თუ თავგადასავლებსა და ახალ გამოწვევებს ეძებთ, ეს ამბავი თქვენთვის იდეალური სიახლეა. იტალიაში, რომის მახლობლად მდებარე ლათიუმის რეგიონში სახლის შეძენას ერთ ევროდ მოახერხებთ.
ბუკოლიკური ქალაქი მაენცა პირველია ლათიუმის რეგიონში, რომელმაც მიმდინარე თვეში სახლების გაყიდვა დოლარზე მეტად დაიწყო.
ისტორიული ადგილი, დედაქალაქის სამხრეთით მდებარე ლეპინის ბორცვებზე მდებარეობს, სადაც ოდესღაც მწყემსები და სხვადასხვა ტომები ცხოვრობდნენ. სწორედ ამ რეგიონში გაიყიდება ათობით მიტოვებული ქვის სახლი, იმ იმედით, რომ ისტორიული ადგილი ახალ სიცოცხლეს შეიძენს.
ქალაქის მერი კლაუდიო სპერდუტის განცხადებით, ისინი იწყებენ ამბიციურ აღორძინების პროექტს, რომლის მიზანია მშვიდ ხეივანს ახალი სიცოცხლე შთაბეროს. მისი განცხადებით, ისინი შეეცდებიან ყველა დანგრეული გამოუყენებელი სახლის აღდგენას და ძველ და ახალ მფლობელებს შორის კავშირის გამარტივებას.
ქალაქი იმედოვნებს, პირველ ეტაპზე მოუძებნოს ახალი მფლობელი 100–მდე სახლს, რომელთაგან ზოგიერთი თავისი მდგომარეობის გამო უკვე საფრთხეს წარმოადგენს გამვლელებისათვის. 28 აგვისტოს რამდენიმე სახლზე განცხადების მიღება უკვე იხურება. ეს არის პირველი ეტაპი.
რა თქმა უნდა, ახალ მყიდველებს გარკვეული პირობების შესრულებაც მოუწევთ. ისინი ვინც მაენცაში სახლს შეიძენენ ვალდებულებას იღებენ, რომ სახლს მაქსიმუმ სამი წლის განმავლობაში განაახლებენ. ამასთან, მათ გარანტიის სახით ანგარიშზე 5,000 ევრო უნდა ჰქონდეთ, რომელსაც სამუშაოების დასრულების შემდეგ უკან დაუბრუნებენ. ასევე, უნდა წარმოადგინონ მარტივი გეგმა, თუ რას აპირებენ აღნიშნულ ტერიტორიაზე. იქნება ეს სახლი, მაღაზია, რესტორანი, ჰოსტელი თუ B&B.
ბინადრობის აღება სავალდებულო არ არის, მაგრამ ოჯახებმა წელიწადის უმეტესი დრო მაენცაში უნდა გაატარონ. იმ შემთხვევაში, თუ ერთ სახლზე რამდენიმე განმცხადებელი დარეგისტრირდება, უპირატესობა მათ მიენიჭებათ, ვინც მუდმივად ცხოვრებას აპირებს და განახლების ყველაზე ოპტიმალურ გეგმას წარადგენს.
„ჩვენ ნაბიჯ–ნაბიჯ მივდივართ წინ. თავდაპირველად სახლის მფლობელებს ვუკავშირდებით და შეთანხმების საფუძველზე ძველ სახლებს ჩვენ გადმოგვცემენ, ჩვენ კი ამ სახლებს საჯარო აუქციონზე ვათავსებთ, რათა ყველაფერი გამჭირვალე იყოს“ – ამბობს CNN–თან საუბრისას სპერდუტი.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მერიას დაუკავშირდნენ კონკრეტული ქონების მოთხოვნით. მერიის თანამშრომლები კი მათ ყველანაირ დახმარებას გაუწევენ.