რომელ ქვეყნებშია ცხოვრების ყველაზე მაღალი და დაბალი სტანდარტი?

რომელ ქვეყნებშია ცხოვრების ყველაზე მაღალი და დაბალი სტანდარტი?

2020-მა წელმა მსოფლიოს იმგვარი ქაოსი მოუტანა, ათწლეულების განმავლობაში რომ არ უნახავს. პანდემიას მოჰყვა რუსეთის ომი უკრაინაში, რამაც საკვებისა და საწვავის ფასები მკვეთრად გაზარდა და ქვეყნები სასურსათო კრიზისის წინაშე დააყენა. ექსტრემალურმა ამინდებმა კი ცხადყო, რომ კლიმატი იცვლება და პრობლემა შეიძლება კიდევ უფრო გამწვავდეს.

რა გასაკვირია, რომ ამ ყველაფერმა ადამიანთა ცხოვრების სტანდარტზე და მათ ყოველდღიურობაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა – 2020 წელს გაეროს ადამიანის განვითარების ინდექსი (HDI) 1990 წლის შემდეგ პირველად შემცირდა. ასე მოხდა 2021-შიც.

ადამიანის განვითარების ინდექსი აერთიანებს იმგვარ ინდიკატორებს, როგორიცაა ხანგრძლივი და ჯანმრთელი ცხოვრება, განათლების დონე და მთლიანი ეროვნული შემოსავალი ერთ მოსახლეზე. ეს ყველაფერი გამოსახულია მაჩვენებლით 0-დან 1-მდე. მთლიანი შიდა პროდუქტის შემდეგ, HDI-ი ქვეყნის განვითარების შესაფასებლად ყველაზე ფართოდ გამოყენებადი საშუალებაა.

ზედიზედ მეორე წელია, ინდექსში პირველ ადგილზე შვეიცარიაა 0.967 ქულით. ამას ქვეყანაში არსებული მაღალი შემოსავალი და დაბადებისთანავე სიცოცხლის მაღალი ხანგრძლივობა განაპირობებს. დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებიც სიაში წამყვან პოზიციებზე არიან – მაგალითად, ნორვეგია და ისლანდია, შესაბამისად, მეორე და მესამე ადგილს იკავებენ. მაღალია ზოგიერთი აზიური ქვეყნის მაჩვენებელიც, მაგალითად, ჰონგ-კონგისა და სინგაპურის, რომლებიც ათეულში შედიან.

საუკეთესო ათეული ამგვარია:

  1. შვეიცარია – 0.967 ქულა;
  2. ნორვეგია – 0.966 ქულა;
  3. ისლანდია – 959 ქულა;
  4. ჰონგ-კონგი – 956 ქულა;
  5. დანია – 952 ქულა;
  6. შვედეთი – 952 ქულა;
  7. გერმანია – 950 ქულა;
  8. ირლანდია – 950 ქულა;
  9. სინგაპური – 949 ქულა;
  10. ავსტრალია – 946 ქულა.

საქართველო HDI-ის ინდექსში მე-60 პოზიციაზეა 193 ქვეყნიდან და 0.814 ქულა აქვს. 2022 წლის მონაცემებით, ქვეყანაში ცხოვრების მოსალოდნელი ხანგრძლივობა 71.6 წელია, ერთ მოსახლეზე მთლიანი ეროვნული შემოსავალი კი 15,952 აშშ დოლარს შეადგენს – სურათის უკეთესად დასანახად, პირველ ადგილზე მყოფ შვეიცარიაში მაჩვენებელი 69,433 აშშ დოლარს შეადგენს.

წყარო: საქსტატი

დანარჩენ მსოფლიოში მდგომარეობა არათანაბარია. იმგვარმა ქვეყნებმა, როგორიცაა პერუ, კოლუმბია, ლიბია ან ლიბანი 2019 წლის შემდეგ მცირე პროგრესი განიცადეს. რუსეთსა და უკრაინაში ცხოვრების სტანდარტი დაეცა. იემენმა, ბელიზმა და მიკრონეზიამ პიკს 2010 წელს მიაღწიეს და მას შემდეგ მათი მაჩვენებელი წლიდან წლამდე უარესდება.

ინდექსის მიხედვით, ცხოვრების სტანდარტი ყველაზე დაბალი შემდეგ ქვეყნებშია:

  1. სიერა-ლეონე – 458 ქულა;
  2. ბურკინა-ფასო – 438 ქულა;
  3. იემენი – 424 ქულა;
  4. ბურუნდი – 420 ქულა;
  5. მალი – 410 ქულა;
  6. ჩადი – 394 ქულა;
  7. ნიგერი – 394 ქულა;
  8. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა – 387 ქულა;
  9. სამხრეთი სუდანი – 381 ქულა;
  10. სომალი – 380 ქულა.

უნდა ითქვას, რომ HDI-ი გამოსადეგი ინდექსია, მაგრამ, ცხადია, არასრულყოფილი. ის არ ითვალისწინებს ეკონომიკურ უთანასწორობას, მაგალითად, ეთნიკურ და გენდერულ უმცირესობებს შორის (ამისთვის გაეროს სხვა ინდექსები აქვს), სიღარიბეს, ადამიანის უსაფრთხოებას, უფლებამოსილებას და სხვას.

გაეროს პროგნოზით, 2023 წელს მსოფლიოში ცხოვრების სტანდარტები გაუმჯობესდა – 2019 წლის მაჩვენებლის აღდგენა მხოლოდ არაბულმა სამყარომ ვერ შეძლო. ბოლო 20 წელში HDI-ის ინდექსში ყველაზე მაღალ და ყველაზე დაბალმაჩვენებლიან ქვეყნებს შორის სხვაობა შემცირდა, თუმცა 2020 წლის შემდეგ კვლავ გაიზარდა.

პანდემიამ აჩვენა, რომ დიდი საფრთხის წინაშე ქვეყნებს კოლაბორაცია შეუძლიათ. სამომავლოდ ეს სხვა დიდი პრობლემების მოგვარებისთვისაც საჭირო იქნება, თუნდაც, კლიმატის ცვლილებაზე ადამიანის გავლენის შესამცირებლად და ქვეყნებს შორის ეკონომიკური უთანასწორობის მეტ-ნაკლებად აღმოსაფხვრელად.