საქართველოს ბანკი, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამჯერად, 18 და 19 მარტს, ფინანსური ინსტიტუტის ორგანიზებით, 2-დღიანი ვორქშოპი ჩატარდა. ვორკშოპს — “როგორ ვიპოვოთ კონკურენტული უპირატესობა” — ტრენერი და ბიზნეს კონსულტანტი, BPN Georgia-ს country დირექტორი, დანიელ მათერი უძღვებოდა.
შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში გაიმართა და დამსწრეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სპიკერთან ერთად განეხილათ შემდეგი საკითხები:
- როგორ უნდა ამოიცნონ საკუთარი კომპანიის კონკურენტული უპირატესობა;
- როგორ უნდა დაარწმუნოთ მომხმარებელი პროდუქტების, მომსახურების სარგებლიანობაში;
- რა სტრატეგიებს უნდა მიმართოთ საკუთარი განმასხვავებელი ნიშნის პოზიციონირებისთვის და სხვა.
ამ სტატიაში კი დანიელ მათერი გვიამბობს, რა იყო ვორკშოპის ხუთი ძირითადი ამოცანა და რა ინფორმაცია მიიღეს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებმა.
მონაწილეების შთაგონება და აზროვნების სტიმულირება
“ჩემი მთავარი მიზანი იყო მონაწილეების შთაგონება, მცირე ბიზნესის მაგალითებით მათთვის აზროვნების სტიმულირება. მსურდა მეჩვენებინა, თუ როგორ მოახერხეს მათ თავიანთი ძლიერი მხარეების სწორად განსაზღვრა და ბაზარზე წარმატების მიღწევა ძლიერი კონკურენტული უპირატესობის (USP) წყალობით“, — ასახელებს პირველ მიზეზს დანიელ მათერი.
კონკურენტული უპირატესობის განმსაზღვრელი ფაქტორები
დანიელ მათერის თქმით, მონაწილეებისთვის სურდა იმის ჩვენება, რომ კონკურენტული უპირატესობა სამ ძირითადი ფაქტორის გადაკვეთაში მდგომარეობს, ესენია:
- სამიზნე აუდიტორია;
- კომპანიის საუკეთესო მხარეები;
- კონკურენტების ძლიერი მხარეები.
პრაქტიკული ინსტრუმენტები
„სემინარის ნამდვილი ღირებულება იმაში მდგომარეობს, თუ რას დანერგავენ მონაწილეები საკუთარ კომპანიებში მეორე დღესვე. ამიტომ, ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რომ აუდიტორიას პრაქტიკული და უფასო ინსტრუმენტების შესახებ ინფორმაცია მიეღო. მათ შორის იყო, მაგალითად, ე.წ. buyer persona-ს შექმნის შაბლონი, ChatGPT-ის გამოყენებით მარკეტინგული მესიჯების შემუშავების ინსტრუქცია და სხვა“
დამაჯერებელი კომუნიკაცია.
„მონაწილეებმა უნდა გააცნობიერონ, რომ უნიკალური პროდუქტის ან სერვისის ქონა საკმარისი არაა, თუ ამ უნიკალურობას დამაჯერებლად ვერ გადმოვცემთ. შეთავაზება არა კომპანიის, არამედ მომხმარებლის თვალში უნდა აღიქმებოდეს უნიკალურად. ამასთან, უნდა ატარებდეს ისეთ მკაფიო ღირებულებას, რომ მომხმარებელი მზად იყოს, გადაიხადოს (უფრო მეტი)“, — აღნიშნავს დანიელ მათერი.
გუნდური მუშაობა
„ჩვენგან არცერთი არ არის იმდენად ჭკვიანი, რამდენადაც ჩვენ ყველა — ერთად.“ ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ სემინარი მაქსიმალურად ინტერაქტიული ყოფილიყო, ინდივიდუალური სავარჯიშოებით და ჯგუფური დავალებებით, როლური თამაშებითა და მონაწილეთა უშუალო უკუკავშირით“, — ამბობს ტრენერი.
გარდა ამისა, დანიელ მათერმა ქართულ კომპანიებს 5 რჩევა მისცა:
- თქვენი მიზანი უნდა იყოს, გახდეთ ნომერ პირველი თქვენი მომხმარებლების გონებაში. იპოვეთ ნიშა მკაფიო სეგმენტით. “უკეთესია, სრულად დააკმაყოფილო ზოგიერთი მომხმარებელი, ვიდრე ნაწილობრივ — ყველა.“
- ინდუსტრიაში უბრალოდ კოპირება (“copy & paste”) ფართოდ გავრცელებულია, მაგრამ იშვიათად იწვევს კონკურენტულ უპირატესობას. ბევრად უფრო ღირებულია სხვა ინდუსტრიებიდან მიღებული იდეები, რომლებიც მიზანმიმართული ადაპტაციის (copy, adapt & paste) გზით სრულიად ახალ იდეებს წარმოშობენ.
- მომხმარებლები არ ყიდულობენ პროდუქტებს – ისინი ყიდულობენ პრობლემების გადაჭრის გზებს და იმ კარგ შეგრძნებას, რასაც ეს იწვევს. მომხმარებელი არ ინტერესდება პროდუქტის ფუნქციებით, არამედ სურს გაიგოს, რა სარგებელს მიიღებს ის მისგან. შესაბამისად, თქვენი კონკურენტული უპირატესობა უნდა იყოს მკაფიო, დამაჯერებელი სარგებლის მომტანი, პირდაპირ პასუხობდეს მომხმარებლების საჭიროებებს და ირეკლავდეს მათ სურვილებს.
- გამოიყენეთ ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტები, როგორიცაა ChatGPT, მომხმარებელთა საჭიროებების ანალიზისა და სამიზნე აუდიტორიისთვის მორგებული მარკეტინგული გზავნილების ფორმულირებისთვის. ეს ინსტრუმენტები ღირებულ იდეებს აგენერირებენ და ზოგავენ დროს — განსაკუთრებით მცირე ბიზნესის მფლობელებისთვის, რომლებსაც არ აქვთ უამრავი რესურსი.
- “წარმატებისკენ მიმავალი ლიფტი არ არსებობს. უნდა აიაროთ კიბე!” კონკურენტულ უპირატესობას ერთ ღამეში ვერ მოიპოვებთ. დაუთმეთ დრო იმის გარკვევას, თუ რას ეძებენ თქვენი მომხმარებლები, აღმოაჩინეთ ძლიერი მხარეები და გამოიკვლიეთ კონკურენტები. იმუშავეთ იდეაზე, რომელსაც ნაბიჯ-ნაბიჯ დახვეწავთ.
აღსანიშნავია, რომ ვორკშოპი ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360°-ის შემადგენელი ნაწილია. ბიზნეს 360° ციფრული პლატფორმაა, რომელიც ყველა იმ შესაძლებლობას აერთიანებს, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო პროექტები, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, შეთავაზებები თუ სხვა.