როგორია რუსული „ბირთვული ტერორიზმის“ აქტების შესაძლო საფრთხეები?

როგორია რუსული „ბირთვული ტერორიზმის“ აქტების შესაძლო საფრთხეები?

უკრაინაში შეჭრისთვის დაწესებული არნახული სანქციების საპასუხოდ, რუსეთმა მუქარის ახალი ხერხი იპოვა და უკრაინის ატომური ელექტროსადგურების ოკუპაცია გადაწყვიტა, რაც მიზანმიმართული თუ უნებლიე არასწორი მოქმედებების გამო მსოფლიოს ბირთვული სახის კატასტროფის წინაშე დააყენებს. რუსეთის მხრიდან ბირთვული საფრთხე კი განსაკუთრებით ირონიულია ბუდაპეშტის მემორანდუმის ფონზე, რომლითაც რუსეთის ფედერაციამ, აშშ-სა და ბრიტანეთთან ერთად, უკრაინის უსაფრთხოების გარანტად ყოფნის ვალდებულება აიღო.

ჯერჯერობით უკრაინის ტერიტორიაზე ორი, ჩერნობილისა და ზაპოროჟიეს, ბირთვული ატომური ელექტროსადგურია, რომელთა ფუნქციონირებასაც რუსი სამხედროების მოქმედება საფრთხეს უქმნის. ორივე ობიექტზე უკრაინელი პერსონალი მძევლადაა აყვანილი. ზაპორიჟიეს ბირთვული ელექტროსადგური ევროპაში უდიდესია, 1986 წლის ჩერნობილის კატასტროფა კი კვლავ ყველას ახსოვს. ორმოცი წლის განმავლობაში უკრაინა დანარჩენ სამყაროსთან ერთად ცდილობდა იმ კატასტროფის შედეგებთან გამკლავებას, რომლის წინაშეც შესაძლოა ხელახლა დადგეს.

ჩერნობილის ელექტროსადგური ამჟამად რუსი სამხედროების მიერაა ოკუპირებული და 9 მარტიდან ეროვნული ელექტროქსელიდან ენერგია არასტაბილურად მიეწოდება. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას განცხადებით, ელეტროენერგიის გათიშვა შესაძლოა გაგრილების სისტემის დაზიანების მიზეზი გახდეს, რაც რადიაციის გაჟონვის რისკს, ერთ კვირაზე ნაკლებ დროში, გამოიწვევს.

ელექტროგადამცემი სისტემის შეკეთების მცდელობების მიუხედავად, მორიგი პროვოკაცია სიტუაციას მნიშვნელოვნად დაამძიმებს. რუსეთს ამისთვის ორი სცენარი აქვს: ჩერნობილის ტყეებში ფართომასშტაბიანი ხანძრის გაჩენა ან ჩერნობილის ელექტროსადგურის ტერიტორიაზე მდებარე ატომურ საწყობზე სარაკეტო ან საარტილერიო თავდასხმის განხორციელება.

რუსეთის არმიამ ზაპოროჟიეს ელექტროსადგური 3 მარტს დაბომბა, ტერიტორია პერსონალთან ერთად ამჟამად ოკუპირებულია. თავდასხმის შედეგად სადგურზე ხანძარი გაჩნდა, რომელიც მოგვიანებით ჩააქრეს. ჩერნობილის მსგავსად, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ, ზაპორიჟიეს ბირთვული მასალის მონიტორინგის სისტემაზე წვდომა დაკარგა, მიზეზი უცნობია. მიუხედავად იმისა, რომ ზაპოროჟიეს ჩერნობილის მსგავსი „წარსული“ არა აქვს, მისი სადგური ჩერნობილისაზე ექვსჯერ ძლიერია, რაც დამშვიდების მიზეზს არ იძლევა. ელექტროსადგურები კი ახლა ისეთი ადამიანების ხელშია, რომელთაც მათი დაუდევრობის შესაძლო შედეგებზე ინფორმაციაც კი არა აქვთ.

სამომავლოდ, რუსეთის „ბირთვული ტერორიზმის“ თავიდან ასაცილებლად მსოფლიო ლიდერებმა ბირთვული განიარაღების პოლიტიკას უნდა გადახედონ, რადგან მხოლოდ ნარატივები საფრთხის შესაჩერებლად საკმარისი აღარაა. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ დღევანდელ დიპლომატებს მსგავსი ტიპის დებატებში მონაწილეობის მცირედი გამოცდილება აქვთ, უმჯობესია, თუ ადრეულ ეტაპზევე დაიწყებენ არგუმენტების მომზადებასა და კონსოლიდირებულ პოზიციაზე შეჯერებას.

ცივი ომის შემდგომ ბირთვული იარაღის კონტროლზე მიღებული შეთანხმებები უკვე მოძველებულია – ფაქტობრივად, მათი ეტაპობრივი გაუქმებაც კი დაწყებულია. მათ შორისაა კანონი ევროპაში კონვენციური შეიარაღების შესახებ (გაუქმდა 2007 წელს),  ანტიბალისტიკური რაკეტების შეთანხმება (გაუქმდა 2002 წელს) და ბირთვული შეთანხმება ახლო და საშუალო სიშორის რაკეტების აკრძალვაზე, რომელმაც 2019 წლის შემდგომ ძალა დაკარგა.

მსოფლიოს თითქოს გადაავიწყდა ის ფაქტი, რომ ბირთვული საშიშროება არა დრამატიზებული თეორია, არამედ ნამდვილი და რთულად კონტროლირებადი საფრთხეა. მიუხედავად ამისა, მსოფლიომ ხელახლა უნდა განიხილოს ყველა შესაძლო სცენარი და ომის შემდგომ ბირთვული განიარაღების ახალ გზებზე იფიქროს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *