სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის ოქტომბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.8%-ით გაიზარდა, თუმცა წლიურ ჭრილში – გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით – 0.8%-ით შემცირდა.
მიმდინარე წლის ოქტომბერში, გასულ თვესთან შედარებით, დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე ფასები 1.8%-ითაა გაზრდილი – აქედან აღსანიშნავია ზრდა ძირითად ლითონებზე – 6%-ით და ტანსაცმელზე – 24.6%-ით. გარდა ამისა, თვიურ ჭრილში, ფასების 4.2%-იანი ზრდა მივიღეთ ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, ხოლო სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერის დამუშავების ჯგუფის ფასები 0.5%-ითაა შემცირებული.
რაც შეეხება გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ცვლილებას, ამ მხრივ ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა შემდეგმა ჯგუფებმა იქონია: სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება – ფასები გაიზარდა 4.7%-ით, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე კი, წლიურ ჭრილში 0.9%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
12-თვიან პერიოდშივე შემცირებულია ფასები დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციისა და წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვისა და რეკულტივირების ჯგუფზე – შესაბამისად, 1.4%-ითა და 4.1%-ით.