რომელი ქვეყნის ტურისტები ხარჯავენ ყველაზე მეტს და მოგზაურობენ ყველაზე ხანგრძლივად საქართველოში

რომელი ქვეყნის ტურისტები ხარჯავენ ყველაზე მეტს და მოგზაურობენ ყველაზე ხანგრძლივად საქართველოში

2019 წლის II კვარტალში საქართველოში ჩამოსული საერთაშორისო ვიზიტორების ჯამური ღამისთევების რაოდენობა 7,363,925-ს შეადგენდა. მათ შორის, ყველაზე მეტი ღამისთევა (37.1%) სასტუმროში განხორციელდა, 18.7% მეგობრებისა და ნათესავების სახლში გაჩერდა. სხვა ტიპის განთავსების საშუალებები ვიზიტორებს შორის ნაკლებად პოპულარულია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის კვლევის მიხედვით, საქართველოში ვიზიტის საშუალო ხანგრძლივობა 3.9 ღამეს შეადგენს და ეს მაჩვენებელი განსხვავდება სხვადასხვა ქვეყნის რეზიდენტების მიხედვით. მეზობელი ქვეყნების რეზიდენტები საქართველოში შედარებით ხანმოკლე პერიოდით ჩერდებიან, რუსეთის რეზიდენტების გარდა, რომლებიც საქართველოში ხანგრძლივად, საშუალოდ 5 ღამით რჩებიან.

ქვეყნები, რომლის მოქალაქეების საქართველოში ვიზიტისას ყველაზე ხანგრძლივად რჩებიან:

• პოლონეთი – 10.4 ღამე
• საფრანგეთი – 10.3 ღამე
• ინდოეთი – 27.3 ღამე
• კანადა – 22.6 ღამე
• ავსტრალია – 8.4 ღამე
• ნიდერლანდები – 8.4 ღამე
• ჩეხეთი – 8.5 ღამე
• საბერძნეთი – 8.2 რამე
• ბელარუსი – 7.8 ღამე
• გერმანია – 8.7 ღამე
• ირანი – 10.9 ღამე
• უკრაინა – 9.8 ღამე
• ჩინეთი – 6.8 ღამე
• აშშ– 6.8 ღამე

კვლევისთვის ყველაზე ბევრი ვიზიტორი თურქეთიდან გამოიკითხა – 727. მათი საშუალო ღამისთევების რაოდენობა 1.7–ია. რუსეთიდან 652 ვიზიტორი გამოიკითხა და მათი საშუალო ღამისთევების რაოდენობა 5.4–ია, 328 პირი გამოიკითხა აზერბაიჯანიდან – 1.7 ღამისთევა საშუალოდ და 316 სომხეთიდან – 1 ღამისთევა საშუალოდ. დანარჩენი ქვეყნების შემთხვევაში გამოკითხული პირების რაოდენობა და შერჩევის დონე 100 პირზე ნაკლებია.

საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული დანახარჯების ჯამურმა მაჩვენებელმა საანგარიშო პერიოდში 2.4 მილიარდ ლარს მიაღწია, ხოლო ერთი ვიზიტისას გაწეულმა საშუალო დანახარჯმა 1,261.6 ლარი შეადგინა. დანახარჯების ყველაზე დიდი წილი განთავსების საშუალებებზე (მთლიანი ხარჯები 24.7%) და საკვებსა და სასმელზე (24.5%) დაფიქსირდა. ასევე მნიშვნელოვანი წილით იყო წარმოდგენილი რეკრეაციულ და კულტურულ აქტივობებზე დანახარჯები (23.4%), ხოლო შოპინგზე ვიზიტორებმა მთლიანი დანახარჯების მხოლოდ 18.6% გასწიეს.

რაც შეეხება ქვეყნებს, რომლის ტურისტებიც საქართველოში მოგზაურობისას ყველაზე მეტ თანხას ხარჯავენ, კვლევის მიხედვით პირველი ათეული შემდეგია:

• ავსტრალია – ვიზიტზე საშუალო ხარჯი: 5384 ლარი
• კანადა – 4390 ლარი
• საუდის არაბეთი – 5080 ლარი
• არაბთა გაერთიანებული საემიროები – 3187 ლარი
• ირანი – 3101 ლარი
• აშშ – 3010 ლარი
• კატარი – 3658 ლარი
• ქუვეითი – 3783 ლარი
• ნიდერლანდები – 2934 ლარი
• ლატვია – 2973 ლარი
• გაერთიანებული სამეფო – 2363 ლარი
• სლოვაკეთი – 2389 ლარი
• ფილიპინები – 2270 ლარი

საანგარიშო პერიოდში (2019 წლის II კვარტალი) თითო ვიზიტზე ყველაზე დაბალი დანახარჯი სომხეთის მოქალაქეებს ჰქონდათ – 416 ლარი ვიზიტზე; ასევე აზერბაიჯანის მოქალაქეებს – 629 ლარი ვიზიტზე და საბერძნეთის მოქალაქეებს – 609 ლარი ვიზიტზე.

საერთაშორისო მოგზაურობას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მსოფლიო ეკონომიკის განვითარებაში. მოგზაურობისა და ტურიზმის მსოფლიო საბჭოს (WTTC) მონაცემებით, 2018 წელს ამ დარგის პირდაპირმა კონტრიბუციამ მსოფლიოს მთლიან მშპ-ში 2.8 ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინა (3.2%) და ხელი შეუწყო 123 მილიონი სამუშაო ადგილის შექმნას. მისი პირდაპირი და გვერდითი ეფექტების მხედველობაში მიღების შემდეგ, აღნიშნული სექტორის წვლილი მსოფლიო ეკონომიკის განვითარებაში შემდეგია: მსოფლიოს მშპ-ს 10.4%, ერთი ადგილი ყოველი 10 სამუშაო ადგილიდან, 4.4% მთლიან განხორციელებულ ინვესტიციებსა და 6.5% მსოფლიოს მთლიან ექსპორტში.