ეკონომიკური კრიზისის დროსაც კი ოქრო თავის ღირებულებას ინარჩუნებს და ქვეყნის სიმდიდრის უმნიშვნელოვანეს განმსაზღვრელ ფაქტორად რჩება. 2023 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში საპროცენტო განაკვეთების შესახებ არსებული გაურკვევლობებისა და გეოპოლიტიკური რისკის ფონზეც, ძვირფასმა ლითონმა თავისი მნიშვნელობა დეკემბერში ახალი რეკორდის მიღწევით კიდეც ერთხელ დაამტკიცა.
ცენტრალური ბანკების, სენტ-ლუისის ფედერალური სარეზერვო ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკისა და მსოფლიოს ოქროს საბჭოს მონაცემებზე დაყრდნობით, რეიტინგში, 2023 წლის სექტემბრისთვის, ოქროს ყველაზე დიდი რეზერვის მქონე ტოპ-11 ქვეყანაა წარმოდგენილი.
მსოფლიოში არსებული ოქროს დიდი ნაწილი სხვადასხვა ადგილას ინახება, მათ შორის ცენტრალური ბანკების სარდაფებში, საიუველირო საწყობებში, ასევე არის კერძო დეპოზიტორების საკუთრებებშიც. ქვეყნები კი ოქროს მარაგს სხვადასხვა მიზეზის გამო ინარჩუნებენ. უპირველეს ყოვლისა, ოქრო ღირებულების საიმედო საწყობია, რომელიც ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობისადმი, განსაკუთრებით ფინანსური კრიზისების დროს, ნდობას აძლიერებს.
ამასთან ერთად, სახელმწიფოთა ნაწილი ოქროს რეზერვებს ვალუტის სტაბილურობის შენარჩუნებისთვის კვლავ უმთავრეს ინსტრუმენტად მიიჩნევს. უფრო მეტიც, ოქროს მატერიალურობა ქვეყნებს მათი მთლიანი პორტფელის დივერსიფიკაციის საშუალებას აძლევს. ამჟამად, მოპოვებული ოქროს თითქმის მეხუთედი ცენტრალურ ბანკებში ინახება.
მსოფლიოში ოქროს უდიდესი მარაგი ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს. ჯამში 8,133 ტონა ოქრო, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 12 ფედერალურ სარეზერვო ბანკში ინახება. რუსეთი და ჩინეთი, რომლებიც აშშ-ის მთავარ გეოპოლიტიკურ კონკურენტებადაც აღიქმებიან, ბოლო ორი ათწლეულია, რაც ოქროს ყველაზე მსხვილი შემსყიდველები არიან. უმსხვილესი მყიდველი გასულ წელს ჩინეთის სახალხო ბანკი იყო, რომელმაც 225 ტონა ოქრო შეიძინა.
ოქროს მარაგებით რეიტინგში მყოფი პირველი შვიდი ქვეყანა უმსხვილესი ეკონომიკების ათეულშიც შედის. შტატების შემდეგ, ოქროს რეზერვების სიდიდით მეორე ადგილზე გერმანიაა (3,353 ტონა ოქრო), ხოლო ტოპ-სამეულს, 2,452 ტონა ოქროთი, იტალია ასრულებს:
ოქროს რეზერვების მიხედვით ქვეყნების რეიტინგი:
- ამერიკის შეერთებული შტატები – 8,133 ტონა
- გერმანია – 3,353 ტონა
- იტალია – 2,452 ტონა
- საფრანგეთი – 2,437 ტონა
- რუსეთი – 2,333 ტონა
- ჩინეთი – 2,192 ტონა
- შვეიცარია – 1,040 ტონა
- იაპონია – 847 ტონა
- ინდოეთი – 801 ტონა
- ნიდერლანდები – 612 ტონა
- თურქეთი – 479 ტონა