როგორ გამდიდრდა „დოლჩე & გაბანა“?

როგორ გამდიდრდა „დოლჩე & გაბანა“?

იტალიური მოდის სახლის ერთ-ერთი გამორჩეული ბრენდის, „დოლჩე & გაბანას“ შემოსავალმა 2022 წელს 1.5 მილიარდი ევრო შეადგინა, ხოლო მოგებამ – 60 მლნ ევრო. „დოლჩე & გაბანას“ ბრენდის საბაზრო ღირებულება 1.2 მილიარდი ევროა. შემოსავლით იტალიურ ბრენდებს შორის მე-5 ადგილზეა. მსოფლიო მასშტაბით 300-ზე მეტი მაღაზია აქვს. დასაქმებული ჰყავს 3,200-მდე ადამიანი.

„დოლჩე & გაბანა“ 1985 წელს, იტალიაში, ქალაქ მილანში დომენიკო დოლჩემ და სტეფანო გაბანამ დააარსეს. დომენიკო დოლჩე 1958 წელს სიცილიაზე დაიბადა. ტანსაცმლის დიზაინერობა ადრეული ასაკიდან აინტერესებდა და საცხოვრებლად და სასწავლებლად მილანში გადავიდა, სადაც მოდის დიზაინის სკოლაში დაიწყო სწავლა, თუმცა სწავლა მიატოვა და 1980 წელს დიზაინერ ჯორჯო კორეგიარისთან დაიწყო მუშაობა. სტეფანო გაბანა 1962 წელს მილანში დაიბადა. უნივერსიტეტში არქიტექტორის სპეციალობაზე სწავლობდა. 1980 წელს მანაც დიზაინერ ჯორჯო კორეგიარისთან დაიწყო მუშაობა.

1983 წელს დომენიკო დოლჩემ და სტეფანო გაბანამ საკუთარი სტუდია გახსნეს, სადაც ძირითადად დიზაინის კონსალტინგზე მუშაობდნენ. 1985 წელს უკვე საკუთარი გვარების მიხედვით დაფუძნებული კომპანიის პირველი ჩვენება მოაწყვეს, სადაც ქალის ტანსაცმელი იყო წარმოდგენილი. ჩვენება მილანში მოდის კვირეულის ფარგლებში ახალი ტალანტების სექციაში გაიმართა. ჩვენებამ ისეთი წარმატებით ჩაიარა, რომ მომდევნო წელს მილანში პირველი ბრენდული მაღაზია გახსნეს.

პირველ წლებში დოლჩეს და გაბანას არ ჰქონდათ იმდენი ფული, რომ ჩვენებებისთვის მოდელები და სამკაულები დაექირავებინათ, ამიტომ თავიდან მოდელების ნაცვლად მეგობრები ეხმარებოდნენ პირადი სამკაულებით.

1988 წელს კომპანიამ საცვლებისა და საცურაო კოსტიუმების წარმოება და ტანსაცმლის ექსპორტზე გატანა დაიწყო. 1990 წელს პირველი ჩვენება გამართეს აშშ-ში, ნიუ-იორკში და ამავე წლიდან საექსპორტო ბაზრებს აშშ და იაპონია შემატეს. 1990 წელსვე გამოუშვეს პირველი სუნამო – Dolce&Gabbana Pour Homme.

1991 წელს „დოლჩე & გაბანას“ მამაკაცის ტანსაცმლის კოლექციამ წლის ყველაზე ინოვაციურის ტიტული მიიღო. ამავე წელს ბრენდის ტანსაცმლის ტარება პოპულარულმა მომღერალმა მადონამ დაიწყო, რაც კომპანიის დიდი აღიარება იყო. 1993 წლიდან მადონა კომპანიის ერთ-ერთი მთავარი სახე გახდა.

1996 წელს „დოლჩე & გაბანას“ სუნამოებმა „პარფიუმერიის ოსკარი“ აიღეს და ამ პრიზის მფლობელი პირველი იტალიური კომპანია გახდა. ამავე წელს „დოლჩე & გაბანამ“ კოსტიუმები ცნობილი ფილმისთვის – „რომეო და ჯულიეტასთვის“ შეკერა.

90-იანი წლების ბოლოს კომპანიის შემოსავალმა 500 მლნ დოლარს მიაღწია. 1998 წლიდან კომპანიამ მზის სათვალეების წარმოებაც დაიწყო.

2000-იანების დასაწყისში კომპანიამ მარკეტინგულ სტრატეგიად ცნობილი მომღერლების ტურნეებისთვის ტანსაცმლის შეკერვა აირჩია. ამ ბრენდის ტანსაცმელში გამოწყობილები მართავდნენ კონცერტებს მადონა, ბიონსე, მისი ელიოტი, მერი ჯი, უიტნი ჰიუსტონი, კაილი მინოუგი და სხვა. 2005 წლისთვის კომპანიის შემოსავალმა 700 მლნ დოლარს მიაღწია. 2011 წლიდან საკუთარი სამკაულების წარმოება დაიწყო.

მიუხედავად იმისა, რომ 2009 წლიდან „დოლჩე & გაბანამ“ საკუთარი კოსმეტიკის წარმოება დაიწყო, 2008-2009 წლების მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გამო კომპანიის შემოსავალი 300 მლნ დოლარამდე შემცირდა. 2011 წლიდან კომპანიის შემოსავალმა ზრდა დაიწყო და მილიარდ დოლარს პირველად 2016 წელს მიაღწია.

„დოლჩე & გაბანა“ გამოირჩევა კოლექციების სწრაფი განახლებით და ორიგინალურობით. მისი დამფუძნებლები დღემდე ითვლებიან გავლენიან დიზაინერებად, რომლებიც მსოფლიოში მოდას ქმნიან. დივერსიფიცირებული პროდუქცია, ინოვაციურობა, სელებრითების ნდობა და მარკეტინგული სტრატეგიები არის ის, რასაც კომპანიისთვის წარმატება და წლიდან წლამდე მეტი ფული მოაქვს.