რომელი კომპანიები ფლობენ ყველაზე მეტ ბიტკოინს?

რომელი კომპანიები ფლობენ ყველაზე მეტ ბიტკოინს?

გასული წლების ჩავარდნის შემდეგ, მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტოვალუტა ზრდის ტენდენციას დაუბრუნდა და რამდენიმე დღის წინ ყველა დროის უმაღლეს ღირებულებას, $73,000-ს მიაღწია. მოცემული დროისთვის ბიტკოინის ფასი $69,000-$70,000-ს შორის მერყეობს.

ფასის მატებას ETF-ით ვაჭრობის შედეგად კაპიტალის ზრდა განაპირობებს. შეგახსენებთ, აშშ-ის ფასიანი ქაღალდების ბაზრის მარეგულირებელმა (SEC) ბიტკოინის პირველი გაცვლითი სავაჭრო ფონდები იანვრის დასაწყისში დაამტკიცა. ღირებულების მკვეთრი ზრდა იმის დამსახურებაცაა, რომ ბიტკოინის შესყიდვით ბოლო პერიოდში მსხვილი ინვესტორები და ფინანსური ინსტიტუტები უფრო აქტიურად ინტერესდებიან.

Visual Capitalist-მა, CoinGecko-ს მონაცემებზე დაყრდნობით, საჯაროდ დალისტული ის კომპანიები გამოავლინა, რომლებიც ყველაზე მეტ ბიტკოინს ფლობენ. სიას პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია MicroStrategy ლიდერობს, რომელიც IT და მონაცემთა ანალიტიკაზეა ფოკუსირებული. კომპანიამ უმსხვილეს კრიპტოვალუტაში ინვესტირება კორონავირუსის პანდემიის ადრეულ ეტაპებზე დაიწყო და ამჟამად 174,530 ბიტკოინს ფლობს, რომლის საერთო ღირებულება 12 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს.

CoinDesk-ის თანახმად, Tesla-მ, რომლის აღმასრულებელი დირექტორი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი, ილონ მასკია, 2021 წლის თებერვალში ბიტკოინში 1.5 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია ჩადო და დაახლოებით 43,000 ტოკენი დააგროვა. გარდა ამისა, ელექტრომობილების მწარმოებელმა განაცხადა, რომ Tesla-ს ავტომობილების საფასურის ბიტკოინით გადახდას დაუშვებდა, თუმცა მოგვიანებით ამ გადაწყვეტილებაზე უარი თქვა.

გავრცელებული ინფორმაციით, Tesla-მ ბიტკოინების დიდი ნაწილი 2021-2022 წლებში გაყიდა. CoinGecko-ს თანახმად, ის ამჟამად 10,500 ბიტკოინს ფლობს, რომელთა საერთო ღირებულება ამჟამად $730 მილიონს აღემატება.

$1 მილიარდზე მეტის ღირებულების ბიტკოინებს ამჟამად MicroStrategy-ის გარდა კიდევ ერთი კომპანია, Galaxy Digital-ი ფლობს. მას 17,518 ბიტკოინი აქვს, რომელთა საერთო ფასი $1.2 მილიარდს აჭარბებს.

აღსანიშნავია, რომ სიის პირველი ათეული მთლიანად ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის ქვეყნებში დაფუძნებული კომპანიებითაა დაკომპლექტებული. მათ შორის ტოპ-10-ში რვა წარმომადგენელია ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ორი კი კანადიდან.

საჯარო კომპანიები, რომლებიც ყველაზე მეტ ბიტკოინს ფლობენ:

1. MicroStrategy (აშშ)

ბიტკოინის რაოდენობა: 174,530 ($12,135,067,256)

2. Galaxy Digital (აშშ)

ბიტკოინის რაოდენობა: 17,518 ($1,218,026,174)

3. Marathon Digital (აშშ)

ბიტკოინის რაოდენობა: 13,716 ($953,673,194)

4. Tesla (აშშ)

ბიტკოინის რაოდენობა: 10,500 ($730,064,781)

5. Hut 8 (კანადა)

ბიტკოინის რაოდენობა: 9,366 ($651,217,784)

6. Coinbase (აშშ)

ბიტკოინის რაოდენობა: 9,181 ($638,354,738)

7. Block Inc. (აშშ)

ბიტკოინის რაოდენობა: 8,027 ($558,117,142)

8. Riot Platforms (აშშ)

ბიტკოინის რაოდენობა: 7,327 ($509,446,157)

9. Hive Blockchain (კანადა)

ბიტკოინის რაოდენობა: 2,596 ($180,499,826)

10. CleanSpark (აშშ)

ბიტკოინის რაოდენობა: 2,575 ($179,039,696)