ვარაუდობს, რომ მომხდარი ოქროს პოზიციებს გააძლიერებს, დოლარის ფასს კი გაზრდის. აშშ-ის სხვა ოფიციალურ პირებთან დაკავშირებით მსგავსი საფრთხეების აღმოჩენის შემთხვევაში კი ფინანსური ანალიტიკოსი აქციების ბაზრის შესუსტებას ვარაუდობს.
Cresset Capital-ის მთავარი საინვესტიციო ოფიცერი მომხდარს კაპიტალის ბაზრებისთვის პოტენციური არასტაბილურობის ფაქტორად მიიჩნევს. ტრამპზე თავდასხმა არასტაბილური გეოპოლიტიკური პროცესის გამოხატულებაა, რაც ბაზრებზე უარყოფით გავლენას ახდენს. ჯეკ ებლინი ვარაუდობს, რომ ობლიგაციების ბაზრები იმავე სავაჭრო მრუდს გაიმეორებენ, რაც ბაიდენ-ტრამპის დებატების შემდეგ ვიხილეთ.
Interactive Brokers-ის მთავარი სტრატეგოსი ვარაუდობს, რომ მომხდარს კაპიტალის ბაზრებზე დიდი გავლენა არ ექნება. სტივ სოსნიკი განმარტავს, რომ აქციებით მოვაჭრეები მსგავს მოვლენებს კარგად ვერ აფასებენ, ტრამპის მკვლელობის მცდელობა კი ასეთ მოვლენას განეკუთვნება.
Annex Wealth Management-ის მთავარი ეკონომისტის მოსაზრებით, ტრამპის მკვლელობის მცდელობას ბაზრებზე გავლენა მას შემდეგ ექნება, როცა გაირკვევა, როგორ შეცვლის მომხდარი საპრეზიდენტო კანდიდატების მხარდაჭერის მაჩვენებლებს. მისი შეფასებით, საკუთრივ ლიკვიდაციის მცდელობას ეკონომიკასა და ბიზნესზე დიდი გავლენა არ ექნება.
EastSpring Investments-ის პორტფელის მენეჯერის პროგნოზით, ლიკვიდაციის მცდელობა ტრამპის მხარდაჭერას გაზრდის. ტრამპის პრეზიდენტობაზე ბაზრების რეაქცია კი დოლარის გაძლიერებით ხასიათდება. შესაბამისად, მისი გამარჯვების შანსების მატებას შესაძლოა სწორედ მსგავსი გავლენა ჰქონდეს.
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის ლიკვიდაციის მცდელობის შემდეგ საფონდო ბირჟები დღეს პირველად გაიხსნება. შესაბამისად, იქონია თუ არა მომხდარმა გავლენა ფინანსურ ბაზრებზე, რამდენიმე საათში გამოჩნდება.