თუკი ამერიკელები ელექტრომანქანებზე და ენერგიის სუფთა წყაროებზე მასობრივად გადავლენ, მომავალი ათწლეულების განმავლობაში ამერიკაში ათიათასობით სიცოცხლის შენარჩუნება იქნება შესაძლებელი, – ამის შესახებ American Lung Association-ის მიერ გამოქვეყნებულ სამეცნიერო კვლევაში ვკითხულობთ.
ALA-ის დათვლებით, გამოსაბოლქვი მილებისა და ელექტროსადგურების მიერ ჰაერის დაბინძურების შემცირებით და იმ დაშვებით, რომ 2040 წლისთვის გაყიდული ყველა ავტომობილი ელექტრო იქნება, 2050 წლამდე 110 ათასი უდროო სიკვდილის, 2.78 მილიონი ასთმური შეტევისა და 13.4 მილიონი დაკარგული სამუშაო დღის აცილებაა შესაძლებელი – ამ სარგებლის ფინანსურ მხარეს, ასოციაცია $1.2 ტრილიონად აფასებს.
აღსანიშნავია, რომ ასოციაციის მიერ წარმოდგენილი წინაპირობების შესრულება პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან დღეს ამერიკაში დაახლოებით 280 მილიონი მანქანაა და ელექტრომობილებით მათი სრულად ჩანაცვლება ასეთ მოკლე დროში – წარმოუდგენლად რთული ამოცანაა. ცნობისთვის გეტყვით, რომ ელექტრომანქანები 2021 წელს ქვეყანაში გაყიდული მანქანების მხოლოდ 3%-ს შეადგენენ.
American Lung Association-ის ინფორმაციით, ამერიკელთა 40% ცხოვრობს რეგიონში, სადაც ჰაერის დაბინძურების დონე ჯანმრთელობისთვის საზიანოა და სიმსივნესთან, გულის შეტევებთან, ჩაქცევებთან და ფილტვის დაავადებებთან არის დაკავშირებული.