ფოტო: uoguelph.ca
ლუდი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ალკოჰოლური სასმელია. მას ადამიანები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყოველდღიურად აქტიურად მოიხმარენ. ზოგიერთ ერს ლუდის მოხმარების ათასწლოვანი ტრადიცია აქვს, ზოგი კი მისი ხარშვის კულტურასაც ახლოს იცნობს. ხშირ შემთხვევაში ლუდის მოხმარებისა და მისი წარმოების გეოგრაფიული არეალი ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.
სტატიაში წარმოგიდგენთ ლუდის მწარმოებელი ქვეყნების რეიტინგს 2024 წლის მონაცემებით, რომელიც შედგენილია BarthHaas-ის ანგარიშის მიხედვით და 174 სახელმწიფოს მოიცავს.
ანგარიშის თანახმად, ჩინეთი კვლავ ლუდის უმსხვილესი მწარმოებელია. 2024 წელს ჩინეთში 34 მილიარდი ლიტრი ლუდი მოიხარშა, რაც გლობალური წარმოების 18.2%-ს შეადგენს. მისი დომინაცია აღნიშნულ სექტორში იმდენად დიდია, რომ ის წარმოებით აშშ-სა და ბრაზილიის ჯამურ წარმოებასაც აღემატება. თუმცა მისი დომინაცია დროთა განმავლობაში მცირდება. მაგალითისათვის, 2013 წელს ჩინეთზე გლობალური წარმოების 25.7% მოდიოდა.
რეიტინგის მეორე ადგილზე შეერთებული შტატებია. აშშ-ში 2024 წელს 18.5 მილიარდი ლიტრი ლუდი აწარმოეს. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის ლუდის ბაზარი უზარმაზარია, 2024 წელს წარმოება 4.8%-ით შემცირდა. ამის მიზეზი კი ისაა, რომ შტატებში ამ წელს უფრო მეტი ლუდსახარში დაიხურა, ვიდრე გაიხსნა, რაც 2005 წლის შემდეგ პირველი შემთხვევაა.
რეიტინგის მომდევნო პოზიციებს ბრაზილია (14.7 მილიარდი ლიტრი) და მექსიკა (14.6 მილიარდი ლიტრი) იკავებენ. აღნიშნულ ქვეყნებს ლუდის წარმოების დიდი ტრადიცია აქვთ, მექსიკა კი გლობალური ბრენდებისთვის ლუდის ექსპორტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ჰაბს წარმოადგენს.
ევროპის კონტინენტზე უმსხვილესი მწარმოებლის პოზიცია გერმანიას რუსეთმა წაართვა. 2024 წელს რუსეთში 9 მილიარდი ლიტრი ლუდი აწარმოვეს. რუსეთის შემთხვევა საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ ქვეყანა თითქმის სრულად დატოვა გლობალურმა ლუდის მწარმოებლებმა. შეგახსენებთ, 2023 წელს Carlsberg-ის რუსული დანაყოფი სახელმწიფო მართველობაში გადავიდა, მოგვიანებით კი ადგილობრივ მწარმოებელს მიჰყიდეს. ლოკალური წარმოების მხარდაჭერის შედეგად რუსეთში ლუდის წარმოება 2024 წელს 9%-ით გაიზარდა.
სანაცვლოდ გერმანია, რომელიც მთელ მსოფლიოში ცნობილია ლუდის ხარშვის ტრადიციით, რეიტინგში მეექვსე პოზიციაზე ჩამოქვეითდა. 2024 წელს ქვეყანამ 8.3 მილიარდი ლიტრი ლუდი აწარმოვა.
ცნობისთვის, ანგარიშის თანახმად, ლუდის წარმოებით ყველაზე მზარდი რეგიონი აფრიკაა, სადაც 2024 წელს წარმოება 6.7%-ით გაიზარდა. რეგიონის უმსხვილესი მწარმოებელი კი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაა.
ანგარიშის თანახმად, საქართველო ლუდის მწარმოებელი სახელმწიფოების რეიტინგში 94-ე ადგილს იკავებს 174 ქვეყანას შორის. 2024 წელს საქართველოში 140 მილიონი ლიტრი ლუდი მოხარშეს, რაც გლობალური წარმოების 0.1%-ს შეადგენს.
| რეიტინგი | ქვეყანა | ლუდის წარმოება | წილი გლობალურ წარმოებაში (2024) |
| 1 | ჩინეთი | 34.0 მილიარდი ლიტრი | 18.2% |
| 2 | აშშ | 18.5 მილიარდი ლიტრი | 9.8% |
| 3 | ბრაზილია | 14.7 მილიარდი ლიტრი | 7.9% |
| 4 | მექსიკა | 14.6 მილიარდი ლიტრი | 7.7% |
| 5 | რუსეთი | 9.0 მილიარდი ლიტრი | 4.8% |
| 6 | გერმანია | 8.3 მილიარდი ლიტრი | 4.5% |
| 7 | იაპონია | 4.5 მილიარდი ლიტრი | 2.4% |
| 8 | ესპანეთი | 4.1 მილიარდი ლიტრი | 2.2% |
| 9 | სამხრეთი აფრიკა | 3.7 მილიარდი ლიტრი | 2.0% |
| 10 | დიდი ბრიტანეთი | 3.6 მილიარდი ლიტრი | 1.9% |
…
| 94 | საქართველო | 140 მილიონი ლიტრი | 0.1% |

















