აშშ-ში პოლიციელის მიერ ფერადკანიანი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას მასშტაბური პროტესტი მოჰყვა. საყოველთაო პროტესტს რამდენიმე მილიარდერიც შეუერთდა და შექმნილ ვითარებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მათ შორის არიან:
ინვესტორი რობერტ სმიტი, რომელიც თავად არის ფერადკანიანი, თანამშრომლებისადმი გაგზავნილ წერილში თავის გამოცდილებაზეც საუბრობს. სმიტს მარტინ ლუთერ კინგის ციტატა მოჰყავს და ყვება როგორ მოკლა მისი ბიძა თეთრკანიანმა დაახლოებით 50 წლის წინ. “ეს მტკივნეული კვირაა ამერიკისთვის“, – წერს ის. რობერტ სმიტი Vista Equity Partners-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელია. ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მხარდამჭერია რასობრივი თანასწორობის. მისი ქონება ახლა დაახლოებით $5 მილიარდს შეადგენს.
თანამშრომლებს შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით წერილი გაუგზავნა Snap-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა ივან შპიგელმაც. “ყოველ წუთს, როდესაც ჩვენ ხმას არ ვიღებთ ბოროტებისა და ცუდი საქციელის წინააღმდეგ, ჩვენ თავად ვართ ბოროტების ჩამდენი ადამიანების მხარდამჭერები. გულგატეხილი ვარ და განრისხებული ამერიკაში ფერადკანიანი ადამიანების მიმართ მოპყრობის გამო“, – წერს შპიგელი.
მან ასევე პირობა დადო, რომ რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ორგანიზაციას $4.1 მილიარდს შესწირავს.
ბილ გეითსის მეუღლემ მელინდა გეითსმა კი Twitter-ზე დაწერა, რომ მან არ იცის კარგად, თუ როგორ უნდა გამოიყენოს თავისი ქონება რასიზმის დასასრულებლად ქვეყანაში.
“მე არ მაქვს ყველა პასუხი თუ როგორ უნდა გამოვიყენო ჩემი ხმა, ჩემი ქველმოქმედება ამ პრობლემის მოსაგვარებლად. მე გავაგრძელებ იმ ხალხის და ორგანიზაციის გვერდში დგომას, რომელიც გენდერული და რასობრივი თანასწორობისთვის მუშაობს“, – წერს მელინდა გეითსი.
აღსანიშნავია, რომ ბილ და მელინდა გეითსები თავიანთი ქონების ($105.6 მილიარდი) უმრავლესობას ქველმოქმედებას სწირავენ. მათ დაფუძნებული აქვთ ბილ და მელიდან გეითსების ფონდიც.
რაც შეეხება Facebook-ის დამფუძნებელ მარკ ცუკერბერგს, მან დაწერა: „Facebook-მა უნდა გააკეთოს უფრო მეტი თანასწორობის და ფერადკანიანი საზოგადოების უსაფრთხოების მხარდაჭერისთვის ჩვენს პლატფორმებზე“. ის პირობას დებს, რომ ამ მიზნისთვის ის $10 მილიონს შესწირავს.
აღსანიშნავია, რომ ცუკერბერგი მკაცრად გააკრიტიკა თავისმა თანამშრომლებმა იმის გამო, რომ პრეზიდენტ ტრამპის მიერ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის წამქეზებელ პოსტზე რეაგირება არ მოახდინა. ცუკერბერგმა უარი თქვა ტრამპის პოსტის წაშლაზე, სადაც პრეზიდენტი დემონსტრანტებს, რომლებმაც დაარბიეს ქალაქები, სროლით ემუქრება.
ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას გამოეხმაურა Tesla-ს და SpaceX-ის დამფუძნებელი ელონ მასკიც. მან Twitter-ზე დაწერა ჰეშთეგიანი პოსტი #სამართალიჯორჯისთვის.
საპროტესტო აქციების პარალელურად ჯორჯ სოროსის წინააღმდეგ კონსპირაციული თეორიები აგორდა. მას აბრალებენ საპროტესტო გამოსვლების მოწყობას და იმას, რომ თითქოს ფლოიდი ისევ ცოცხალია.
სოროსის პრესსპიკერმა “ნიუ-იორკ თაიმსთან“ განაცხადა: „ჩვენ ვწუხვართ იმ მცდარი მოსაზრების გამო, რომ თითქოს ადამიანებს, რომლებიც ქუჩაში არიან გამოსული თავიანთი სიბრაზის გამოსახატავად, ჯორჯ სოროსი ან სხვა ვინმე უხდის“.
რაც შეეხება Amazon-ის დამფუძნებელ ჯეფ ბეზოსს, მან მწერალ შენექუა გოლდინგის ესე გამოაქვეყნა, რომელიც ფერადკანიანების მკვლელობას ეხება. “ტკივილი და ემოციური ტრამვა, რაც ფერადკანიანი საზოგადოების მიმართ რასიზმით და ძალადობით არის გამოწვეული, დიდხანს გაგრძელდება“, – დაწერა ბეზოსმა.